სიახლეები

მარტის სიმბოლური ნაკრები

გაუზიარე

----------------------------------------------მოდებაძე------------------------------------------
-----------------------------------------------(დილა)--------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
გეწაძე---------------------------------კლიმიაშვილი-----------------------ქავთარაძე
(სამტრედია)--------------------------(ტორპედო)-----------------------(დინამო ბთ)
-------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------კვეკვესკირი----------------------პუკანიჩი-----------------------------
-----------------------(დილა)---------------------------(შუქურა)----------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
თოთაძე---------------თევზაძე--------------------ბ. მახარაძე------ტეტუნაშვილი
(დინამო თბ)------(კოლხეთი)------------------(დინამო ბთ)--------(დინამო ბთ)
--------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------შეყრილაძე-----------------------------------------------
-----------------------------------------(ტორპედო)-----------------------------------------------



მარტი, 2015 – ოქროს ფურცელი ბათუმის დინამოს ისტორიაში

მეორე წრის დაწყებამდე ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტებად თბილისის დინამო და გორის დილა ჩანდნენ. მაშინდელი მდგომარეობით, თუ ვინმეს შეეძლო მათ დავაში ჩარევა, ეს სამტრედია იყო, მაგრამ გავიდა დრო და ეს `მესამე~ ბათუმის დინამო აღმოჩნდა, რომელიც დღეს არათუ სამეულში შედის, სატურნირო ცხრილის სათავეშია მოქცეული.
წლეულს ჩატარებული ექვსი ოფიციალური მატჩიდან ზღვისპირულმა კლუბმა ექვსივე მოიგო და დინამო თბილისი ურთიერთშეხვედრაში მიღწეული გამარჯვებით ჩამოიტოვა. მარტის უმთავრესი მოვლენა სწორედ ბათუმელთა გალიდერებაა, თუმცა საინტერესო ფაქტები სხვაც მრავლად მოხდა.

საკვანძო მატჩები
გავიხსენოთ ის სამარტო შეხვედრები, რომლებმაც სატურნირო ცხრილზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.
ბათუმი-დილა (1:0): ბათუმელებმა გორელებს სეზონში მეორე მატჩიც მოუგეს და ამით დილას საქმე ძალიან გაურთულეს;
შუქურა-დინამო (0:1): ბოლო დროს მოღონიერებულ შუქურას თბილისელებმა მძიმე ბრძოლაში სძლიეს;
ცხინვალი-ბათუმი (0:1), კოლხეთი-დინამო (0:0): დინამომ ლანჩხუთში წაიფორხილა, ბათუმელებმა კი ცხინვალიც დაამარცხეს და სწორედ ამ ორმა მატჩმა განაპირობა ლიდერის შეცვლა.

როცა პროგნოზი ფუჭი საქმეა...
თბილისის და ბათუმის დინამოელებს 42-42 ქულა აქვთ, დილას – 41. იმის  `განჭვრეტა~, ვინ იქნება ჩემპიონი, უბრალოდ, შეუძლებელია. დონეზე რა გითხრათ და, დაძაბულობითა და არაპროგნოზირებადობით მიმდინარე ჩემპიონატი აშკარად გვანებივრებს. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ და ვისურვოთ, რომ საჩემპიონო ტახტზე ყველაზე ღირსეული ავიდეს.
ჩემპიონი რომ ამ სამეულის ბინადარი გახდება, ამაზე დავა უკვე აღარც ღირს.

ახალი ბომბარდირი
ჯაბა დვალი საქართველოდან ზამთარში წავიდა, მაგრამ განვლილ ტურამდე ბომბარდირთა დავას მაინც იგი ლიდერობდა. ასე გაგრძელდა მანამდე, სანამ მოედანს ტრავმირებული ირაკლი მოდებაძე არ დაუბრუნდა. დილას ფორვარდმა ჩიხურასთან მატჩში დუბლი შეასრულა, დვალს გაუტოლდა და საუკეთესო ბომბარდირობის უპირველეს პრეტენდენტად სწორედ ის უნდა მივიჩნიოთ.

ახალი მწვრთნელის ხელი
ბათუმის დინამო ბოლო დროს ბევრი ვაქეთ და სრულიად დამსახურებულადაც. ასეთი დაძაბულობით გამორჩეულ ჩემპიონატში ზედიზედ ექვსი შეხვედრის მოგება უბრალო ამბავი არ არის. მარტში სხვა კლუბების გამორჩევაც შეიძლება, უპირველესად, ტორპედოსი და შუქურასი.
ქუთაისურ და ქობულეთურ კლუბებს ის აერთიანებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მწვრთნელი ორივეს შეეცვალა. გიორგი დარასელიამ და გიორგი სანაიამ ეს ნდობა სრულად გაამართლეს. ტორპედო და შუქურა აღმავლობის გზას ადგანან და რომ არა არასტაბილურად ჩატარებული პირველი წრე, ევროსაგზურის მაძიებელთა შორისაც იქნებოდნენ.
ამართლებს კიდევ ერთი ახალი მწვრთნელიც. თენგიზ კობიაშვილის ხელმძღვანელობით ვიტ ჯორჯიამ გასულ ტურში ნანატრი გამარჯვება იზეიმა და რომ არა უიღბლობა, მანამდეც გაიმდიდრებდა სატურნირო მონაგარს. ვეტერინარები კვლავ ბოლო ადგილზე არიან, მაგრამ უმაღლეს ლიგაში დარჩენის იმედი ჯერ არ დაუკარგავთ.
თუკი ტორპედო პროგრესის გზას დაადგა, იგივეს ვერ ვიტყვით ორ სხვა იმერულ კლუბზე, რომლებმაც სეზონი დიდი ამბიციებით დაიწყეს. მოსალოდნელი იყო, რომ სამტრედია და ჩიხურა სეზონის მეორე ნახევრიდან უფრო სტაბილურად და შედეგიანად ათამაშდებოდნენ, მაგრამ მათი ქომაგების მოლოდინი ჯერჯერობით ისევ ამაოა.
იმერეთის კიდევ ერთ წარმომადგენელზე კი ახალი რა უნდა ვთქვათ – ზესტაფონი კვლავაც ყოფნა-არყოფნის მიჯნაზეა...

