სიახლეები

ლაშა დვალი : შოთა არველაძე დიდი ადამიანია

გაუზიარე

ლაშა დვალმა თურქულ ქასიმფაშაში გადასვლისთანავე მოიპოვა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი, ჰოლანდიელ რაიან დონკთან ერთად დგას დაცვის ცენტრში. როგორც იცით, ქასიმფაშა შოთა არველაძემ დატოვა და მის ნაცვლად ჰოლანდიელი იან ვაუტერსი იქნება მთავარი მწვრთნელი. 

ჩვენ დვალს შევეხმიანეთ, რომელმაც განაცხადა, რომ შოთას დიდი მადლობელია: 

"არველაძის მიმართ უღრმესი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ნდობისა და ყურადღებისთვის. შოთა დიდი ადამიანია. ის თავისი ინიციატივით წავიდა და მიზეზებზე არ გვისაუბრია. ახლა იან ვაუტერსი გვავარჯიშებს და უახლოესი მატჩი 21 მარტს გალათასარაისთან გვაქვს. ცვლილებები? ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულებები აქვს, მაგრამ არა მგონია, შემადგენლობაში დიდი ცვლილებები მოხდეს". 

თავად შოთა კი გასული ტურის მატჩზე საუბრობს, რომელშიც ქასიმფაშამ 1:2 წააგო ქონიასფორთან. როგორც იცით, პირველ ტაიმში, როცა 0:0 იყო, ჰოლანდიელმა დონკმა ქონიასფორს გოლი გაუტანა – ეს იმ დროს, როცა მეტოქის ფეხბურთელები გაჩერებულნი იყვნენ ქასიმფაშას ერთ-ერთი ფეხბურთელის ტრავმის გამო. არველაძემ კარგი ჟესტი გააკეთა: თავის შეგირდებს უთხრა, რომ ამავე წუთს გოლი გაეშვათ, რათა სტატუს-კვო აღდგენილიყო. მოკლედ, 1:1 გახდა, მერე, პირველივე ტაიმში ქასიმფაშამ მეორე გოლი მიიღო პენალტით და საბოლოოდ წააგო. შოთამ მატჩის დასრულებისთანავე განაცხადა გადადგომის შესახებ...

შოთა: ბოლო ექვს მატჩში ხუთი გაუგონარი პენალტით დაგვსაჯეს. სადაა სამართალი?

ცნობილი გახდა, რომ ქასიმფაშას ხელმძღვანელობას იმ დღესვე უთხოვია ტყუპისცალისთვის, რომ დარჩენილიყო და ეს თხოვნა გუშინაც გაუმეორეს. 

აი, რას ამბობს შოთა: 

"დიახ, ხელმძღვანელობას სურს, რომ ქასიმფაშა ისევ გავწვრთნა, მაგრამ მათ უკვე ვუთხარი უარი. ბევრი ვეცადე, ბევრი გავაკეთე გუნდისთვის, ნულიდან დავიწყეთ. სუპერლიგის მეორე წრე წარუმატებლად მიგვდიოდა, მაგრამ კარგი მატჩებიც ჩავატარეთ. თუ არ ვცდები, ბოლო ექვს ტურში ხუთი გაუგონარი პენალტი დანიშნეს ჩვენს კარში. და ქონიასფორთანაც ასე მოხდა. როცა გავიტანეთ, დონკს ვუთხარი: "რაც გსურთ, ის გააკეთეთ, მაგრამ ყველაფერი სამართლიანად მოხდეს!". მოკლედ, ქონიასფორს გავატანინეთ და მალევე მსაჯისგან ისეთი პენალტით დავისაჯეთ, რომ კომენტარიც არ შეიძლება. გაგვიტანეს. კი მაგრამ, სადაა სამართალი? შესვენებისას გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ, უბრალოდ, მატჩი დაესრულებინათ. მერე კი ხელმძღვანელობას დავემშვიდობე". 

შოთამ თქვა, რომ თურქეთში რჩება, რადგან მისი შვილები სკოლაში იქ სწავლობენ. 

"ყველაფერი კარგად იქნება. ჯერჯერობით კი დავისვენებ". 

რაც შეეხება ვაუტერსის დანიშვნას, შოთამ ამაზეც ისაუბრა: 

"ვაუტერსთან ერთად ქასიმფაშაში აკადემია გავხსენით. ის აკადემიის მთავარი მწვრთნელი იყო. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ვეცადე იმის ორგანიზება, რომ ჩემი წასვლის შემთხვევაში შემცვლელი მალევე მოსულიყო. ვაუტერსი იმიტომ კი არ ავირჩიე, რომ ჩემი მეგობარია. იანი პროფესიონალი, კარგი მწვრთნელია. ის სეზონის ბოლომდე უთავკაცებს ქასიმფაშას". 

ვოუტერსი ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველია - 1988 წელს დიდებულ გუნდში ევროპის ჩემპიონი გახდა. ვოუტერსი შოთას მწვრთნელი იყო აიაქსშიც და გლაზგო რეინჯერსშიც, იღონდ გლაზგოში ასისტენტი გახლდათ.  

ილია ნანობაშვილი