სიახლეები

შარი მოლდოვაში, ქართველი ძმები ჩაწყობაში არიან ეჭვმიტანილები

გაუზიარე

მოლდოვურ ფეხბურთში სკანდალია და ჩვენდა სამწუხაროდ, ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, ამ ამბავში, შესაძლოა ქართველი ფეხბურთელები _ ძმები ვალტერ და პავლე ხორგუაშვილებიც იყვნენ გარეულნი... ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქმე ჩაწყობილ თამაშებს ეხება.  

მოლდოვის ჩემპიონატის 23-ე ტურში კიშინიოვის დაჩიამ ტირასპოლის დინამო 6:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კი სტადიონზე სპეცრაზმი შევიდა და 12 ადამიანი დააკავა, მათ შორის დინამოს რამდენიმე ფეხბურთელი მოედანზევე აიყვანეს, ასევე, მწვრთნელი და კლუბის მმართველები. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ გარდა დაკავებულები არიან სინგაპურის მოქალაქეები, რომლებსაც შავ-ბნელ საქმიანობაში მოლდოველებთან შუამდგომლობას ქართველი ფეხბურთელები უწევდნენ.

დაკავებული სინგაპურელები ეჭვმიტანილები არიან სპორტული შედეგებით მანიპულირებაში, ქრთამის აღებ-მიცემასა და ფულის გათეთრებაში. მათი დაკავების გარდა, ჩხრეკა ჩატარდა დაჩიას ვიცე-პრეზიდენტის, რუსლან კმიტას სახლშიც. სინგაპურელებს ბრალი უკვე წაუყენეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. გაირკვა ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ სინგაპურელები მოლდოვის ფედერაციის თანამშრომელს დაუკავშირდნენ და 50 ათასი ევროს საფასურად სთხოვეს, მოლდოველებს ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებთან 30 მარტის მატჩი სამბურთიანი სხვაობით წაეგოთ. 

საინტერესოა, რომ 2011 წელს, როდესაც ძმები ხორგუაშვილები ფინეთში თამაშობდნენ, ადგილობრივმა პოლიციამ ისინი სწორედ ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობისთვის დააკავა, თუმცა ფინეთის სასამართლომ მათ ბრალი ვერ დაუმტკიცა. 

ტყუპი ძმები ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები 27 წლისანი არიან. მიმდინარე სეზონი პავლე ხორგუაშვილმა ზესტაფონში დაიწყო, თუმცა ოფიციალურ მატჩში ჯერ არ უთამაშია.

ლუკა თალაკვაძე