სიახლეები

სეფიაშვილმა ფოთელებს ქულა გადაურჩინა

გაუზიარე

განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას მეტოქენი. თბილისის ,,დინამო” ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ, თუმცა ზურგს უკან, მეორე წრეში დიდებულად ათამაშებული ბათუმელი თანაკლუბელების სუნთქვას გრძნობდა და წაფორხილების შემთხვევაში, შეიძლებოდა მოწინავე პოზიცია დაეკარგათ.რაც შეეხებათ ფოთელებს, ზღვისპირელთა გასაჭირი ყველას მოეხსენება. კაცმა არ იცის მათ საკუთარ სტადიონზე თამაში როდის მოუწევთ, ამიტომ საშინაო მატჩების ჩატარება ლანჩხუთში უხდებათ. როგორც მატჩის შემდეგ ,,კოლხეთის” დამრიგებელმა ზაზა ინაშვილმა ბრძანა – ფაქტობრივად, სულ გასვლაზე ვთამაშობთ და ასეთ პირობებში ძნელია ბიჭებს მაქსიმალური კონცენტრაცია მოთხოვოო.

შეხვედრას ცუდი ამინდი დაერთო. წვიმდა და ციოდა. ამან  მაყურებელთა დასწრებაზეც  იმოქმედა, თუმცა თავისი ერთგული გულშემატკივრები ორივე გუნდს ახლდა.

მატჩი სტუმართა შეტევით დაიწყო და პირველივე წუთზე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. ჯანელიძის ფლანგურ ჩაწოდებას ჩირგაძემ თავური დარტყმა მოაყოლა, თუმცა ხარიხას გადააცილა. 

საპასუხო სახიფათო მომენტი ფოთელებმა მე-7 წუთზე შექმნეს. გიგაურის ჩაწოდებულ კუთხურზე გოგონაიამ მცველებს დაასწრო და თავით ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა, მაგრამ მიზანში ვერც მან მოახვედრა.

ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი მოედნის ცენტრს საფუძვლიანად დაეუფლნენ და ბურთსაც უფრო დიდხანს აკონტროლობდნენ. მე-14 წუთზე თბილისელებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს წესი დაარღვიეს. სტანდარტულის შესრულება ლემონჯავამ ითავა და ჩახვეული დარტყმით  სტუმართა კარის დალაშქვრა სცადა, თუმცა მის დარტყმულს ცოტა სიზუსტე  დააკლდა.  21-ე წუთზე ზღვისპირელებს დაწინაურების შანსი ჰქონდათ. გოგონაიამ მარცხენა ფრთაზე ბოლომდე იბრძოლა, ბურთს დაეუფლა, პირით ხაზამდე ჩაირბინა და საპენალტე ნიშნულთან მდგომ ჯიქიას გამიზნული გადაცემა გაუკეთა. ,,მასპინძელთა” ფორვარდს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთს ფეხი ააცილა...

ამის შემდეგ  ხუთი წუთის ინტერვალში ლემონჯავამ ზედიზედ ორჯერ კიდევ სცადა თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმებით თბილისელთა კიპერის გამოცდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ჰრდლიჩკამ სწორი პოზიცია შეარჩია და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია. 

ნახევარი საათის მიწურულს კოლხებს ანგარიშის გახსნის ჩინებული შესაძლებლობა ჰქონდათ. დიდებულად გაისარჯა გურეშიძე. საჯარიმოს ხაზთან თანაგუნდელის გადაცემა მიიღო და მარცხენა ფეხით შეუჩერებლად დაარტყა. სლოვაკი კიპერი რეაგირებას ვეღარ ასწრებდა, მაგრამ ბურთმა კარის ძელს სულ ახლოს ჩაუქროლა. 

შეხვედრის მეორე ნახევარი  დუნედ დაიწყო და 10 წუთი ისე მიილია, სახიფათო მომენტი არც ერთ კართან არ შექმნილა. პირველად სტუმრები გამოფხიზლდნენ და 57-ე წუთზე გოლის გატანის შანსიც მიეცათ. თბილისელთა მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, ბურთს შეტევაში ჩართული თოთაძე დაეუფლა და საჯარიმოს კუთხიდან ძლიერად გაისროლა, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

რაც დრო გადიოდა, ჩანდა, რომ შეხვედრის მეორე ნახევარში თბილისელებს მეტი ძალა შერჩენოდათ. ისინი უპირატესობას მეთოდურად ზრდიდნენ და ფოთელთა კარს გეგმაზომიერად უტევდნენ, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტებამდე საქმე ვერ მიჰყავდათ.

მატჩის უკანასკნელი აკორდი დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის ბოლოს დედაქალაქელებს შეეძლოთ 3 ქულით დაბრუნებულიყვნენ. 86-ე წუთზე გველესიანმა მოედნის ცენტრიდან წინ წაიწია და დაახლოებით 30 მეტრიდან ძლიერად დააქუხა. სეფიაშვილი აკრობატულ ნახტომში თითის წვერებით მისწვდა ცხრიანისკენ მიმავალ ბურთს და კუთხურზე მოიგერია. ამის შემდეგ, დარჩენილ დროში თავის გამოჩენა შეცვლაზე შესულ ჭანტურიშვილს და შერგელაშვილს შეეძლოთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ფოთელთა კიპერმა იყოჩაღა და საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

,,კოლხეთი” (ფოთი) - ,,დინამო” (თბილისი) 0:0 (0:0)
 
22 მარტი. 15.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე”. 300 მაყურებელი.

,,კოლხეთი”:   სეფიაშვილი,  გ. კილასონია,  თევზაძე,  ჩაკვეტაძე,  ლემონჯავა,  თ. კაკულია, გოგონაია (კ),  გურეშიძე,  გიგაური (ბარამიძე 87),  ნ. სიჭინავა (ქორჩილავა 82),  შ. ჯიქია (ლ. შენგელია 81);

სათადარიგოები:  ძაგანია,  სარსანია,  ჩადუნელი,  გუგუშვილი;

მთავარი მწვრთნელი:  ზაზა ინაშვილი

,,დინამო”:   ჰრდლიჩკა,  კაკაბაძე,  გველესიანი,  რენე ფერეირა,  თოთაძე (კ),  ცინცაძე,  ჯანელიძე, კიტეიშვილი (შერგელაშვილი 82),  ჩირგაძე,  პარუნაშვილი (ჯიღაური 67),  ლობჟანიძე (ჭანტურიშვილი 59);

სათადარიგოები: კულუა,  ბუკორაცი,  ტაბატაძე,  პაპუნაშვილი;

მთ. მწვრთნელი:  კახა გოგიჩაიშვილი

არბიტრი:  არსენ ნონიკაშვილი

ირაკლი ქავთარაძე ლანჩხუთიდან