სიახლეები

ტოპ-კლუბები საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გზაზე - საბა კვირკველია რუბინმა ზაფხულამდე ევროიმედით დააკავა

გაუზიარე

სეზონის განახლებამდე რუსეთში ერთ ქართულ ტრანსფერზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ამ საქმიდან საბოლოოდ არაფერი გამოვიდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე ყაზანის რუბინის მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას შესახებ დამაინტრიგებელი რამ თქვა _ დიდი შანსია, ქართველმა მცველმა სეზონი რუსეთის სხვა კლუბში განაახლოსო. რამდენიმე დღეში სეზონი განახლდა, საბა კვირკველია კი ისევ რუბინის შემადგენლობაში გამოჩნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი მინიმუმ სეზონის ბოლომდე ყაზანიდან ფეხს ვერ მოიცვლის. კლუბს მხოლოდ მაშინ დატოვებს, როცა საქართველოს ნაკრებში გამოძახებენ. კახა ცხადაძემ ის უკვე შეიყვანა გაფართოებულ სანაკრებო სიაში და ორ კვირაში სანაკრებო შეკრებაზეც გამოცხადდება... მოკლედ, საბა კვირკველიას ყაზანში გუშინ დავუკავშირდით და საკლუბო-სატრანსფერო ამბების გარდა, ნაკრებზეც ვკითხეთ.

ყაზანში თავს ბედნიერად ვგრძნობ, ამ ქალაქში და კლუბში ყველაფერი მაკმაყოფილებს და, ალბათ, ამიტომაც სხვა გუნდში გადასვლით ძალიანაც არ დავინტერესებულვარ _ გვითხრა საბა კვირკველიამ, ვინც ახლა რუბინთან ერთად გროზნოს ტერეკთან პრემიერლიგური დაპირისპირებისთვის ემზადება, _ ყაზანში ისე ვარ, თითქოს შინ ვიყო, ადგილობრივებისგან პატივისცემა და ყურადღება არ მაკლია. ამიტომაცაა, რომ ყაზანიდან აბარგებას არ ვჩქარობ და, სულ ცოტა, სამი თვე კიდევ აქ ვიქნები. თანაც, რუბინიდან საშუალო ევროპული დონის კლუბში სათამაშოდ არც წავალ. 

რამდენად რეალური იყო სეზონის განახლებამდე შენი სხვა კლუბში გადასვლა?

რეალური კი არა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო, რომ პრემიერლიგის მეორე წრეს ოთხი რუსული გრანდიდან ერთ-ერთში შევხვდებოდი, მაგრამ მწვრთნელის მოთხოვნით, რუბინმა ტრანსფერზე ბოლო მომენტში კატეგორიული უარი თქვა. 

ცეესკა, ზენიტი, მოსკოვის დინამო და სპარტაკი _ რუსული ფეხბურთის გრანდები ესენი არიან...

სპარტაკისგან ინტერესი არ ყოფილა, სხვა გუნდი იყო.

კი მაგრამ, სწორედ მწვრთნელმა თქვა, რომ შესაძლოა, კვირკველიამ სეზონი სხვა გუნდში განაახლოსო...

არ ვიცი, მწვრთნელმა რუსულ პრესასთან რა თქვა, ფაქტი კი ისაა, რომ სწორედ ბილიალეტდინოვის მოთხოვნით ჩაიშალა ჩემი სატრანსფერო ამბავი. 

რატომ?

რუბინი წლეულს ევროტურნირზე თამაშს უმიზნებს და ამიტომ ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეცადა, რომ შეთამაშებული შემადგენლობა შეენარჩუნებინა. გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა კი დატოვა, მაგრამ ახალწვეულებიც გვყავს და, თუ არ გავძლიერებულვართ, არც საგრძნობლად დავსუსტებულვართ. მეორე წრეც მოგებით დავიწყეთ და კალენდარიც ისეთი გვაქვს, გაზაფხულზე ბევრი მატჩი უნდა მოვიგოთ. ევროტურნირის საგზურის მოპოვება რუბინის დღევანდელი შემადგენლობისთვის სრულიად რეალურია.

რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების გუნდებსაც ხომ არ სურთ შენი გადაბირება?

