სიახლეები

შუქურა პოზიციებს იმყარებს

გაუზიარე

ნაწვიმარ ჩელე არენაზე ქობულეთის შუქურამ ზესტაფონს უმასპინძლა.  ზესტაფონელთა ზღვისპირეთში  ჩამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და, რომ არა ერთი კეთილი ზესტაფონელი ბიზნესმენის დახმარება, იმერული გუნდი აჭარას ვერ ესტუმრებოდა.  

თამაში გარდამავალი უპირატესობით და ორმხრივი იერიშებით დაიწყო, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. ტაიმის შუაწელში  საჯარიმოს ხაზიდან კვირკვია ურტყამდა და რიკოშეტის შემდეგ შუქურას კარის ბადეს ბურთი ზემოდან დაეცა.  32-ე წუთზე ჩელებაძის გამჭოლ გადაცემას ფეხი ნუნიესმა დაუხვედრა და დიდი მანძილით ააცილა. სანაიას შეგირდების შეტევები თანდათან უფრო გახშირდა, ზესტაფონელთა საჯარიმოში ჩელებაძე მცველთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა, სირიელმა არბიტრმა თამაშის გაგრძელების ნიშანი მისცა, რასაც ადგილობრივი ქომაგის და სამწვრთნელო შტაბის ხმაურიანი პროტესტი მოყვა. ტაიმის ბოლო 10 წუთში შუქურამ დიდი ძალებით შეუტია. პუკანიჩის დარტყმის შემდეგ საჯარიმოდან ბურთი მთივლიშვილმა გამოიტანა. დაბნეული ჩანდა იმერელთა გოლკიპერიც, ვინც ზედიზედ ორჯერ შეცდა. პირველ ეპიზოდში ხოჭოლავას თავურის შემდეგ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, ხოლო იმავე შეტევის მეორე ფაზას დორნელისის ჩაწოდება მოყვა, როცა კუპატაძე გამოსვლაზეც შეცდა, თუმცა ჩელებაძემ ბურთს ფეხი ააცილა და დაძაბულობაც განიმუხტა. გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი პირველ ტაიმში ბარზილიელ ლეგიონერ ნუნიესს მიეცა, 42-ე წუთზე მას თუხარელის  მიერ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული გამჭოლი გადაცემის დაგვირგვინება შეეძლო, მაგრამ ამჯერად ბურთს თვითონ ბრაზილიელი ფეხბურთელი აცდა.  

მეორე ტაიმის პირველი სახიფათო მომენტიც ქობულეთლებმა შექმნეს, კუხიანიძემ საჯარიმოში ჩაკიდა და ზესტაფონელთა კიპერთან პირისპირ ერთბაშად შუქურას  ორი ფეხბურთელი დარჩა, მაგრამ მომენტით ვერც ერთმა ვერ იხეირა, პაულუ ვიქტორმა და თუხარელმა კუპატაძეს ვერ აჯობეს. მალევე ზღვიპსირელთა კარი სასწაულებრივად გადარჩა, კვირკვიას დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, ამას მეკარის საჯარიმოში დიდი არეულობა მოყვა და შუქურას კიპერმა ბურთი კარის ხაზზე დაიჭირა. ფეხბურთის დაუწერელი კანონი - ვერ გაიტანენ, გაგიტანენ ,59-ე წუთზე ამოქმედდა. პუკანიჩის გადაცემის შემდეგ, თორნიკე თუხარელი ზესტაფონელთა საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა და შორეულ კუთხეში გაუტანა, 1:0. 

მალევე,  ქობულთელთა მრავალსვლიანი შეტევის დროს, მეტრეველს დასარტყმელ პოზიციაზე ჩალაძე გაჰყავდა, გადაცემა მთვილიშვილმა ჩაჭრა, მაგრამ ბურთი იქვე მდგარ ჩელებაძეს მიუვიდა, ქობულეთელთა კაპიტანმა კარიდან წინ გამოსულ კუპატაძეს, საჯარიმოს გარედან ე.წ. პარაშუტი გაუტანა და საკუთარ აქტივში საკმაოდ ოსტატური გოლი ჩაიწერა.

ორიოდე წუთში მასპინძლებმა ანგარიშის სხვაობა სამამდე გაზარდეს, თუხარელმა მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა და საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთი ისევ მთვილიშვილმა გამოიტანა, ამჯერად საჯარიმოს ხაზთან პუკანიჩი აღმოჩნდა, უკრაინელმა ლეგიონერმა უძლიერესი დარტყმით ბურთი ზესტაფონელთა კარის ცხრიანში მოათავსა. სხვაობის შემცირება 78-ე წუთზე ილურიძეს შეეძლო, იმერელთა ფორვარდი ჯიოევთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ ხარიხას მოარტყა. ბოლო 20 წუთში თამაში საბოლოოდ გაიხსნა, ბურთი მოედნის ცენტრში საერთოდ აღარ ჩერდებოდა. სტუმართაგან ერთადერთი საპასუხო გოლის გატანა 88-ე წუთზე 88 ნომრიანი მაისურით მოთამაშე გაგოშიძემ მოახერხა. ზესტაფონელთა სტანდარტული სტუმართა ნახევარმცველმა ზუსტი თავურით გოლად აქცია.  სირიელი არბიტრის სასტვენმა ტაბლოზე 3-1 დააფიქსირა და შუქურამ სატურნირო ცხრილში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.   


22 მარტი, ჩელე არენა, 700 მაყურებელი.

„შუქურა“ ქობულეთი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 3:1

შუქურა: ჯიოევი, ჩალაძე, გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, კუხიანიძე, პუკანიჩი, დორნალესი (მესხი 85), თუხარელი (ხუჭუა 81), ჩელებაძე (კ) ნუნიესი (მეტრეველი 62) 

სათადარიგოები: კაკალაძე, ტაკიძე, ტუღუში, მჟავანაძე

მწვრთნელი: გელა სანაია

ზესტაფონი: კუპატაძე, მთივლიშვილი (გაჩეჩილაძე 75), მჭედლიშვილი, ხიზანეიშვილი, გაგოშიძე, რაჟამაშვილი, ვასაძე, სიხარულია, სამუშია (ბერიძე 71), კვირკვია (ჯერემია 71), ილურიძე.  

სათადარიგოები: ჯალაღონია, ლომაია, ჯერემია, რობაქიძე, ნემსაძე. 

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე  

გაფრთხილება: ჩალაძე (12) სამუშია (42) ხიზანეიშვილი (85) 

არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო