სიახლეები

ტორპედო იგებს და იგებს...

გაუზიარე
22 მარტი. ქუთაისი. „ცენტრალური“. 2000  მაყურებელი

ტორპედო - სამტრედია 3:1  


1:0 კვერნაძე (40), 1:1 ქიმაძე (57, ს.კ), 2:1 კლიმიაშვილი (59), 3:1 ტუღუში (76)

ტორპედო: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, ბ. ტუღუში, კლიმიაშვილი (გოგუაძე 79), კირკიტაძე (ბაბუნაშვილი 73), ქიმაძე, ზ.ჭელიძე, მამასახლისი, იოსელიანი, კვერნაძე (v. კვარაცხელია 63)

სათადარიგოები: შევჩენკო, მახვილაძე, ჩიკვილაძე, ქებაძე 

მწვრთნელი: გოირგი დარასელია

სამტრედია: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, ბეჭვაია, კვირკველია (გ.თევზაძე 12), ა. გურული (იაშვილი 71), დოლიძე, დათუნაიშვილი, გეწაძე, გორგიაშვილი (ი. კერძევაძე 80), კაპანაძე

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, ბოლქვაძე, რამოსი

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.თოდრია, გ.ელიკაშვილი, ვ.ბასილაია

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (23), ბეჭვაია (25), ქიმაძე (36), კლიმიაშვილი (62)

ბოლო ერთი თვის მანძილზე ეს მეტოქეთა მესამე დაპირისპირება გახლდათ. წინა ორი იმერულმა კლუბებმა საქართველოს თასის მეოთხედფინალში გამართეს და ფორტუნამ აქ სამტრედიას გაუღიმა. საშინაო 2:1 შემდეგ ზაზა ზამთარაძის საწყმსომ გასვლით შეხვედრაში, მართალია, ბურთი ვერ გაიტანა, მაგრამ არც ქუთაისელები ახეირა და 0:0-ით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება ჩემპიონატს, პირველ წრეში  ტორპედოელებმა სტუმრად აჯობეს (1:0) მეტოქეს, თან გამარჯვების გოლი თამაშის უკანასკნელ წუთზე გაიტანეს. სამივე შემთხვევაში იმერული დერბი დაძაბული გამოდგა და ამ მხრივ გამონაკლისი არც მეოთხე უნდა ყოფილიყო. ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ ტორპედომ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და აუტსაიდერთა ბანაკს დასცილდა, თუმცა სატურნირო მდგომარეობა გუნდს თვითდამშვიდების უფლებას არ აძლევდა. ცხადია, ქულები სამტრედიელებსაც ჰაერივით სჭირდებოდათ, რადგანაც ჩემპიონატის მედლებისათვის ბრძოლაში ყოველი დანაკარგი შემდგომში, შესაძლოა, აუნაზღაურებელი აღმოჩნდეს. ერთი სიტყვით, მეტოქეებს მოტივაცია ნამდვილად არ აკლდა და...
მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, მოლოდინისამებრ, მატჩი საკმაოდ საინტერესო და თავიდან  ბოლომდე დაძაბული გამოდგა, მაყურებელმაც იმდენი გოლი იხილა, რამდენიც ნახსენებ წინა თამაშებში ერთად აღებული.

პირველი მეტნაკლებად სახიფათო ეპიზოდი მასპინძელთა კართან შეიქმნა. მე-8 წუთზე რევაზ გეწაძემ საჯარიმოს წინა ხაზიდან დაურტყა ბექა შეყრილაძეს - მეკარემ ბურთი მუშტებით მოიგერია. მალევე სამტრედიამ მართლაც რომ დიდი ზარალი განიცადა. დავით კვირკველია ფეხის ტკივილმა შეაწუხა და სტუმართა კაპიტანი შესაცვლელი შეიქნა. ტორპედოელთაგან პირველი მეტოქის კარს ბექა ტუღუში დაემუქრა, როდესაც სწრაფი გარღვევა განახორციელა და საჯარიმოს გარედან ძლიერად გაისროლა, მაგრამ ხარიხას გადააცილა. ასევა არაზუსტი გამოდგა ტორპედოს კარისკენ სანდრო გურულის მიერ განხორციელებული შორეული დარტყმა. მერე ახალგაზრდა გიორგი თევზაძემ დააპირა გატანა, თუმც მისი დარტყმული შეყრილაძემ აუღელვებლად აიღო. მე-40 წუთზე ტორპედო დაწინაურდა. დათო კირკიტაძე მარჯვენა ფლანგზე  სწრაფად დაუსხლტდა ლევან კაკუბავას, სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა  და საგოლედ უპასა პარტნიორს -  ოთარ კვერნაძემ ახლოდან დაუცველ კარში გაიტანა. 

შესვენების შემდეგ ერთხანს ინიციატივას სტუმრები ფლობდნენ. ძალზე სახიფათო იყო 50-ე წუთზე გიგა ბეჭვაიას მიერ შორიდან გასროლილი, თუმცა ბურთმა მიზანს ვერ უწია. მალევე ტორპედოელებმა საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს თევზაძე წააქციეს. სტანდარტული გეწაძემ შეასრულა და ვერც მან მოახვედრა ჩარჩოში. ანგარიშის გათანაბრებაში სამტრედიელებს ისევ ტორპედოელები დაეხმარნენ. 57-ე წუთზე გეწაძემ მარცხენა ფრთიდან გაჭრა კარის გასწვრივ და საჯარიმოში დაუდევრად იმოქმედა გიორგი ქიმაძემ, რომელიც მეკარისათვის ბურთის მკერდით დაგდებას შეეცადა, მაგრამ ნამეტანი ძლიერად მოუვიდა და ავტოგოლი...

საყაიმო ანგარიშმა 2 წუთიღა გაძლო. მასპინძლებმა მეტოქის ნახევარზე საჯარიმოს უფლება მოიპოვე. კარამდე საკმაოდ შორი, 30 მეტრამდე იყო. ირაკლი კლიმიაშვილი მანძილს არ შეუშინდა და ძლიერად დაჰკრა, სამტრედიელი მცველები ბურთს ვერ შეწვდნენ, ვერც მეკარემ დაიჭირა სწორი პოზიცია და ბურთი ბადეში აღმოჩნდა - 2:1.

ამის შემდეგ სამტრედიელები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ, მაგრამ ტორპედოს დაცვის გარღვევა იოლი არ იყო, შორეული დარტყმები კი შეყრილაძის ნადავლი ხდებოდა. 

უფრო სახიფათო მასპინძელთა შეტევები გახლდათ. 74-ე წუთზე ვახტანგ კვარაცხელიას კარგი გადაცემის შემდეგ ტუღუშმა ხელსაყრელი პოზიციიდან გადააცილა ხარიხას, თუმცა მალევე გამოასწორა ეს შეცდომა და თავისიანები მეტად დააწინაურა. ოლეგ მამასახლისმა მარჯვეენა ფრთაზე კვარაცხელიას უპასა ბურთი, ამან შეტევა გააგრძელა და უზუსტესი გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში მყოფ ტუღუშს, რომლის დარტყმული ძელის გავლით. შევარდა კარში. დარჩენილ დროში სტუმრებს გატანის ერთი რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა არ გაუმართლათ - თორნიკე კაპანაძის დარტყმული ძელმა აისხლიტა, დასამატებლად გამზადებული ალექსანდრე იაშვილი კი მცველებმა არ ახეირეს. ტორპედომ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო ჩემპიონატში. 

იუზა კაციტაძე ქუთაისიდან

ავტორის ფოტო