სიახლეები

ეროვნული იწყებს! წლის პირველი მატჩი „მიხეილ მესხზე“

გაუზიარე

დღეს საღამოს, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს გამართავს. „ჯვაროსნები“ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მალტის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ამ მატჩს ბევრი დატვირთვა აქვს და გულშემატკივრებსაც განსაკუთრებული ინტერესი აქვთ, თუ როგორ და რა საფეხბურთო სტილით ითამაშებს ეროვნული გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით.

გუშინ საღამოს, ეროვნულმა ნაკრებმა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მანამდე კი, მალტის ეროვნულმა გუნდმა ივარჯიშა და მათმა მთავარმა მწვრთნელმა - პიეტრო გედინმაც უპასუხა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს.

განსაკუთრებული ინტერესი, რა თქმა უნდა, კახა ცხადაძის პრესკონფერენციამ გამოიწვია.

„ორ სათამაშო სქემას ვამუშავებთ და გადავწყვეტთ, რომლით ვითამაშებთ. რა თქმა უნდა, მალტასთან თამაში განსხვავებული იქნება, ვიდრე გერმანიასთან. ჩვენ ყველა მატჩში შედეგზე ვითამაშებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამოგვიყალიბდეს“ - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

მატჩი 21:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 ლარია და სტადიონის სალაროები გვიან საღამომდე იმუშავებს.

გულშემატკივარს შევახსენებთ, რომ მოქმედებს ელექტრონული ბილეთების სისტემა. სტადიონის ყველა კარი მატჩამდე ორი საათით ადრე გაიღება.

 

სფფ-ის პრესსამსახური