სიახლეები

ბათუმელთა ექვსიდან ექვსი

გაუზიარე

ცხინვალი 0:1 დინამო (ბთ)

22 მარტი. თბილისი. `მიხეილ მესხი~ (სათადარიგო). 300 მაყურებელი

0:1 ქორიძე (44)

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, ბაჩიაშვილი (ჯიშკარიანი 83), კაჭკაჭიშვილი, კილასონია, მახარობლიძე, ცაცკრიალაშვილი (ივანიშვილი 46), თარხნიშვილი, ქარდავა, შინდაგორიძე, ლექვთაძე (ფანცულაია 72)

სათადარიგოები: ბენდიანიშვილი, ბურძენაძე, მაისაშვილი, მარკოზაშვილი.

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

დინამო (ბთ): ალავიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე, ქავთარაძე, დიასამიძე (ჭკუასელი 83), ბერიაშვილი (თევდორაძე 90), ტატანაშვილი (აბუსელიძე 78)

სათადარიგოები: მამინაშვილი, მაკარიანი, ჭკუასელი, ფარტენაძე, მუჯირი

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გაფრთხილება: შინდაგორიძე (90)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

ბათუმელებს ცხინვალთან თამაშამდე ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდათ მოგებული, ცხინვალმა კი წინა ტურში ტორპედოსთან წააგო. მოსალოდნელი იყო, რომ ბათუმელებს თბილისში მოგება გაუჭირდებოდათ. ანგარიშის მიხედვით ასეც იყო, მაგრამ პირველ ტაიმში სტუმრებმა კაჭარავას ფეხბურთელებს აშკარად აჯობეს და დამსახურებულადაც დაწინაურდნენ. 
კარგი მატჩი ჩაატარეს გოლის ავტორმა ვაჟა ქორიძემ და მარჯვენაფლანგელმა გიორგი ქავთარაძემ. ეს უკანასკნელი ექს-მეტალურგელი ნახევარმცველი ცხინვალის კართან ხიფათს ჩაწოდებებითაც ქმნიდა და კარგი ინდივიდუალური თამაშითაც. ბათუმის დინამო ისეთი გუნდია, ლიდერები დიდწილად თავდასხმის ხაზში ბერიაშვილის და ტატანაშვილის სახით რომ ჰყავს, მათ გარდა კი ძირითადად ყველა რგოლში თანაბარი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. კარგად გამოიყურებოდა ბათუმელთა შემტევი ნიკა დიასამიძე, რამდენჯერმე ფლანგზე მწვავედ ითამაშა. ცხინვალს აშკარად უჭირდა და უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში ნახევარდაცვაში თამაში ცაცკრიალაშვილს და თარხნიშვილს არ გამოუვიდათ. მეორე ტაიმის დასაწყისში კაჭარავამ ცაცკრიალაშვილი ივანიშვილით შეცვალა, რადგან შეტევაში ცხინვალს აშკარად მოსამატებელი ჰქონდა. 
სახიფათო მომენტი პირველ ტაიმში ბევრი არ შექმნილა, თუმცა რაც შეიქმნა, ძირითადად დინამოს მხრიდან. ყველაზე რეალური სახიფათო მომენტი ბათუმელებმა პირველი ტაიმის ბოლოს შექმნეს და ქორიძის დარტყმას გოლი მოჰყვა. დინამოს მცველმა ცხინვალს 44-ე წუთზე გაუტანა და გოლი გასახდელში გაატანა.

მეორე ტაიმი ცხინვალმა აქტიურად დაიწყო და ერთი პერიოდი ბურთიც დაიჭირა, თუმცა 
კაჭარავას ფეხბურთელები სწორხაზოვნად უტევდნენ და დინამოს მცველებს საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანა არ უჭირდათ. ფლანგებიდან კარგად თამაშობდნენ ცერცვაძე და ლექვთაძე, თუმცა ბოლო პასში ორივეს წუნი ჰქონდა. კაჭარავამ გიორგი ფანცულაიაც ათამაშა, რომელიც ცხინვალმა ახლახანს დაიმატა. ფანცულაია უგუნდოდ იყო და ზაფხულამდე ცხინვალში დარჩება. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდათ ივანიშვილსა და მახარობლიძეს. ნადირაძის მიერ ამოტანილ ბურთზე ბრძოლა შინდაგორიძემ მოიგო და ბურთი საჯარიმოს ხაზთან მდგომ ივანიშვილს მიუვიდა. ივანიშვილი ორ მეტოქეს გაექცა, მაგრამ ბოლო მომენტში დარტყმა ვეღარ მოახერხა და მეკარემ დაასწრო. დაახლოებით იგივე ეპიზოდი იყო მახარობლიძის შემთხვევაშიც. ბურთზე ბრძოლა შინდაგორიძემ მოიგო, საჯარიმოს ხაზთან მყოფი მახარობლიძე მცველებს გაქცა და ალავიძესთავზე უგდებდა, თუმცა ბათუმელმა მეკარემ სიტუაცია განმუხტა. ამ ეპიზოდის შემდეგ გატანის შანსი ჰქონდა დინამოსაც. ქავთარაძემ ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს ბურთი კარგად წაიღო და მარჯვენა ფლანგიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა მცირე მანძილით ააცილა. 

ტაიმის ბოლოს ცხინვალმა ბურთი დაიჭირა და შეტევაზე გადავიდა, თუმცა რეალური სახიფათო მომენტი კაჭარავას ფეხბურთელებმა ვერ შექმნეს. მთლიანობაში ცხინვალის შეტევა ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ბათუმელი მცველები თამაშობდნენ უკეთესად. მატჩის შემდეგ კახა კაჭარავას და მთავარ არბიტრ ხარიტონაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. კაჭარავა ხარიტონაშვილის მოქმედებებს აპროტესტებდა. 

მატჩს საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავრი მწვრთნელები, კახა ცხადაძე და ალექსანდრე ჩივაძე დაესწრნენ.

ოთო მუმლაძე

ავტორის ფოტო