სიახლეები

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გაუზიარე

თამაშის შემდეგ ორივე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ. მალტელთა თავკაცი პიეტრო გედინის მიმართ, ბუნებრივია, ინტერესი ნაკლები იყო. სამაგიეროდ, კახა ცხადაძემ ამომწურავად უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.

პიეტრო გედინი: ძალიან რთული თამაში იყო. ორივე ნაკრები კარგად თამაშობდა. შედეგი კი რეალურად არ ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს.

რას დააბრალებთ მარცხს?

დღეს საქართველოს ნაკრებს უფრო დიდი არჩევანი ჰყავს 22-23 მოთამაშის სახით, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდაა და მათ კარგი მომავალი აქვთ. წაგების მთავარი მიზეზი კი უიღბლობაა, რადგან ცუდად არ გვითამაშია და მატჩის ბედი მხოლოდ მატჩის მიწურულს გადაწყდა.

კახა ცხადაძე: პირველ რიგში მადლობა ფეხბურთელებს, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მოგვეგო. თავიდანვე ვიცოდით, რომ ძნელი შეხვედრა იქნებოდა. მალტელთა ბოლო ორი მატჩი ვნახეთ, რომლებიც იტალიის და ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარეს და მათი თამაშის მანერა შევისწავლეთ. ძალიან ძნელია, როდესაც მეტოქე მთელი შემადგენლობით დაცვაზე ფიქრობს, მაგრამ პირველი გოლი ადრე რომ გაგვეტანა, მოგება შედარებით გაგვიადვილდებოდა. თუმცა, მთლიანობაში დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ამ ნაკრებს ნამდვილად აქვს უფრო მეტის პოტენციალი და მჯერა, აუცილებლად მოვუმატებთ.

გერმანიასთანაც ანალოგიური სქემით ვითამაშებთ? ხომ არ უნდა ველოდოთ კარგი გაგებით, ტაქტიკურ ავანტიურას?

გერმანიის თამაშს კიდევ კარგად გავაანალიზებთ და აქედან გამომდინარე დავგეგმავთ ყველაფერს. სხვათა შორის, ბოლო ორ შეხვედრაში გერმანელებმაც შეცვალეს ტაქტიკა.

კაშია პირველ ტაიმში მარცხნივ თამაშობდა, შემდეგ მარჯვნივ გადაიყვანეთ.

ჩვენ რამდენჯერმე შევცვალეთ სქემა თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, რადგან გამარჯვება ძალიან გვინდოდა და ვცდილობდით ტაქტიკის ვარიაციას.

კობახიძეც მისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშობდა და რამდენად კმაყოფილი ხართ მისი თამაშით? ერთიც, გოლის გატანა ადრე რომ ვერ შეძელით, იმის ბრალი ხომ არ არის ნაკრებმა თამაშამდე მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიში რომ ჩაატარა?

მართალია, თამაშამდე ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ სასიხარულოა, რომ ფეხბურთელები  ბევრ რამეს სწორად აკეთებდნენ. ძალიან კარგია ემოციები რომ ჰქონდათ, მაგრამ ეს ემოცია ქაოსში არ უნდა გადაიზარდოს. როდესაც გულშემატკივარი გოლს ითხოვდა, ფეხბურთელები ემოციებს არ აყვნენ და დასახული სათამაშო ტაქტიკა ბოლომდე შეინარჩუნეს, რაც, რა თქმა უნდა, კარგია. რაც შეეხება კობახიძეს, მას ვამზადებდით, მარცხენა ფლანგისთვის, მაგრამ მარჯვენა მცველი ლობჟანიძე უფრო დაცვაზეა ორიენტირებული და ამიტომ გადავწყვიტეთ კობახიძის მარჯვნივ გადმოყვანა, ხოლო მარცხნივ ნავალოვსკი დავაყენეთ. აქვე მინდა მივულოცო დებიუტი ნაკრებში ნავალოვსკის, მახარაძეს და ყენიას კი, დაბრუნება.

ყენიას ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრებთ?

მინდა ხაზგასმით, ცალსახად და გასაგებად ვთქვა: ნაკრებში ვისაც გამოვიძახებ, ყველა ძირითადის ფეხბურთელია, უბრალოდ თავიდან თერთმეტი მოთამაშე დაიწყებს, ვიღაც შეცვლაზე შევა, რამდენიმეს კი იმ კონკრეტულ შეხვედრაში თამაში არ მოუწევს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ნაკრებში გამოძახებული თითოელი ფეხბურთელი ძირითადის მოთამაშედ მიმაჩნია. 

სასიამოვნო იყო ნაკრები მეტოქის ნახევარზე რომ ახორციელებდა პრესინგს.

ეს საკმაოდ კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს და თუ დააკვირდით, ძირითად შემადგენლობაში ის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აკლიათ. გერმანიას საკმაოდ კარგად ამოაქვს ბურთი საკუთარი საჯარიმოდან და ამიტომ, კარგად მოსაფიქრებელია თუ მათთან მოედნის რა მონაკვეთზე აჯობებს პრესინგი.

დღეს გამოყენებული ორი ტაქტიკიდან, რამდენად რეალურია, რომ ერთ-ერთი გერმანიასთან გამოიყენოთ?

დღეს გამოყენებული ამ ორი სათამაშო ტაქტიკური სქემიდან, გერმანიასთან ერთ-ერთით ვითამაშებთ.

თამაშის მიმდინარეობისას, მახარაძე დაცვაში დასწიეთ.

როგორც ვთქვი ჩვენ შედეგზე ვითამაშეთ და ეს გადაადგილებაც ამიტომ გავაკეთეთ. მართალია, მახარაძემ დაცვაში კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ მას ამ ადგილას არ მოვიაზრებთ, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან სწრაფი არ არის.

ადრე განაცხადეთ, რომ ფეხბურთელებს რწმენა ჰქონდათ დაკარგული და ამის გამოსასწორებლად, მათთან საუბრები იყო საჭირო. ახლა რა განწყობაა ნაკრებში?

იმედია, კარგი, ჯანსაღი განწყობა აქვთ. საქართველოში თამაში ყოველთვის რთულია, რადგან აქ გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმალურად მომთხოვნია.

ანანიძეს თამაში გერმანიასთანაც გამორიცხულია?

ჯანოს მალტასთანაც ძალიან სურდა თამაში და ამის გამო, ბევრი ინერვიულა. ველაპარაკე და დავამშვიდე. მას საზარდული პრობლემა აქვს და მე ფეხბურთელის ჯანმრთელობას ნამდვილად ვერ გავრისკავ.

პაატა ძნელაძე