სიახლეები

გიორგი ლორია ბერძნული ფეხბურთის ისტორიაში

გაუზიარე

გიორგი ლორია ბერძნული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. ქართველი მეკარის დამსახურება ის არის, რომ მან წინა უქმეებზე კერკირა - ოფის შეხვედრისას მასპინძელთა სასარგებლოდ დანიშნული სამი პენალტიდან ორი მოიგერია. პირველი მოგერიებული პენალტის შემდეგ კერკირამ იქვე, დამატებაზე იხეირა, თუმცა ეს გოლი უკვე მცველთა შეცდომის შედეგი იყო. მეორე პენალტის მოგერიების შემდეგ კი ოფელებმა უფრო იყოჩაღეს და ბურთი ძელის შემდეგ კუთხურზე გადააგდეს. კერკირას მესამე პენალტი კი გიორგი ლორიასთვის აუღებელი გამოდგა. კერკირა - ოფის შეხვედრა საბოლოოდ 4:1 დამთავრდა, ხოლო  ლორიას ჩინებულმა თამაშმა ჩვენს ბერძენ კოლეგებს ერთ მატჩში სხვა მეკარეების ორი მოგერიებული პენალტი გაახსენა. 
  
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა საბერძნეთის მიმდინარე ჩემპიონატშივე მოხდა. 2014 წლის 7 დეკემბერს პანიონისის მეკარე ნიკოს პაპადოპულოსმა პანეტოლიკოსთან 1:2 წაგებულ მატჩში მეტოქეს პენალტიდან ორჯერ არ გაატანინა.

...1993 წელს ნაოუსას მეკარე ვანგელის ვოურდოგანისმა აეკთან 1:3 წაგებულ მატჩში მეტოქის ფორვარდების ორი პენალტი უკუაგდო. 

... 1982 წელს პანახაიკის მეკარე ვასილის დესულასმა პაოკთან 
0:1 წაგებულ შეხვედრაში თავისიანები კიდევ ორი ნაღდი გოლისგან იხსნა.

... 1973 წელს კი ორი პენალტის გამცუდებელი გუნდი დამარცხდა. იმ შეხვედრაში ლარისამ შინ პანიონიოსს 1:0 სძლია, ლარისას მეკარე ნიკიფოროს ბუნტოლოსმა კი ცალკე მეტოქე ფეხბურთელებს ორი პენალტიდან არც ერთი არ გაატანინა. 

ლუკა თალაკვაძე