სიახლეები

17-წლამდელები სხინდელში დღეს იწყებენ

გაუზიარე

დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ჰოლანდიაში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდს მასპინძელ თანატოლებთან მატჩით იწყებს. მწვრთნელმა გოჩა ტყებუჩავამ ტურნირისთვის 18 ფეხბურთელი შეარჩია. ჰოლანდიამდე ქართველი 17-წლამდელები გერმანიაში ემზადებოდნენ, სადაც მწვრთნელმა 20 ფეხბურთელი იახლა, თუმცა მათგან ორი თბილისში გამოაბრუნა _ თორნიკე მუზაშვილი და ერეკლე მალაზონია, რომლებსაც გოჩა ტყებუჩავა მომავალში გამოიყენებს, დღეს კი მისი რჩეულები ესენი არიან: 

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო), ლევან ისიანი (დინამო, თბილისი).

მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა - დინამო), გიორგი ბერძენაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ ბულუხაძე (საბურთალო), თორნიკე ჭურაძე (ზესტაფონი).

ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა - საბურთალო), ვატო არველაძე (ქასიმფაშა, თურქეთი), აკაკი ყურაშვილი (დინამო), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე - ლოკომოტივი, თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ლოკომოტივი, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე (დინამო, თბილისი), გიორგი გვასალია (ვიტ ჯორჯია).

მასპინძლებთან ერთად ჩვენს ჯგუფში ჰოლანდიის მეზობელი ბელგია და ჩრდილოეთ ირლანდია არიან. ელიტრაუნდის გახსნის მატჩი სწორედ ჰოლანდია-საქართველოა, რომელიც ქალაქ სხინდელის სტადიონზე ჩვენი დროით 22 საათზე დაიწყება და უნგრელი ადამ ფარკაში განსჯის. მომდევნო შეხვედრას საქართველო 14 მარტს იმავე სტადიონზე და იმავე არბიტრით ჩაატარებს. ტურნირის ბოლო, ეგებ გადამწყეტი შეხვედრა ქალაქ დე ბატავენში, `გენდტის~ სტადიონზე გაიმართება, რომელსაც სერბი მილან ილიჩი გაუძღვება. 

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდამდე თბილისში სლოვაკ თანატოლებთან ორი მატჩი ჩაატარა და გიორგი არაბიძის გოლით ერთი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგო, მეორე კი 1:1 ითამაშა და გოლი ბექა ნიკოლაიშვილმა გაიტანა. სლოვაკებამდე გოჩა ტყებუჩავამ გუნდი მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ათამაშა, უფრო ადრე კი, თბილისშივე, დანიელებს ორჯერ გააჯიბრა. 

რაც შეეხება ჰოლანდიას, ამ გუნდმა ელიტრაუნდამდე ბოლო მატჩი სერბებთან ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა. ჰოლანდიას მაარტენ სტეკელენბურგი წვრთნის. ჰოლანდიელებს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატებში 54 მატჩი მოუგიათ, 20 ფრედ უთამაშიათ და 13 წაუგიათ. ჰოლანდია არის ევროპის 2011 და 2012 წლების ჩემპიონი, 2013 წელს ელიტრაუნდს ვერ გაცდა, შარშან კი ფინალში გავიდა და ინგლისთან წააგო. 

შედარებისთვის ვთქვათ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ელიტრაუნდსა და ფინალურ ეტაპზე სულ 18 მატჩი აქვს მოგებული, 9 ფრედ ითამაშა და 28 წააგო. ჩვენებს საუკეთესო შედეგი 2012 წელს ჰქონდათ, როცა ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით გუნდმა სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალს უწია, სადაც მომავალ ჩემპიონ ჰოლანდიასთან ბოლო წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა. ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი თბილისის ლოკომოტიველი გიორგი არაბიძე გახლავთ, ვინაც სამ შესარჩევ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა... 

საინტერესოა, რომ ევროპის 17-წლამდელთა პირველობას უეფა 2002 წლიდან ატარებს და სხვადასხვა დროს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული უეინ რუნის, ტონი კროოს, სესკ ფაბრეგასს, მიგელ ველოზოს, ბოიან კრკიჩს, მარიო გიოტცეს დაუმსახურებიათ... 

თუმცა ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატზე, იქამდე კი ელიტრაუნდია, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის დღეს, 22 საათზე იწყება. წარმატებები ვუსურვოთ...

ლუკა თალაკვაძე