დიახ, რამდენიმე ევროპული გუნდის ინტერესიც არის, მაგრამ ის ვარიანტებიც არ გამოვიდა, კლუბისა და ჩემი სურვილის გარდა, რუბინში დავრჩენილიყავი, კიდევ იყო გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორები, მაგალითად, ის, რომ ეროვნულ გუნდში არ მაქვს სასურველი რაოდენობის მატჩები ჩატარებული...

ეროვნულ გუნდში თამაშების რაოდენობით მხოლოდ ინგლისში, უფრო სწორად, ბრიტანულ გუნდებში მოწყობისას ინტერესდებიან. ინგლისის პრემიერლიგიდან გეპატიჟებოდნენ?

კონკრეტულად რომელი გუნდი, ვერ გეტყვით, რადგან ამ კლუბში გადასვლა გამორიცხული ჯერაც არ არის. დიახ, ინგლისიდან მქონდა სატრანსფერო წინადადება, მაგრამ საქმე ჯერ არ გამოვიდა. 

თქვი, საშუალო ევროპული დონის გუნდში არ წავალო. ჩავთვალოთ, რომ ეს ინგლისური გუნდი ტოპ-კლასისაა?

არა მხოლოდ ინგლისური გუნდი, ერთ-ერთი, რომელსაც ჩემი ტრანსფერის ინტერესი ჰქონდა, მილანის ინტერი იყო. ისიც ვიცი, რომ, ამათ გარდა, დაინტერესება კიდევ სამი-ოთხი გუნდისგან არის. 

თუმცა ახლა ძალიანაც რომ მოინდომო, ვერსად წახვალ...

დიახ, ყველა შემთხვევაში სეზონის ბოლომდე რუბინში ვითამაშებ, ზაფხულში კი, ვნახოთ. ვიმედოვნებ, კარიერას ისეთ კლუბში გავაგრძელებ, რომელიც მუდამ მაღალი მიზენებისთვის იბრძოლებს.
 
საქართველოს ნაკრებზე რას გვეტყვი. იცნობ ახალ მწვრთნელს?

კახა ცხადაძესთან ურთიერთობა ჯერ არ მქონია, თუმცა მის მაღალ კვალიფიკაციაში დარწმუნებული ვარ. სადაც კი ჩვენს ახალ დამრიგებელს აქამდე უმუშავია, ყველგან კარგი შედეგი ჰქონია. თანაც, ბიჭებისგან ვიცი, რომ გადმოცემისა და ახსნის კარგი უნარი აქვს, რაც ჩვენთვის მოსაცემ კონკრეტულ დავალებას უფრო გასაგებს გახდის. ვნახოთ, ველი მასთან შეხვედრას და გაცნობას...

ისე, ნაკრებში სწორედ იმ პოზიციაზე თამაშობ, რომელზეც კახა ცხადაძემ მთელი კარიერა გაატარა, თანაც, აღნაგობითაც წააგავხართ ერთმანეთს...

კახა ცხადაძესთან მუშაობა ჩემთვის ამითაც ორმაგად საინტერესოა. მისგან ყველა შენიშვნა და დავალება ჩემთვის მნიშვნელოვანი და სამომავლოდ გასათვალისწინებელი იქნება. ვიცი, რომ ცხადაძე ცენტრალური მცველი იყო და უმაღლეს დონეზე თამაშობდა. ისე კი, ფეხბურთს მხოლოდ სიმაღლე არ თამაშობს.

მალტასთან და გერმანიასთან მატჩებისთვის გამოძახებულთა შემადგენლობას გაეცანი?

დიახ, ვნახე სანაკრებო სია და ვფიქრობ, მოულოდნელი არაფერია. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ის ფეხბურთელები გამოძახა, რომლებიც ამას ახლა ყველაზე მეტად იმსახურებენ. დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული მატჩისთვისაც კახა ცხადაძე ზუსტად შეარჩევს ოპტიმალურ შემადგენლობას. ამჯერად ნაკრებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი არ არის, რომლებიც თემურ ქეცბაიას დროს რეგულარულად თამაშობდნენ, მაგრამ, ვფიქრობ, მწვრთნელს ის ფეხბურთელები თვალთახედვის არეში ჰყავს და სხვა მატჩებისთვის გამოიძახებს... 

ლუკა თალაკვაძე