სიახლეები

ლევან კაკუბავა: სიხარული პასუხისმგებლობით

გაუზიარე
ჩვენს ჩემპიონატში ლევან კაკუბავას კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს და სამტრედიას ცენტრალური მცველი ნაკრების 23-კაციან სიაშია. ლევანს გუშინდელი ვარჯიშის დაწყებამდე გავესაუბრეთ.  

ცხადაძის ხელმძღვანელობით ადრე ახალგაზრდულ ნაკრებში გითამაშია.

ეს 2009 წელს იყო, მერე კი, მოგეხსენებათ, ცხადაძე ბაქოს ინტერში წავიდა და დღემდე წარმატებულად მუშაობს. სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში კი მქონდა ნაკრებში გამოძახების იმედი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ამჯერად საშეკრებო სიაში ვერ მოვხვდებოდი. რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, ახლა ნაკრების შეკრებაზე რომ ვარ, მაგრამ ეს სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაცაა.

ნაკრების ახალ მწვრთნელზე რისი თქმა შეგიძლია?

პრინციპული და მომთხოვნი მწვრეთნელია. დისციპლინას დიდ ყურადღებას აქცევს და გუნდში ვითარება კარგად აქვს დალაგებული. ასეთ გარემოში ყოფნა პროფესიონალი ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაერთი ტიტული მოუგია და იმედია, საქართველოს ნაკრებშიც წარმატებულად იმუშავებს.

ჯერ მალტა, კვირას გერმანია. კარსმომდგარ შეხვედრებზე რას იტყვი?

ვინც ფეხბურთში ოდნავ მაინც არის ჩახედული, ყველამ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან, თანაც გერმანიასთან თამაში. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და გულშემატკივარი მხურვალედ უქომაგებს ეროვნულ გუნდს, მაგრამ ახლა ყველანი მალტასთან თამაშზე ვფიქრობთ. მართალია, ეს გუნდი გრანდთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში მეტოქის შეუფასებლობა არ შეიძლება, რადგან აუცილებლად დაისჯები. დადებით შედეგთან ერთად, ეს თამაში გერმანიასთან სათანადოდ მოსამზადებლადაც უნდა გამოვიყენოთ.

იმის გათვალისწინებით, რომ მალტასთან ყველა მხოლოდ გამარჯვებას ელის, გერმანიასთან კი ურთულესი შეხვედრა იქნება, ნაკრებში ცოტა დაძაბული სიტუაცია ხომ არ არის?

არანაირი დაძაბულობა. პირიქით, მაქსიმალურად მშვიდ და კომფორტულ გარემოში ვემზადებით. ფეხბურთელებს ყველა პირობა გვაქვს საიმისოდ, რომ სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ თამაშებს.

ახლა საკლუბო თემაზეც ვისაუბროთ. სამტრედიას შემადგენლობიდან გამომდინარე, ცოტა მოულოდნელია, რომ სამეულს უკვე შვიდი ქულა გაშორებთ...

რამდენიმე შეხვედრაში უხეში შეცდომები დავუშვით და სხვაობაც ამიტომ გაიზარდა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. წინ კიდე ცხრა ტურია და თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა დაძაბულად მიმდინარეობს ჩემპიონატი, ქულებს ყველა დაკარგავს და სეზონის ბოლოს ვინ რომელ ადგილზე იქნება, კაცმა არ იცის. 

ჩემპიონატის პარალელურად თასზეც ასპარეზობთ. ნახევარფინალში საჩხერის ჩიხურას ეთამაშებით.

ჩიხურაც ჩვენსავით ევროსაგზურისთვის იბრძვის და შეიძლება, მათთვისაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს სათასო შეხვედრები. ასე რომ, უკანდასახევი გზა არც ჩვენ გვაქვს და არც მათ. ორივე ნახევარფინალურ შეხვედრაში გულშემატკივარი კარგ ფეხბურთს ნახავს.

სამტრედიას დაცვის ცენტრში შენი მეწყვილე ზურაბ ხიზანიშვილია...

მის გვერდით თამაში მიხარია და ბევრსაც ვსწავლობ. ზურას თამაშის მანერა ყოველთვის მომწონდა და არაერთხელ მიმიბაძავს კიდეც მისთვის. იგივე შემიძლია ვთქვა იაშვილსა და კვირკველიაზე, მათი გამოცდილება მნიშვნელოვანია სამტრედიასთვის, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელებს მათგან ბევრის სწავლა შეუძლიათ.

პაატა ძნელაძე