სიახლეები

წილი ნაყარია

გაუზიარე

გუშინ "მიხეილ მესხის" საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩების კენჭისყრა გაიმართა. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ჩიხურა - სამტრედია

დინამო - ცხინვალი

პირველი შეხვედრები 7 აპრილს გაიმართება, საპასუხოები - 28 აპრილს.

თასისთვის ბრძოლას შემორჩენილი ოთხეულიდან მხოლოდ დინამოს აქვს ეს ტიტული მოგებული, თანაჩ, 11-ჯერ. ჩიხურა კი ორჯერ იყო ახლოს თასის მოგებასთან, მაგრამ ორჯერვე (2013 და 2014 წლებში) დინამოსთან წააგო ფინალური შეხვედრა. ცხადია, არის იმის შანსი, რომ დინამო და ჩიხურა ზედიზედ მესამედაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თასის ფინალში, მაგრამ მანამდე ხომ ნახევარფინალური შეხვედრების წარმატებით ჩატარებაა საჭირო. რაც შეეხება სამტრედიას და ცხინვალს,ამ გუნდებს ფინალში ჯერ არ უთამაშიათ.

იმერულ დერბიში ფავორიტის დასახელება რთულია. ერთი მხრივ, ჩიხურა სათასო გუნდად ჩამოყალიბდა და ყველაფერს იღონებს, რომ მესამედაც გააღწიოს ფინალში, მითუმეტეს,რომ ჩემპიონატში მთლად სასურველად არ მისდის საქმეები და ევროარენაზე გასვლა თასიდან უფრო რეალურია. სამტრედიამ ნახევარფინალამდე რთული გზა გაიარა, თუმცა ზაზა ზამთარაძეს გუნდი ისე ჰყავს დაკომპლექტებული, რომ ევროტურნირზე თამაშის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.

მეორე წყვილში უდავო ფავორიტი მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი, ამჟამადაც ჩემპიონატის ლიდერი თბილისის დინამოა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მხოლოდ ფავორიტის სტატუსი წარმატების გარანტია არ არის - ამისთვის ორივე მატჩის მაღალ დონეზე ჩატარებაა საჭირო. ცხინვალს კენჭისყრისას არ გაუმართლა, მაგრამ, შეგახსენებთ, რომ სპარტაკმა 1/16 და 1/4 ფინალებში პირველი შეხვედრები წააგო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ახლა ნახევარფინალშია, ანუ კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა რთული სიტუაციიდან გამოსავალის პოვნა იციან და არც დინამოს დაუთმობენ რამეს იოლად.

ნახევარფინალამდე გუნდებმა ასეთი გზა გაიარეს:

ჩიხურა

1/8 ფინალი ზესტაფონი (0:0, 1:0)
1/4 ფინალი მეტალურგი (0:0, 3:0)

სამტრედია

1/16 ფინალი ბეთლემი (3:0, 4:1)
1/8 ფინალი ბათუმი (1:4, 3:0)
1/4 ფინალი ტორპედო (2:1, 0:0)

დინამო 

1/8 ფინალი შუქურა (1:1, 3:1)
1/4 ფინალი დილა (0:0, 1:0)

ცხინვალი 
1/16 ფინალი საბირთალო (1:2, 3:0)
1/8 ფინალი საპოვნელა (3:0, 0:0) 
1/4 ფინალი ვიტ ჯორჯია (4:5, 4:1)

გია ჯიშკარიანი (დინამო): "ძალიან საინტერესო წყვილებია. როგორც თასის გათამაშებას შეეფერება, დაძაბული თამაშების მოლოდინში ვართ. ფინალში კი ღირსეულები გავლენ."

დავით მუჯირი (სამტრედია): "ნახევარფინალურ სტადიაზე სუსტი მეტოქეები აღარ არიან, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ შეგვხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აპრილი კალენდრის თვალსაზრისით გადატვირთული თვეა, იმედი მაქვს, რომ ჩიხურასთან შეხვედრებს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით"

დავით ცაბაძე (ცხინვალი): "ყველაზე ტიტულოვანი მეტოქე გვერგო. ვერავინ იტყვის, რომ დინამო აღარ არის ძველებურად ძლიერი. ორი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის და თავს არ დავზოგავთ, რომ ფინალში გავიდეთ."

სოსო ფრუიძე (ჩიხურა): "სამტრედია ძლიერი მეტოქეა და ფინალში გასასვლელად დიდი ბრძოლა გველის. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზანი ფინალში თამაშია".

პაატა ძნელაძე