სიახლეები

პიეტრო გედინი: შედეგი? უშანსოდ ნამდვილად არ ვართ

გაუზიარე

სანამ გუნდს "მიხეილ მესხზე" ავარჯიშებდა, მალტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიეტრო გედინი ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე შეგვხვდა. ვერ გეტყვით მიზეზს, მაგრამ შემოსვლისთანავე გედინმა ქართველ მედიელთა დანახვაზე გაიკვირვა - რამდენი ყოფილხართ?
სალამ-ქალამის მერე სტუმარმა მოიბოდიშა, გუნდი უკვე მოედანზეა და ეგებ, ხუთიოდე წუთით ვისაუბროთო. პიეტრო გედინის პრესკონფერენცია, ფაქტობრივად, ხუთი წუთიც არ გაგრძელებულა...

დიდ ხანს ვიმგზავრეთ და ცოტა დაღლილები ვართ, იმედია, ხვალისთვის უკეთ ვიქნებით. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ვიტყვი, რომ საქართველო ძლიერი მეტოქეა, შესწავლილი და გაანალიზებული მაქვს თქვენი გუნდის თამაში. მართალია, ჩემი გუნდის ფიზიკური კონდიციები ახლა ვერ არის სათანადო დონეზე, მაგრამ ვეცდებით, ხვალ კარგად ვითამაშოთ და ვნახოთ, რა გამოგვივა.

შედეგზე ითამაშებთ?

ოთხი ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ ჩამოვიყვანეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უშანსოდ ვართ. ცხადია, დადებითი შედეგი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ისევე, როგორც საქართველოსთვის, რადგან ორივე გუნდს თვის ბოლოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გველის, თქვენ გერმანიასთან, ჩვენ _ აზერბაიჯანთან. ხვალინდელი თამაში ჩვენთვის კარგი ტესტი იქნება. მინდა, ჩემებმა აზერბაიჯანამდე მოუმატონ.

საქართველოს ნაკრებიდან თუ გამოარჩევთ ვინმეს?

ემპოლის ლევან მჭედლიძეს, რომელიც სახიფათო ფორვარდია. მან იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში სასუოლოს გაუტანა, ვუყურე ამ მატჩს და მიმაჩნია, რომ კარგ ფორმაშია. ზოგადად, საქართველოს ნაკრების ბევრი თამაში ვნახე და ვიტყვი, რომ კომპაქტური გუნდია - გიბრალტართან თქვენებმა ძალიან კარგად ითამაშეს, აი, პოლონეთთან კი შედეგმა ნამდვილად გამაკვირვა, 0:4 მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებში ბევრი პოზიტიური მომენტი დავინახე. მოკლედ, საქართველო ჩვენზე ძლიერი გუნდია და ხვალ კარგ თამაშს ველი. რა თქმა უნდა, ჩემების იმედიც მაქვს. 

მალტის ნაკრების შემადგენლობა: 

მეკარეები: ჯასტინ ჰაბერი (ბირკირკარა), ჰენრი ბონელო (ჰიბერნიანსი), ენდრიუ ჰოგი (კალონი, საბერძნეთი);

მცველები:
ანდრე აგიუსი (ჰიბერნიანსი), სტივ ბეცინა (ბალზანი), სტივ ბორგი (ვალეტა), ჯონათან კარუანა (ვალეტა), რაიან კამენზული (ბირკირკარა), რაიან კამილერი (ვალეტა), იურგენ პიზანი (პიეტა), ზაკ მუსკატი (ბირკირკარა);

ნახევარმცველები:
კონორ ბორგი (ფლორიანა), როდერიკ ბრიფა (ვალეტა), პოლ ფენეკი (ბირკირკარა), რაიან ფენეკი (ვალეტა), ბიორნ კრისტენსენი (ჰიბერნიანსი), როუენ მუსკატი (ბირკირკარა), სტივ პიზანი (ფლორიანა), მარკ შკერი (შლიემა);

თავდამსხმელები:
ენდრიუ კოენი (ჰიბერნიანსი), ალფრედ ეფიონგი (ქორმი), ჟან-პოლ ფარუჯა (ჰიბერნიანსი), ანდრე შკემბრი (ომონია, კვიპროსი)

გიორგი ვაშაკიძე