სიახლეები

გიორგი ჩიხრაძე: ევროპა გვინდა

გაუზიარე

აზერბაიჯანული სიმურგის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიხრაძემ განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი ევროთასებზე გასვლაა. სიმურგი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალშიც თითქმის გასულია: გაბალასთან პირველი მატჩი 3:0 მოიგო და დღეს საპასუხო თამაში ელის. ზაქათალის კლუბი ფინანსურად აშკარად ჩამორჩება სხვა აზერბაიჯანულ გუნდებს, თუმცა მაინც ახერხებს მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. 

"გაბალასთან მეორე მატჩისთვის სრული მობილიზებით ვემზადებით. საბოლოო შედეგი სწორედ მეორე შეხვედრის შემდეგ დაფიქსირდება, ასე რომ, მოდუნებას არ ვაპირებთ. სამომავლო გეგმები? არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, რადგან ჯერ უახლოეს თამაშზე ვფიქრობთ. ისე კი, მიზნად ევროტურნირებზე გასვლა დავისახეთ. როდესაც თბილისის ამერს ვწვრთნიდი, ორჯერ მოვიგეთ საქართველოს თასი და გეტყვით, რომ ეს შესანიშნავი გრძნობაა. ვისურვებდი, კიდევ განვიცადო ისეთივე სიხარული" – თქვა ჩიხრაძემ. 

ამერი პირველად 2006 წელს, კლუბის დაარსებიდან ოთხი წლის შემდეგ გავიდა უეფას თასზე. მაშინ თბილისელებმა ერევნის ბანანცი გამოთიშეს (0:1, 2:1) და ბერლინის ჰერტასთან გავარდნენ (0:1, 2:2). ბუნდესლიგის კლუბს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. 

ილია ნანობაშვილი