სიახლეები

დილა უკაპიტნოდ დარჩა, საპოვნელა უმწვრთნელოდ

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე დისციპლინარებს ბევრი საქმე არ ჰქონიათ, მათ სულ სამ დარღვევაზე უნდა ემსჯელათ. 

სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმშერ ტყებუჩავას დადგენილებით, გორის დილას კაპიტანი, ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე დინამო - დილას საპასუხო სათასო შეხვედრის შემდეგ არბიტრ ჯენერი ხორავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 3 თამაშს გამოტოვებს და 600 ლარსაც გადაიხდის. კვახაძეს ასევე ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მიეცა და მსგავსის განმეორების შემთხვევაში ერთი წელი უფეხბურთოდ დარჩება. გუშინდელ სხდომას დილას ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ ხორგუაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც გვითხრა, რომ გორელები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ: კვახაძისთვის ეს სასჯელი ეგებ სამაგალითო იყოს და მომავალში მსაჯებთან ურთერთობისას მეტ მორიდებას გამოიჩენსო. შეგახსენებთ, იმ მატჩში, რომლის შემდეგაც კვახაძემ ხორავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დინამომ 1:0 მოიგო და თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. 

მსაჯების მესამედ შეურაცხყოფისთვის პირველი ლიგის ბ ზონის ლიდერის, თერჯოლის საპოვნელას მწვრთნელ მირიან გეწაძეს კი სადისციპლინო კომიტეტმა ექვსთამაშიანი დისკვალიფიკაცია, 600 ლარის გადახდა და ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია გამოუწერა. 
 
ბათუმის ადელის ფეხბურთელ ვანო ივანაიძეს პირველ ლიგაში ჭითურასთან შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა. ის მწვრთნელებმა მაინც ათამაშეს, რის გამოც 4:1 მოგებული შეხვედრა ზღვისპირელებს ოქმში ტექნიკურ წაგებად გადაუსწორდათ. ადელს 0:3 ჩაეთვალა და 1000-ლარიანი ჯარიმაც მიიღო. ივანაიძემ ჭიათურასთან თამაშამდე ზუგდიდის ლაზიკასთან შეხვედრისას სეზონში მეექვსე ყვითელი ბარათი მიიღო. სამი ყვითლისთვის ერთი მატჩი მან უკვე გამოტოვა, მეორედ კი ჭიათურასთან უნდა დაესვენა, მაგრამ ათამაშეს და სასჯელმაც არ დააყოვნა...

ლუკა თალაკვაძე