სიახლეები

დერბი ბერამ მოიგო

გაუზიარე
შოტლანდია 1:0 ჩრდილოეთ ირლანდია
1:0 ბერა (85)
შოტლანდია: გორდონი (მაკგრეგორი 46), უაიტეკერი (რასელი 78), მარტინი (ბერა 46), გრირი, ფორსაითი, მაკართური (მორისონი 63), დ. ფლეტჩერი, რიტჩი, მელონი (ნეისმითი 46), ანია, ს. ფლეტჩერი (როუდსი 63)
მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი
ჩრდ. ირლანდია: მაკგოვერნი, მაკნაირი, ჰიუზი, ევანსი (მაკკალოხი 81), ლაფერტი, ნორვუდი (მაკლაფლინი 69), ბაირდი (ჰოდსონი 58), მაგენისი (მაკკი 75), რივსი (დევისი 69), დალასი, გრიგი (მაკკურტი 58)
მწვრთნელი: მარტინ ო'ნილი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
52 500 მაყურებელი

გუშინ ამხანაგურად წაიბურთავა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა თანაჯგუფელმა შოტლანდიამაც - მარტინ ო'ნილის შეგირდებმა გლაზგოს "ჰემპდენ პარკზე" მცირე ბრიტანულ დერბიში ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 დაამარცხეს.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი შეხვედრის მანძილზე სქოთები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულსღა შეაგდეს, შეცვლაზე შესულმა კრისტოფ ბერამ მეტ რიტჩის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ კუთხურს დასწრებაზე თავური შეაგება და მეკარე მაიკლ მაკგოვერნი უსაქმოდ დატოვა.
მთლიანობაში, რომ არა ჩრდილოირლანდიელთა მეკარე, მასპინძლები დიდი ანგარიშითაც შეძლებდნენ მოგებას, მაკგოვერნის კარის ჩარჩოში შოტლანდიელებმა ცხრაჯერ დაარტყეს და სტუმართა მეკარემ რვა ბრწყინვალე სეივი გააკეთა.
სტრაჩანმა გუშინ ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა, რადგან გუნდის ლიდერები - სკოტ ბრაუნი, ალან ჰატონი, ენდრიუ რობერტსონი და ბარი ბანანი - სათადარიგოთა სკამიდან არც წამოუყენებია. სამაგიეროდ, ვინც იყვნენ მოედანზე, იმათ ნამდვილად არ დაუზოგავთ არც თავი და არც ფეხები - აკი გითხარით, "მამაც გულებს" იმდენად უნდოდათ მოგება, ბოლოს მაინც გატეხეს დაცვაში ჩამდგარი სტუმრები.
ახლა შოტლანდიას წინ ევროშესარჩევის შეხვედრა ელის, 29 მარტს თუ ჩვენ გერმანიას ვეთამაშებით, ო'ნილის ბიჭები ჯგუფის მაჩანჩალა გიბრალტარს დაუხვდებიან და დაგეგმილ 3 ქულასაც უპრობლემოდ აიღებენ, საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ რამდენ ბურთს გაუტანენ სქოთები გიბრალტარელებს.

გიორგი ვაშაკიძე