სიახლეები

ეროვნული მალტისთვის მოითელა

გაუზიარე

გუშინ "მიხეილ მესხზე" საქართველოსა და მალტის ნაკრებებმა მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში ჩაატარეს. პირველებმა სტუმრებმა ივარჯიშეს, ნაკრების თავკაცის პიეტრო გედინის გადაწყვეტილებით, წვრთნის 40 წუთით ღია იყო. ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით 20 წუთი, ფეხბურთელები ბურთის კენწვლით ირთობდნენ თავს, შემდეგ იყო მოთელვა და როდესაც ორკარას დაწყებას აპირებდნენ, ვარჯიშის ყურებისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა და მედიასაც ტრიბუნების დატოვებამ მოუწია.

საქართველოს ნაკრების ავტობუსი კი დაახლოებით 19:30-ზე მოვიდა სტადიონზე და ვიდრე გუნდი სავარჯიშოდ გავიდოდა, ეროვნულ გუნდში დაბრუნებულმა ლევან ყენიამ და გურამ კაშიამ კომენტარები გააკეთეს.

გურამ კაშია: "ვარჯიშებზე დიდი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ტაქტიკურ მონახაზს. ჩანს, რომ ახლა ადრინდელისგან განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშებთ. გერმანიასთან ურთულესი შეხვედრა რომ გველის, ფაქტია, მაგრამ ამ თამაშზე სრულად მალტასთან მატჩის შემდეგ გადავერთვებით." 

ლევან ყენია: "მოხარული ვარ, ნაკრებში რომ დავბრუნდი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოედანზე დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები. მნიშვნელოვანი თამაშები გველის და იმედია, გულშემატკივრებს გავახარებთ. გერმანიის ნაკრების ამ შემადგენლობიდან სამი ფეხბურთელი ჩემი თანაგუნდელი იყო. ასე რომ, მათ შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ."    

ეროვნული გუნდის ვარჯიშმა საათი და ათი წუთი გასტანა. მოთელვის და გახურების შემდეგ "კვადრატი" გაჩაღდა. სამწუხაროდ, მალევე მოუწია ვარჯიშის შეწყვეტა ჯანო ანანიძეს, რომელსაც მიკროტრავმა აწუხებს და გუშინწინ საერთოდ არ უვარჯიშია. გუშინ კი, როგორც ჩანს, ნაკრების ხელმძღვანელობამ არ გარისკა და ჯანოსაც მალევე მიეცა დასვენების საშუალება.

ტრიბუნაზე საინტერესო სახეებსაც მოვკარით თვალი. გუშინდელ ვარჯიშს ყურადღებით აკვირდებოდა ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, რომელიც ქასიმფაშადან წამოსვლის შემდეგ ჯერჯერობით ისვენებს.

კახა ცხადაძემ ნაკრები ორად გაყო და ორკარას დროც დადგა. პირობითად პირველი გუნდი ასეთი შემადგენლობით იყო. რევიშვილი - ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, კობახიძე - კანკავა, მახარაძე - ჭანტურია, ყენია, ოქრიაშვილი _ მჭედლიძე.

მეორე შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა: ლორია _ კვირკველია, დვალი, კაკუბავა, ნავალოვსკი _ ძალამიძე, დაუშვილი, ყაზაიშვილი, თოთაძე _ ვაწაძე, ცხადაძე.

ორკარას დროს საკმაოდ საინტერესო თამაში გაჩაღდა. იგრძნობოდა, რომ ფეხბურთელები უხეშობას ერიდებოდნენ და ერთმანეთის ფეხებს უფრთხილდებოდნენ. თუმცა ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია, საკმაოდ ცოცხალი თამაში რომ გაჩაღებულიყო. ლევან ყენიას საჯარიმო დარტყმით გატანილი ულამაზესი გოლი კი მართლაც აღნიშვნის ღირსია. გუშინ დაბადების დღე ჰქონდა იტალიური ემპოლის ფორვარდ ლევან მჭედლიძეს, რომელმაც სერია ა-ს ბოლო ტურში სასუოლოს კარში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ვიმედოვნებთ, ლევანი არც დღეს დატოვებს მოედანს უგოლოდ.  

ორკარას შემდეგ ფლანგებიდან საჯარიმოში ჩაწოდებების დროც დადგა. ნაკრების თავკაცი საკმაოდ ენერგიულად იყო ჩართული სავარჯიშო პროცესში და დროდადრო საქებარი შეძახილებით ამხნევებდა ფეხბურთელებს.

ვარჯიში  დიდხანს არ გაგრძელებულა. გუნდმა "ბასაზე" გუშინ დილითაც ივარჯიშა და როგორც ჩანს, ცხადაძე მოერიდა მატჩისწინა საღამოს მოთამაშეების ზედმეტად დატვირთვას. ვარჯიში დასრულდა და ნაკრებმა სტადიონის ტერიტორია დატოვა. 

დღეს საქართველოს ნაკრებში ახალი პერიოდი იწყება, ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი, გულშემატკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი კახა ცხადაძე პირველად გაუძღვება ნაკრებს მთავარი მწვრთნელის რანგში და იმედი გვაქვს, რომ ქომაგები `მიხეილ მესხს~ შეავსებენ. ცხადაძეს და ნაკრებს ამ დღეებში ნამდვილად სჭირდებათ დიდი მხარდაჭერა.

პაატა ძნელაძე