სიახლეები

მეტალურგს სიონმა გასახდელში მოუგო

გაუზიარე

მეტალურგი-სიონი 1:2

22 მარტი. რუსთავი. "ფოლადი". 200 მაყურებელი

1:0 ნოზაძე (27), 1:1 დ. სიჭინავა (68), 1:2 უგულავა (84)

მეტალურგი: ბედიაშვილი, სარიშვილი, ნოზაძე, ჯოხაძე (სტეფნიაშვილი 85), ბერუაშვილი, ნარიმანიძე, გელაშვილი, ბარამიძე, გ.კილასონია, ბარაბაძე (გაბაშვილი 75), შენგელია (ჩიკვაიძე 64)

სათადარიგოები: ნადირაძე, ბიწკინაშვილი, ექვთიმიშვილი, გუჯაბიძე

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

სიონი: მერლანი, ა. გურეშიძე, მოსემღვდლიშვილი, ჯინჭარაშვილი (უგულავა 58), გაფრინდაშვილი (არაუჟო 67), დ. საჯაია, გოგობერიშვილი, ცნობილაძე, დ. სიჭინავა, ჭიკაიძე (ჭანკოტაძე 46), ვიეირა

სათადარიგოები: ბათიაშვილი, სვანიძე, ზ. ლობჟანიძე, ქებურია

გაფრთხილება: გელაშვილი (56), მოსემღვდლიშვილი (58), ბედიაშვილი (74), ნარიმანიძე (87)   

მსაჯი: ჯ. ხორავა

რუსთავში საშველი ისევ არ ჩანს. ახლაც, მეტალურგმა შინ კი ითამაშა, მაგრამ ტრიბუნაზე რუსთაველ ქომაგებს ბოლნისელები მნიშვნელოვნად სჭარბობდნენ და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, ისედაც გაჭირვებულ მასპინძლებს სტუმრებთან მთლად უშანსოდ წააგებდნენ. პრესისადმი ყურადღებაზე ხომ ლაპარაკიც არ არის, ადგილობრივები უკვე აღარც ქომაგებზე ფიქრობენ _ სტადიონს უკვე ადგილობრივი ინფორმატორიც აღარ ემსახურება და შეკრებილი ხალხიც ერთმანეთში მკითხაობით არკვევდა, რომელი ნომრით რომელი ფეხბურთელი თამაშობდა. მატჩის ოქმის ჟურნალისტებისთვის მოწოდებაზე ხომ კარგა ხანია, ლაპარაკიც ზედმეტია და ამაზე ყურადღებას უკვე აღარც ჩვენ ვამახვილებთ.

მატჩი მოლოდინისამებრ ბოლნისელთა უპირატესობით კი დაიწყო, მაგრამ ლადო ბურდულის შეგირდებმა თავიდან მეტოქის კართან ღირებული ვერაფერი შექმნეს. საწყის 20 წუთში სიონმა მეტოქე მხოლოდ საჯარიმოში ჩაწოდებულებით თუ შეწუხა. ოცი წუთის შემდეგ უპირატესობას უკვე მასპინძლები დაეუფლნენ და მალევე იხეირეს კიდეც. კუთხურიდან რუსთაველების მესამედ ჩაწოდებულს ნოზაძემ ყველაზე ადრე და ზუსტად შეურჩია ადგილი და თავისიანები მოხდენილი თავურით დააწინაურა. სხვათა შორის, კუთხურებზე ჩამოვარდა სიტყვა და აქვე ვთქვათ, რომ პირველ ტაიმში რუსთაველებმა ოთხი კუთხური ჩააწოდეს, სტუმრებმა _ ვერც ერთი. ყველაზე სახიფათო საპასუხო მომენტი სიონს ტაიმის ბოლოს შეექმნა, მაგრამ გოგობერიშვილის ჩაწოდებულზე ვიეირას დარტყმულს ბედიაშვილი გადაეღობა და შემტევს არ გაატანინა. 

შესვენებაზე ლადო ბურდულის გაკეთებული ერთი შეცვლით კი ბოლნისელებმა ორი გოლი გაიტანეს და მატჩიც სათავისოდ დაამთავრეს. სტუმართა მწვრთნელმა გასახდელში შემტევი ჭიკაიძე გამთამაშებელ ჭანკოტაძით შეცვალა. სიონის თამაშიც უფრო აზრიანი, მწვავე და ტემპიანი გახდა. სტუმრებმა მატჩის სადავეებიც თამაშის განახლებისთანავე ხელთ იგდეს და მეტალურგსაც უმალ შეუტიეს, თუმცა სიონის გოლებამდე საგოლედ ჩინებული მომენტი ისევ მასპინძლებს შეექმნათ _ ბარაბაძე მერლანთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთის დამუშავება ვერ შეძლო, ამასობაში კი მას მცველებიც წამოეწივნენ და ბურთიც დაატოვებინეს.

რუსთაველთა კარში გოლი ნელ-ნელა მწიფდებოდა. დიდხანს ლოდინი აღარც ბოლნისელებს დასჭირვებიათ. ჭანკოტაძემMმოედნის შუიდან მარცხნივ მოზომილი პასი გაუკეთა შეცვლაზე რამდენიმე წუთის შესულ უგულავას, მან კი საჯარიმოში ეულად დარჩენილ სიჭინავას დაბალზე ჩაუწოდა _ ბოლნისელმა ფორვარდმაც ისე გაიტანა, მისთვის ხელი არავის შეუშლია. 

საინტერესო ამბავი მოხდა მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე. უგულავა ბედიაშვილთან პირისპირ დარჩა, მან კი შემტევი წააქცია. დარღვევევა საჯარიმოში მოხდა თუ საჯარიმოს გარეთ, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ბოლო იმედის ჯარიმა იყო, მაგრამ მსაჯი ხორავა რატომღაც მხოლოდ გაფრთხილებას დასჯერდა, მასპინძელთა მეკარე გაძევებას კი იმსახურებდა. 

მოკლედ ხორავამ ბედიაშვილი დაინდო, მაგრამ სიონმა მეტალურგს ქულაც არ დაანება. ისევ ჭანკოტაძის პასი ვიეირამ მახვილგონივრულად უგულავას გაუგრძელა, მან კი ზუსტად დაარტყა. ოფსაიდი იყოო, აღშფოთდნენ რუსთაველები, მაგრამ ხორავასთან და თანაშემწესთან ვერას გახდნენ.  

მატჩის ბოლო წუთებზე რუსთაველებმა სტუმრებს მედგრად შეუტიეს, სიონის საჯარიმოში მეკარე ბედიაშვილიც რამდენჯერმე ჩავიდა, მაგრამ მასპინძელთა აქტიურობას შედეგი აღარ მოჰყოლია. 

ლუკა თალაკვაძე