სიახლეები

ახალი გუნდის კარგი სტარტი

გაუზიარე

ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა უკრაინელთა წინააღმდეგ ბელეკის სტადიონზე ჩაატარა. საინტერესოა, რომ შეხვედრას თურქულ შეკრებაზე მყოფი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებიც სრული შემადგენლობით დაესწრო. უკრაინელთა წინააღმდეგ ალექსანდრე ჩივაძემ მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: 

გოშაძე, კაკაბაძე, გადრანი, სანდოხაძე, უბილავა, გოგინაშვილი, აბურჯანია, ცინცაძე, კიკაბიძე, ლობჟანიძე, კაჭარავა. სათადარიგოთა შორის იყვნენ: თებიძე, ენდელაძე, ცნობილაძე, გურეშიძე, გოროზია, პაპუნაშვილი, ომანიძე, დარციმელია და გავაშელიშვილი. 

უკრაინელებთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრას ინტერესს ერთბაშად რამდენიმე ფაქტორი მატებდა. მთავარი, ცხადია, ის გახლდათ, თუ როგორ წარმოაჩენდა თავს საქართველოს 21 წლამდელთა ახალი ნაკრები, რადგან გუნდის შენება ფაქტობრივად ახლიდან დაიწყო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ფეხბურთელებმა მატჩამდე ერთად, მხოლოდ ორჯერ ივარჯიშეს და შეთამაშებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. ერთი სიტყვით, სადებიუტო მატჩის ბევრი სიართულეც ერთო და მეტოქეც საკმაოდ სოლიდური გვყვავდა, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის ეს ასაკობრივი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეა, რომელიც ამ ზაფხულს ახალ ზელანდიაში გაიმართება. 

თამაშის პირველი წუთები თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, თუმცა მატჩის დებიუტი წარმატებული უფრო საქართველოს ნაკრებითვის გამოდგა. მე-6 წუთზე ლობჟანიძემ გამოზომილი დარტყმით ბურთი უკრაინელთა კარში გადაგზავნა და ანგარიში გახსნა. ორიოდე წუთში მეტოქემ სახიფათო იერიში განახორციელა და საგოლე მომენტიც შექმნა, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმულ, საკმაოდ რთულად მოსაგერიებელ ბურთს გოშაძე დამაჯერებლად დაეუფლა. 24-ე წუთზე ლობჟანიძემ უკრაინელთა მცველისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და მეტოქის კარში ბურთი, გამოზომილი, თაური დარტყმით გადაგზავნა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა. ტაიმის შეაწელისთვის ჩვენი გუნდი უკვე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. 43-ე წუთზე უკრააინელებს კარის აღების რეალური შესაძლებლობა მიეცათ, მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩენილი უკრაინელი თავდასხმელის მიერ დარტყმული გოშაძემ მოიგერია. ტაიმის ბოლოს ჩივაძის ფებურთელებს კიდევ ერთი ბურთის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ცინცაძის დარტყმული უკრაინელთა კარს მცირე მანძილით აცდა. 

მატჩის მეორე ნახევარი მეტოქის შეტევებით დაიწყო. მარცხენა ფლანგიდან მათ ზედიზედ ორი იერიში განახორციელეს, თუმცა უშედეგოდ. 50-ე წუთზე ალექსანდრე ჩივაძემ ერთბაშად სამი ფეხბურთელი შეცვალა. უბილავას ნაცვლად ენდელაძე, გოგინაშვილის ნაცვლად პაპუნაშვილი და კიკაბიძის ნაცვლად გოროზია შემოვიდნენ. იმავე წუთზე ნაკრების მთავარ მწვრთნელს იძულებითი ცვლილების განხორციელებაც მოუხდა და მინდორზე ტრავმირებული სანდოხაძის ადგილი ცნობილაძემ დაიკავა. ორიოდე წურთში მოედანი კაჭარავამაც დატოვა, რომელიც დარციმელიამ შეცვალა. 56-ზე ლობჟანიძეს ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ ჰეთ-თრიქის შესრულება შეეძლო. რამდენიმე ფეხბურთელს გვერდი ლამაზად აუარა, თუმცა მის დარტყმულს მეკარე დაეუფლა. დარტყმის მომენტში კი ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ლობჟანიძე გავაშელიშვილმა შეცვალა. 73-ე წუთზე კაკაბაძემ მეტოქის გარღვევა თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა და გოშაძის კართან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, რომელიც უკრაინელებმა კარგად გამოიყენეს და ანგარიში შეამცირეს. მთლიანობაში მატჩის მეორე ტაიმში ქართველები ოდნავ მოეშვნენ და გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქეს გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა ამჯერად ბურთი ძელს მოხვდა და ანგარიშიც უცვლელი დარჩა. 

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკრაინელებთან შეხვედრაში, თამაშის საშუალება თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა. ჯერ გურეშიძე შევიდა გადრანის ნაცვლად, მერე კი ომანიძე, ცინცაძის მაგივრად, რომელსაც მინდვრის დატოვება ასევე ტრავმის გამო მოუწია. მიუხედავად რამდენიმე შეცდომისა, მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ძლიერ მეტოქესტან გამარჯვება დამსახურებული მოიპოვა. ჩივაძის გუნდი კიდევ ერთ ტესტ-მატჩს უკრაინელებთან 27 მარტს ჩაატარებს, მეორე დღეს კი საქართველოში დაბრუნდება. 

ლაშა დვალიშვილი
სპეციალურად ,,ჩვენი თამაშისთვის” თურქეთიდან