სიახლეები

შედეგმა არ მოგვატყუოს თბილისში უთუოდ სხვა გერმანიას ვნახავთ

გაუზიარე

გერმანია-ავსტრალია 2:2
25 მარტი. კაიზერსლაუტერნი. "ფირტც-ვალტერ-შტადიონი". 46 000 მაყურებელი
1:0 როისი (17), 1:1 ტროისი (40), 1:2 ჟედინაკი (50), 2:2 პოდოლსკი (81)
გერმანია: ცილერი, ბელარაბი (შურლე 64), მუსტაფი, ჰიოვედესი, ბადშტუბერი (რუდი 46), ექტორი, გიუნდოგანი, ხედირა (კრამერი 63), იოზილი, როისი (პოდოლსკი 73), გიოტცე (კრუზე 73)
სათადარიგოები: ვაიდენფელერი, ბოატენგი, ჰუმელსი, შვაინშტაიგერი, კროოსი, მიულერი
მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი
ავსტრალია: რაიანი, უილკინსონი (რაიტი 78), დევერი, ფრანიჩი, დევიდსონი, მილიგანი (მუი 69), ჟედინაკი, მაკკეი (ბოზანიჩი 77), ლეკი, ტროისი (იურიჩი 87), ბარნსი (ოარი 61)
სათადარიგოები: ფედერიჩი, ბეიჩი, იკონომიდისი, ელრიხი
მწვრთნელი: ანგელოს პოსტეცოღლუ
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

იოაჰიმ ლიოვმა ავსტრალიასთან ჩატარებულ სპარინგში ექსპერიმენტული შემადგენლობა გაამწესა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელი სასტარტო თერთმეტეულიდან თბილისურ მატჩს მხოლოდ რამდენიმე კაცი დაიწყებს. ხუთი კაცი, რომელიც საქართველოსთან შეხვედრაში 99 პროცენტით ძირითადში მოხვდება, სკამზე იჯდა - ბოატენგი, ჰუმელსი, შვაინშტაიგერი, კროოსი, მიულერი. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის პირველი ნომერი მანუელ ნოიერი კი ამ მატჩის განაცხადში საერთოდ არ შეუყვანიათ და მის ნაცვლად, გერმანელთა კარი ჰანოვერის კიპერმა რონ-რობერტ ცილერმა დაიცვა.
კაიზერსლაუტერნის `ფრიტც-ვალტერ-შტადიონი~ გერმანელთა ფანებმა პირთამდე შეავსეს, თუმცა იოაჰიმ ლიოვის გუნდის შესრულებით დიდი ვერაფერი ფეხბურთი იხილეს. ცხადია, ავსტრალიელებს ფრის მოპოვება მასპინძელთა შესუსტებულმა შემადგენლობამ გაუიოლა, მაგრამ ამით ანგელოს პოსტეცოღლუს გუნდის დამსახურება არ კნინდება – მსოფლიოს ჩემპიონთან მისსავე მოედანზე მიღწეული ფრით თითქმის ყველა ნაკრები იამაყებდა.
ბუნდესგუნდს ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ ჰოლგერ ბადშტუბერი და ილქაი გიუნდოგანი დაუბრუნდნენ. მათ მსგავსად, სასტარტო შემადგენლობაში იყო მარკო როისი, რომელსაც ტრავმამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დააკარგვინა.
გერმანია სწორედ მან დააწინაურა, როცა კაპიტნის სამკლავურით მოთამაშე სამი ხედირას გამჭოლ გადაცემას ჩაუწვა. 
მასპინძლებს წუნი მრავლად ჰქონდათ, განსაკუთრებით კი დაცვის ცენტრში. სწორედ ამ ზონის ჩავარდნით ისარგებლა ჯეიმს ტროისიმ, რომელმაც ტაიმის ბოლოს ნათან ბარნსის ჩაწოდება ზუსტი თავურით დააგვირგვინა – 1:1.
50-ე წუთზე ავსტრალია მილე ჟედინაკის მიერ საუცხოოდ შესრულებული საჯარიმოთი დაწინაურდა, რასაც გერმანელთა რიგებში ცვლილებათა კასკადი მოჰყვა. ამან ლიოვის გუნდზე სასიკეთოდ იმოქმედა.
გამათანაბრებელი გოლი სწორედ შეცვლაზე შესულებმა შექმნეს. ანდრე შურლემ ლუკაშ პოდოლსკის უპასა და უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ვეტერანმა ფორვარდმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ვერ ვიტყვით, რომ გერმანია გამარჯვებას იმსახურებდა ან მეტოქის საჯარიმო აატალახა. მასპინძლებმა სტუმრებს ბურთის ფლობაში სულ მცირედით აჯობეს, კარის ჩარჩოში კი სულ შვიდჯერ დაარტყეს, თუმცა გოლების გარდა, რეალური მომენტი, ფაქტობრივად, არ შეუქმნიათ. მაგრამ...ამ ტესტ-მატჩის შედეგი ნუ მოგვატყუებს – კვირას თბილისში უთუოდ სხვა გერმანელებს და სხვა გერმანიას ვნახავთ.

ლევან ჯანეზაშვილი