სიახლეები

ჯერ შედეგი, მერე ხარისხი

გაუზიარე
ირაკლი კლიმიაშვილი ამ ფორმაციის ტორპედოს ერთ-ერთი ლიდერია და საინტერესოა, როგორ აფასებს ის თავისი ახლანდელი გუნდის თამაშს და რას ფიქრობს საქართველოს ჩემპიონატზე.

მართალია, ვიტ ჯორჯიასთან მოიგეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა.


მეორე წრე ცუდად დავიწყეთ და ამის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო ამ შეხვედრის მოგება. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო მნიშვნელოვანი შედეგი იყო, თუნდაც იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად გამოსწორებულიყო მდგომარეობა. ხარისხი კი თამაშიდან თამაშამდე დაიხვეწება. როგორც იცით, ტორპედოში უმრავლესობა ზამთარში მოვიდა და ახალი გუნდის შენება მიმდინარეობს. ამის გათვალისწინებით კი, თამაშში გარკვეული წუნი ლოგიკურია.

მეორე წრისთვის ტორპედო სერიოზულად გაძლიერდა, მაგრამ თასის გათამაშებასაც გამოეთიშეთ და ჩემპიონატშიც ჯერ მხოლოდ მე-12 ადგილზე ხართ.


როგორც ვთქვი, ახალი გუნდის შენებაა დაწყებული და ასეთ სიტუაციაში შედეგი მყისიერად არ მოდის. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის ბოლომდე მდგომარეობას გამოვსწორებთ და სატურნირო ცხრილშიც დავწინაურდებით. რაც შეეხება თასიდან გამოვარდნას, ჩემი აზრით, სამტრედიასთან ისე ვითამაშეთ, რომ ნახევარფინალში გასვლას ვიმსახურებდით.

ბევრის აზრით, შენ ფლანგზე უფრო ნაყოფიერი ხარ, ტორპედოში კი ცენტრში თამაშობ.

მე იქ ვითამაშებ, სადაც გუნდს დასჭირდება. ამ ეტაპზე მწვრთნელი ჩემს ადგილს მოედნის ცენტრში ხედავს და ეს არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის.

მომდევნო ტურში ცხინვალს მასპინძლობთ, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია.

ყოველთვის მირჩევნია ძლიერ გუნდებთან თამაში. ცხინვალი კი ახალგაზრდული, საინტერესო გუნდია, რომელსაც თავისი ხელწერა აქვს. ამიტომ საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე გუნდს გვჭირდება ქულები და სტადიონზე მოსული გულშემატკივარი საინტერესო თამაშს იხილავს. 

წლების განმავლობაში ვიტ ჯორჯიას ერთ-ერთი ლიდერი იყავი, შემდეგ არაერთ უცხოურ გუნდში ითამაშე. როგორ ფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატის დონე მაშინ უფრო მაღალი იყო, როდესაც ვიტ ჯორჯიაში თამაშობდი?

რა თქმა უნდა, მაშინ. დაბრუნების შემდეგ აშკარად ვიგრძენი, რომ დონე დაქვეითებულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა იქნება და გუნდებიც გაძლიერდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში რაიმენაირ წინსვლაზე ფიქრი თავის მოტყუება იქნება.

ბოლოს სკონტოში თამაშობდი და საკმაოდ წარმატებულადაც. ლატვიიდან რატომ წამოხვედი?

კონტრაქტის ვადა ამომეწურა. მართალია, ლატვიელებმა ხელშეკრულების გაგრძელება შემომთავაზეს, მაგრამ რაღაც საკითხებზე ვერ შევთანხმდით და წამოსვლა ვამჯობინე.

ტორპედოში როდემდე აპირებ დარჩენას?

კლუბის ხელმძვანელობასთან შეთანხმებული ვარ, რომ ტორპედოში ჩემპიონატის ბოლომდე ვითამაშებ. შემდეგ კი დავილაპარაკებთ და, თუ ორივე მხარე მოისურვებს, კონტრაქტის ვადის გაგრძელებაც არ იქნება პრობლემა.

პაატა ძნელაძე