სიახლეები

ჩვენი შანსი თბილისია

გაუზიარე
ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც საქმიანობს. გიორგის გუშინ დავუკავშირდით და საკლუბო და სანაკრებო საკითხებზე ვესაუბრეთ.

ვიდრე სანაკრებო თემას შევეხებით, ზესტაფონში მიმდინარე მოვლენები გავაცნოთ მკითხველს. მე როგორც ვიცი, ფინანსური პრობლემები ამ დრომდე არ მოგვარებულა.

პირდაპირ უნდა ვთქვა, ზესტაფონს ფული სასწრაფოდ სჭირდება. გასაცემია ხელფასები და მოსაგვარებელია გარკვეული საკითხები საიმისოდ, რომ გუნდმა სრულფასოვნად განაგრძოს მზადება. ახლა ჩვენ მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე ვემზადებით მომდევნო შეხვედრისთვის. როგორც ვიცი, ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პრობლემები, მაგრამ არის გარკვეული იურიდიული ლაფსუსი, რომლის გამო დრო უაზროდ იწელება. მინდა, მჯეროდეს, რომ ყველაფერი მალე მოგვარდება.

ამის მიუხედავად, ბოლო შეხვედრაში, ბოლნისის სიონთან მშვენივრად ითამაშეთ და მეორე წრეში პირველად გაიმარჯვეთ.

ჩვენ, ფაქტობრივად, ოფიციალურ შეხვედრებშიც ვაგრძელებდით სელექციას, ეს, რა თქმა უნდა, კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული და ამიტომაც დაგვიგვიანდა გამარჯვება, თუმცა წინა შეხვედრებში, ჩიხურასთან და დინამოსთან, საკმაოდ ნორმალურად ვითამაშეთ. სიონთან კი, არსებული სირთულეების მიუხედავად, ბიჭებმა მართლაც თავდადებით ითამაშეს და დამსახურებულადაც მოიგეს.

ამ სეზონში ზესტაფონი მაღალი ადგილებისთვის ვერ იბრძვის, თუმცა, სავარაუდოდ, არც გავარდნა გემუქრებათ. ასეთ სიტუაციაში
ფეხბურთელების სათანადოდ მოტივირება პრობლემა ხომ არ იქნება?

პროგრამა-მინიმუმი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. სხვა მხრივ კი, ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. რაც შეეხება მოტივაციის ნაკლებობას, მე კარგად ვიცნობ ჩემს მოთამაშეებს და ასეთი რამ გამორიცხულია.

მომდევნო შეხვედრა სტუმრად გელით სამტრედიასთან, რომელსაც, თავის მხრივ, წაფორხილების უფლება აღარ აქვს.

სამტრედია ძალიან კარგი გუნდია ძლიერი სამწვრთნელო შტაბით და ფეხბურთელებით, მათ დიდ პატივს ვცემ და კარგად გვესმის, რომ სამტრედიაში ურთულესი შეხვედრა გველის, მაგრამ, მერწმუნეთ, წასაგებად ჩასვლას არ ვაპირებთ.

თავის დროზე კამათი გამოიწვია უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდამ. თქვენი აზრი როგორია ამასთან დაკავშირებით?

ჩემპიონატის ბოლოს უფრო ნათლად გამოჩნდება, სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ის ვარიანტი სჯობდა, ზედა და ქვედა ექვსეულებად რომ იყოფოდა ჩემპიონატი. მაშინ საშუალება იყო, დინამოს და სხვა ლიდერებს ოთხჯერ შეხვედროდი, მაგრამ, როგორც ვთქვი, გაამართლა თუ არა გუნდების რაოდენობის გაზრდამ, ეს სეზონის ბოლოს გამოჩნდება.

ახლა 19-წლამდელთა ნაკრებზე. მაისში თბილისში ელიტრაუნდის თამაშები გელით.

თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ურთულეს ჯგუფში მოვხვდით. ესპანეთს და პორტუგალიას ყოველთვის ძლიერი ასაკობრივი ნაკრებები ჰყავთ და გამონაკლისი არც ეს თაობაა. რა თქმა უნდა, არც თურქეთი იქნება იოლი მეტოქე, მაგრამ ჩვენც ბოლომდე ვაცნობიერებთ იმას, რომ გულშემატკივარს ამ ნაკრების იმედი აქვს. მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით ნაკრები ერთ მუშტადაა შეკრული და ეს ნებისმიერი შედეგის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც იცით, ახლახან იტალიაში ვიყავით და ადგილობრივ, საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან 1:1 ვითამაშეთ, მოედანი უკეთეს მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, უფრო უკეთ ვითამაშებდით. ვერ დავიჩემებ, რომ მაინცდამაინც მოვიგებდით, მაგრამ მჯერა, თამაშის ხარისხი უკეთესი იქნებოდა. 

მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაკრების ძირითად ბირთვს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეს.

19-წლამდელთა ნაკრები ისეთი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომ ამის პრობლემა არ უნდა იყოს. მაგალითად, კიტეიშვილი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს დინამოში, ბერიძე ჩვენთან, ზესტაფონშია და ისიც უმატებს. კერძევაძეს სამტრედიაში გააქვს. რამდენიმე მოთამაშე უცხოეთშია და იქაც არ სხედან სკამზე. 

როგორ ფიქრობთ, რა არის ამ გუნდის მთავარი პლუსი და პირიქით, ყველაზე მეტად რომელ კომპონენტშია საჭირო მეტი სამუშაო?

ამ ნაკრებს ნამდვილად არ აკლია გამოკვეთილი ინდივიდუალისტები, ფეხბურთელები საკმაოდ ბევრს მოძრაობენ და ნებისმიერ სათამაშო ეპიზოდში იბრძვიან. როგორც ვთქვი, დევდარიანის გუნდი მოედანზეც და მის მიღმაც ერთი ცოცხალი ორგანიზმია.

და ნაკლი?

ალბათ, მაინც საერთაშორისო თამაშებისა და, შესაბამისად, გამოცდილების ნაკლებობა.

გულშემატკივარს ჰქონდეს იმედი, რომ 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს?

როგორც ვთქვი, ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, თანაც, ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადის, მაგრამ ჩვენი პლუსია ის, რომ ელიტრაუნდი თბილისში ტარდება და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ყველა თამაშზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ.

პაატა ძნელაძე