სიახლეები

ყოფილ გეგეჭკორს გეგეჭკორმა მოაგებინა

გაუზიარე

22.03.2015. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 1000 მაყურებელი.

მერანი 1:0 გურია

1:0 გეგეჭკორი (67)

მერანი: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე, ფონიავა, წურწუმია (ფიფია 81), ჯღამაია, ს. ლომია (ქაჯაია 90), გეგეჭკორი, დ. ციცხვაია (შულაია 77)

სათადარიგოები: ბეგაშვილი, გეგია, ი. ციცხვაია, კუშნირი

გურია: იმერლიშვილი, ჭეიშვილი (მოსიაშვილი 87), ცინცაძე, ე. კილაძე, გ. მჭედლიშვილი, ზოზულია, გაბრიჩიძე (წილოსანი 80), შალამბერიძე, კოშკაძე, ისიანი (ინგოროყვა 80), მათიაშვილი

სათადარიგოები: ურუშაძე, გოგიაშვილი, ბენაშვილი, ღაღანიძე

გაფრთხილება: მჭედლიშვილი (33), კიკნაველიძე (45), ზოზულია (48), კილაძე (51), ლომაშვილი (60), გაბრიჩიძე (75), ინგოროყვა (84)

მსაჯი: გ. დოგრაშვილი

ამ შეხვედრას მიმდინარე სეზონში შინ წაუგებელი გურია და წელს მოუგებელი  მერანი სხვადასხვა განწყობით შეხვდნენ _ თუ წარმატებულად მოასპარეზე ლანჩხუთელებისთვის მარტვილში მოგება ევროსაგზურისთვის მაინც ხავსზე მოკიდებული "ჭამაში მოსული მადა" იქნებოდა, მასპინძლებს მორიგი წარუმატებლობა გასავარდნ ზონაში ტოვებდა.

ვერ ვიტყვით, რომ გუნდებმა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი აჩვენეს, მაგრამ "მურთაზ ხურცილავაზე" პირველიდან ბოლო წუთებამდე ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა და სანამ მატჩის არბიტრი საფინალოს ჩასტვენდა, გადაწყვეტილი არაფერი გახლდათ.

პირველი ხიფათი სტუმრებმა შექმნეს, როცა მე-10 წუთზე კობა შალამბერიძემ კარს ააცილა. 

თუმც არანაკლებ მწვავე გახლდათ მასპინძელთა ორი ჩაწოდებული, როცა დამაჯერებელი იყო გურულთა მეკარე.

სწორედ რატი იმერლიშვილმა წამოიწყო ერთ-ერთი მორიგი შეტევაც _ შოთა გაბრიჩიძის გადაცემის შემდეგ კი ისევ შალამბერიძე აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ შედეგი ლანჩხუთელთა ამ შეტევასაც არ მოჰყოლია.

უკვე მე-18 წუთზე "გურია" გადარჩა, როცა მასპინძლებმა საგოლე ხიფათი ქარს გაატანეს.

აქედან ორიოდ წუთში უკვე ნოდარ კიკნაველიძის საჯარიმო დარტყმას იმერლიშვილმა ჩინებული რეაქცია შეაგება.

პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე სტუმრები მარტვილელთა ორ თავურს გადაურჩნენ _ ერთხელ ყოფილი გუნდის კარის დალაშქვრას საბა ლომია ცდილობდა.

მერანი მეტს უტევდა, გურულები ორგანიზებულად იცავდნენ თავს და შეტევებსაც კარგად იწყებდნენ, მაგრამ წინა ხაზზე ეულად მყოფ იუბილარ ვაჟა მათიაშვილს ბურთისთვის სერიოზული ბრძოლა უწევდა და `გურიას~ დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან უჭირდა.
აშკარა იყო, თამაშის ბედს ერთი გოლი გადაწყვეტდა და ეს გოლი შეტევაზე უფრო დაგეშილმა მარტვილელებმა გაიტანეს _ 67-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა მეტოქის მცველს თამაშგარეს ზღვარზეც აჯობა და პოზიციურადაც, კარში დარტყმა კი უკვე ოსტატობის საქმე იყო, 1:0.

მალე ლევანს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა. გაშვებული გოლის შემდეგ დიდი ძალებით შეუტიეს სტუმრებმაც _ თემურ ლორიამ მათიაშვილს შეტევაში ასევე იუბილარი და მანამდე მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ვილი ისიანი შეუწყვილა, მაგრამშედეგი ვერც დასვენებული ფორვარდის შეყვანით მიიღო. 

თუმცა ბოლო წუთებზე გურიას მატჩის გადარჩენის შანსი მაინც ჰქონდა: ერთხელ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ვერ ისარგებლეს, მანამდე კი ალეკო კოშკაძემ კარგად გაიყვანა შალამბერიძე, ვისაც ზურაბ მამალაძე საჯარიმოს მიჯნაზე შეეგება _ საბოლოოდ, ბურთს ორივე ასცდა და სტუმარს დროზე რომ მოეხედა, დაუცველ კარში გატანა არ გაუჭირდებოდა...

თომა ჩალაძე

მარტვილიდან