სიახლეები

ნაკრების ექიმმა დამირეკა და მომიკითხა

გაუზიარე

გიორგი ჭანტურია რომ კლუჟში ყველაზე კრეატიული ფეხბურთელია, ამას რუმინული პრესაც აღნიშნავს. 21 წლის ქართველმა შემტევმა გასულ ტურში ლამაზი გოლი მიითვალა, კერძოდ, კონსტანცას ვიტორულთან 1:2 წაგებულ შეხვედრაში. ლეგენდარული გეორგე ჰაჯის გუნდის კართან ხიფათს მეტწილად ჭანტურია ქმნიდა, გოლი კი პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმო დარტყმით გაიტანა - მარჯვენა ფრთიდან ახლო კუთხეში დაურტყა მეკარეს.

ჭანტურია ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი შემტევია და ნაკრებისთვის დიდი სარგებლობის მოტანაც შეუძლია. მას რუმინეთში დავუკავშირდით და, ბუნებრივია, მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზეც ვკითხეთ. 

ასეთი გოლი, როგორიც ვიტორულს გაუტანე, შარშანაც შეაგდე კლუჟის მაისურით. ოღონდ, მაშინ საჯარიმო დარტყმით არა..  

დიახ, შარშან გავიტანე. მაშინაც ლამაზი გამოვიდა და ახლაც. 

დარტყმა სიზუსტეზე გათვალე თუ ძალაზე? 

სიზუსტეზე, რადგან ვიცოდი, რომ ცოცხალ კედელში მდგომი ფეხბურთელები ახტებოდნენ. 

კლუჟს 24 ქულა აქვს დაკლებული და ამიტომ ჩემპიონატის ცხრილში ბოლო ადგილზეა. ამჟამად როგორი ფინანსური მდგომარეობაა კლუბში? 

მდგომარეობა კვლავაც რთულია, ფინანსური კრიზისია და თან ბოლო ადგილზე ვართ. თუმცა სეზონის ბოლოს ქულებს აუცილებლად დაგვიბრუნებენ, ასე რომ, გავარდნის საშიშროება არ არსებობს.

შენს საკლუბო მომავალზე რას იტყვი? კლუჟში ხომ მხოლოდ განათხოვრებით ხარ. 

კლუჟთან ხელშეკრულება ოფიციალურად 31 ივნისს მეწურება. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი ვიქნები. წინასწარი შეთანხმება მაქვს იტალიურ ვერონასთან ოთხწლიან კონტრაქტზე, მაგრამ რა როგორ იქნება, ამას ზაფხულში ვნახავთ. ახლა წინასწარ ლაპარაკს აზრი არ აქვს. 

ახლა ნაკრებზე. როგორ ფიქრობ, რა შეიცვლება ეროვნულ გუნდში კახა ცხადაძის მოსვლით და რა იმედებით ელი მოახლოებულ თამაშებს? 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი რამ შეიცვლება. ახალი სამწვრთნელო შტაბი მოვიდა და მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ. რა თქმა უნდა, მათი დებიუტი მალტასთან გამარჯვებით უნდა აღვნიშნოთ. რაც შეეხება გერმანიასთან შეხვედრას, ვიცით, მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი და დღესდღეობით პირველი ნაკრებია. ფავორიტები არიან, მაგრამ ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ. ერთი ფაქტია ძალიან სასიამოვნო: საქართველოს ყველა ნაკრებში მითამაშია და სანაკრებო შეკრებამდე არასოდეს არც ერთ ექიმს არ მოვუკითხივარ. პირველად ახლა მოხდა, რომ დამირეკეს და მომიკითხეს, რაც აღსანიშნავია. ბედნიერად ვიგრძენი თავი. ერთი შეხედვით, ვითომ უმნიშვნელო ფაქტია, მაგრამ ნამდვილად არაა უმნიშვნელო. ასეთი მიდგომა თუ უფრო ხშირი იქნება, შედეგიც აუცილებლად მოვა. 

პირადად ცხადაძეც გესაუბრა? 

არა, ცხადაძესთან ჯერ არ მილაპარაკია.           

ილია ნანობაშვილი