სიახლეები

U17 – სამი ქულა პრესტიჟისთვის...

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტრაუნდი ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამარჯვებით დაასრულა. თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ ამ მოგებას პრაქტიკული მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა, რადგან პატარა „ჯვაროსნებმა“ მეორე ტურში, ბელგიასთან მატჩის შემდეგ დაკარგეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი.

მატჩი ქართველთა უპირატესობით დაიწყო და ირაკლი ბუღრიძემ დებიუტშივე შეძლო ნაკრების დაწინაურება. ამ შეხვედრაში ბუღრიძე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო - მან დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემის ავტორიც გახდა (შენიშვნა: უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ირაკლი ბუღრიძეს მხოლოდ ერთი გოლის ავტორობა უწერია. არადა, დუბლი სწორედ მან შეასრულა).

პირველ ტაიმში რამდენჯერმე ირლანდიელებმაც „გვიჩხვლიტეს“, თუმცა, გოლის გატანა კვლავ საქართველოს ნაკრებმა შეძლო და ტაიმის მიწურულს დუბლის ავტორი ირაკლი ბუღრიძე გახდა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ბუღრიძე ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ზუსტი პასი გაუკეთა გიორგი არაბიძეს, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა ირლანდიეთა კარში 0:3.

გაშვებული ორო გოლი ქართველ ფეხბურთელთა მოდუნებასა და უყურადღებობას უნდა მივაწეროთ. საიმედოდ გაისარჯა ნაკრების გოლკიპერი - გიორგი ჩოჩიშვილი, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება შეძლო.

მეოთხე გოლი გიორგი გვასალიამ გაიტანა. არაბიძის ძლიერად დარტყმული ბურთი ირლანდიელთა მეკარემ ცხვირწინ მოიგერია და გვასალიამ დამატებაზე თავით გადაგზავნა კარში.

საერთო შედეგს, რა თქმა უნდა, დადებითად ვერ შევაფასებთ, რადგან ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. მხოლოდ 3 ქულა და ჯგუფში მესამე ადგილი. თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება სამომავლოდ. ეს სწორედ ის თაობაა, რომელმაც 2017 წელს, უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველოში უნდა უმასპინძლოს. წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე კი, ბელგია და ჰოლანდია გაემგზავრებიან.

17 მარტი, 2015. ელიტრაუნდი. გენდტი, ჰოლანდია

ჩრდ.ირლანდიაU17 vs საქართველოU17  2:4 (0:2)

ჩრდ.ირლანდიაU17: გარტსაიდი, ნ.კერი, მ.კერი, კინგი, კონატი, გორდონი (ჯელოუ 41), მაკკი, ლავერი, იანგი (მაკკლინი 55), შევლინი (რუნი 41), ჰამილი

მთ.მწვრთნელი - ჯიმ მაგილტონი

საქართველოU17: ჩოჩიშვილი, ბერძენაძე, ბულუხაძე, ლოჩოშვილი, კობოური, კუხიანიძე, ნიკოლაშვილი (ყურაშვილი 66), არდაზიშვილი (სამურკასოვი 62), არაბიძე, ბუღრიძე, გვასალია

მთ.მწვრთნელი - გოჩა ტყებუჩავა

გოლები: ბუღრიძე (6, 33), არაბიძე (48), ლავერი (60), გვასალია (75), კინგი (80+3)

გაფრთხილება: კუხიანიძე

მთ.მსაჯი - მილან ილიჩი (სერბეთი)

სფფ-ის პრესსამსახური

უდენი, ჰოლანდია