ინტრიგა ქვედა ეშელონში 
ნაკლები ბრძოლა არც ცხრილის ქვედა ნაწილშია მოსალოდნელი. როგორც უკვე ვთქვით, უმაღლესში დარჩენის შანსს ბოლოადგილოსანი ვიტ ჯორჯიაც კი ინარჩუნებს, დანარჩენ აუტსაიდერებს კი გადარჩენის ბევრად უკეთესი პერსპექტივა აქვთ. ცხრილის სიმჭიდროვიდან გამომდინარე, საფრთხის ქვეშ ჯერაც ბევრი უმაღლესლიგელია, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს ტურებში უინტრიგო ერთი მატჩიც კი არ იქნება.

საუკეთესო ფეხბურთელი
გიორგი ქავთარაძე (დინამო ბთ)
ბათუმის დინამო `ექვსთვიანი~ გუნდებისგან იმით გამოირჩევა, რომ წლებია, სტაბილურ შემადგენლობას ინარჩუნებს. ცხადია, ეს ტრანსფერებს არ გამორიცხავს და კლუბის მენეჯმენტი ამ მხრივაც სწორი გზით მიდის. გიორგი ქავთარაძე ზამთრის პერიოდში ბათუმელთა ერთადერთი შენაძენი იყო და კლუბის მესვეურებმა და სამწვრთნელო შტაბმა აქაც `ათიანში~ მოარტყეს – რუსთავის მეტალურგიდან დამატებული მარჯვენა ნახევარმცველი უმალ იქცა ზღვისპირელთა ერთ-ერთ ლიდერად. მერანისა და ვიტ ჯორჯიას კარში გატანილი გოლების გარდა, მან თავი ეფექტური თამაშითა და საგოლე გადაცემებითაც გამოიჩინა.

საუკეთესო მწვრთნელი
შოთა ჭეიშვილი (დინამო ბთ)
ამ ნომინაციაში საუკეთესო, რაღა თქმა უნდა, უდანაკარგო ბათუმის დინამოს სამწვრთნელო შტაბია. შოთა ჭეიშვილის, ასლან ბალაძისა და ლევან ხომერიკის მუშაობის შედეგი სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ. ამას გარდა, ბათუმის დინამო ერთპიროვნულად ლიდერობს მარტის წარმოსახვით ცხრილს.


მარტის ვირტუალური ცხრილი

1. დინამო ბთ 4 4 0 0 6-2 12
2. ტორპედო 4 3 1 0 7-2 10
3. დინამო თბ 4 3 1 0 6-2 10
4. შუქურა 4 3 0 1 8-3 9
5. დილა 4 2 1 1 6-2 7
6. გურია 4 2 1 1 2-1 7
7. სამტრედია 4 2 0 2 8-6 6
8. ცხინვალი 4 2 0 2 3-4 6
9. ჩიხურა 4 1 1 2 6-5 4
10. კოლხეთი 4 1 1 2 3-6 4
11. მერანი 4 1 1 2 3-6 4
12. ვიტ ჯორჯია 4 1 0 3 3-4 3
13. ზესტაფონი 4 1 0 3 7-11 3
14. სიონი 4 1 0 3 6-11 3
15. ზუგდიდი 4 1 0 3 3-8 3
16. მეტალურგი 4 0 1 3 1-5 1


სატურნირო მდგომარეობა 21 ტურის შემდეგ

1. დინამო ბთ 21 13 3 5 27-16 42
2. დინამო თბ 21 13 3 5 34-17 42
3. დილა 21 12 5 4 31-16 41
4. სამტრედია 21 10 4 7 26-18 34
5. ცხინვალი 21 10 3 8 20-26 33
6. შუქურა 21 8 6 7 24-21 30
7. ჩიხურა 21 8 6 7 27-24 30
8. გურია 21 7 8 6 19-26 29
9. ტორპედო 21 6 9 6 25-22 27
10. მერანი 21 6 7 8 16-20 25
11. მეტალურგი 21 6 6 9 20-23 24
12. ზესტაფონი 21 5 8 8 38-36 23
13. კოლხეთი 21 5 7 9 16-25 22
14. ზუგდიდი 21 5 6 10 13-25 21
15. სიონი 21 5 5 11 20-33 20
16. ვიტ ჯორჯია 21 4 4 13 19-27 16

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 10
დვალი (ზესტაფონი) 10
დ. სიჭინავა (სიონი) 8
კვერნაძე (ტორპედო) 8
პაპუნაშვილი (დინამო თბ)7
საბანაძე (ტორპედო) 7
კვეკვესკირი (დილა) 7
მუმლაძე (ჩიხურა) 7


ლევან ჯანეზაშვილი