სიახლეები

გია გეგუჩაძის სემინარი საბურთალოში

გაუზიარე

გია გეგუჩაძემ საფეხბურთო კლუბ საბურთალოში სამწვრთნელო სემინარი ჩაატარა. მწვრთნელი, რომელიც წარმატებით მუშაობდა თბილისის დინამოში, ზესტაფონსა და ქუთაისის ტორპედოში, ჯერჯერობით უგუნდოდაა. არადა, რომელ უმაღლესლიგელ კლუბს არ გამოადგებოდა მისი დარი მწვრთნელი? 

გეგუჩაძემ თავად გვითხრა, რომ საფეხბურთო ლიტერატურას ეცნობა, ახალ-ახალ საფეხბურთო ტენდენციებს აკვირდება და ამდენად, უმუშევრად არ გრძნობს თავს. საბურთალოში იგი გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელებს (არა მხოლოდ ძირითადი გუნდის, არამედ ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებისა) ესაუბრა, იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, შეკითხვები, სათამაშო ეპიზოდების, ტაქტიკური განლაგებების, ტექნიკური მხარეების, პოზიციური თამაშის განხილვები. 

"მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს იმისთვის, რომ საინტერესო შეხვედრისა და მსჯელობის საშუალება მოგვცა. ორივე მხარისთვის საინტერესო იქნება მსგავსი ტიპის კომუნიკაცია. ჩემი შვილები საბურთალოში დადიან ფეხბურთზე, ვესწრები მათ თამაშებსა და ვარჯიშებს, თვალს ვადევნებ სხვა ასაკობრივი გუნდების მატჩებსაც, ასევე პირველი ლიგის თამაშებსაც. რაც ვნახე, მე და საბურთალოს მწვრთნელებს ფეხბურთზე ერთნაირი შეხედულება გვაქვს" – თქვა გეგუჩაძემ.

ილია ნანობაშვილი