სიახლეები

შევჩენკო კიევიდან ქუთაისში

გაუზიარე

ქუთაისის ტორპედოში უკრაინელი მეკარე, 23 წლის ალექსეი შევჩენკო ითამაშებს. შევჩენკო კიევის დინამოს საკუთრებაა, შარშანწინ კიეველებმა ზაპოროჟიეს მეტალურგიდან აიყვანეს. თუმცა, ამ მეკარეს დინამოელთა ძირითად გუნდში არ ათამაშებდნენ, შემდეგ გაანათხოვრეს ჰოვერლაში და კიდევ, დონეცკის ოლიმპიკშიც. სხვათა შორის, შევჩენკოს 2018 წლის ზაფხულამდე აქვს კიევის დინამოსთან კონტრაქტი. 

"ქუთაისის ტორპედოში სეზონის ბოლომდე გავაფორმეთ საიჯარო ხელშეკრულება" - ამბობს ფეხბურთელის აგენტი ვადიმ შაბლი. 

თავად ალექსეი შევჩენკო უკრაინულ ფოოტბალლ.უა-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება და ამ მიზნით აირჩია ტორპედო: 

"ჩემმა აგენტმა ერთი თვის წინ დაიწყო კლუბის ძებნა. მჭირდებოდა ისეთი გუნდი, სადაც თამაშის ასპროცენტიან გარანტიას მომცემდნენ. ტორპედოს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ აგენტს და ქუთაისში ჩასვლა შემომთავაზეს. 

... საქართველოს ჩემპიონატში 13 ტური დარჩა და მინიმუმ 10 უნდა მოვიგოთ. ცხრილში სიმჭიდროვეა, ქულებში დიდი სხვაობა არაა და სრულიად რეალურია, რომ მაღალი ადგილი დავიკავოთ. 

... საქართველოს ჩემპიონატში არაერთი უკრაინელი ფეხბურთელი გადავიდა, მაგრამ ჯერ არავისთან მისაუბრია. ტორპედოზე კი იმას ვიტყვი, რომ ადრე დიდ კონკურენციას უწევდა თბილისის დინამოს და ტრადიციული კლუბია. შემდეგ ქუთაისელებს პრობლემები ჰქონდათ, იყო ჩავარდნებიც. თუმცა ტორპედო უმაღლესი ლიგის გუნდია, რომელიც გახსნილ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს. ეს უკვე საინტერესოა ჩემთვის". 

ილია ნანობაშვილი