სიახლეები

დინამო, დილა, დინამო – ცხრილის სათავეში მუდმივი როტაცია ეროვნულის რჩეულები და სხვა ამბები

გაუზიარე

თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული ჩემპიონატი თებერვლის ბოლოს განახლდა, თებერვალ-მარტში გაიმართა თასის მეოთხედფინალური ეტაპიც. ამ მოკლე პერიოდში გამორიცხული იყო, სატურნირო ცხრილში კარდინალური ცვლილებები მომხდარიყო, მაგრამ უკვე შესამჩნევია, რომელი კლუბი ადგას პროგრესის გზას და რომელი – რეგრესისას.
თებერვალში უმაღლესი ლიგის სულ ორი ტური გაიმართა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მე-17 ტური თებერვლის ბოლო და მარტის პირველ დღეზე გაიყო, მაგრამ თვის მიმოხილვა სრულყოფილი რომ გამოსულიყო, 1 მარტს გამართული მატჩებიც თებერვლის მოვლენებს მივათვალეთ. თებერვლის სიმბოლური ნაკრების შედგენისას მხედველობაში თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩებიც მივიღეთ. უმთავრესად, სწორედ აქ შესრულებული დუბლის წყალობით მოხვდნენ თვის სიმბოლურ ნაკრებში ვიტ ჯორჯიას მცველი ლუკა თათხაშვილი და სამტრედიას თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე.
განვლილი ტურები `ჩვენმა თამაშმა~ დეტალურად მიმოიხილა და ამიტომ თებერვალში განვითარებული მოვლენების დეტალური გახსენებით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ უმთავრეს ამბებს შევეხებით.
- მეორე წრის პირველ ტურში ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. დინამომ სამტრედიაში `ექვსქულიანი~ თამაში მოიგო, რითაც საჩემპიონო რბოლაში უაღრესად მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო;
- თებერვლის ორივე შეხვედრაში გაიმარჯვა ბათუმმა, რასაც მარტში კიდევ ერთი მოგება მიაყოლა და უმაღლეს ლიგაში ახლად გადმოსული გუნდი დღეს მესამე პოზიციაზეა უფრო მეტის მიღწევის პერსპექტივით;
- მეორე წრის სტარტზე ასევე ორივეჯერ მოიგო დილამ, რითაც გალიდერდა კიდეც, მაგრამ, როგორც მალე გაირკვა, გორელთა პირველობამ სულ რამდენიმე დღე გასტანა;
- ზუგდიდმა საწყის ორ ტურში ექვსი შესაძლებლიდან ამდენივე ქულა მოიპოვა, ბოლო ადგილს თავი დააღწია და უმაღლეს ლიგაში დარჩენის რიგიანი შანსი გაიჩინა;
- ბოლნისის სიონმა მეორე წრე მარცხით დაიწყო, მაგრამ, სამაგიეროდ, მეორე ტურში დინამოს სძლია და გარდა იმისა, რომ დედაქალაქელებს საქმე გაურთულა, თავად მნიშვნელოვანი სამი ქულა მიითვალა;
- ქობულეთის შუქურაში ბრაზილიელი ლეგიონერები გამოჩნდნენ. ჯერჯერობით მათ არ გაუბრწყინიათ, მაგრამ დაველოდოთ, რას იზამენ აქაურობასთან ადაპტაციის შემდეგ;
- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მარტვილის სტადიონს დაუბრუნდა მერანი. ცხინვალთან განცდილმა მარცხმა იქაურ ქომაგებს საზეიმო განწყობა წაუხდინა;
- ვერა და ვერ ახერხებს კრიზისისგან თავის დაღწევას ტორპედო. ქუთათურებს წლეულს ოფიციალური მატჩი ჯერ არ მოუგიათ და თასიდანაც გავარდნენ;
- უსახსროდ და ბედის ანაბარად დარჩენილ მეტალურგს ქართული საფეხბურთო რუკიდან გაქრობის საფრთხე ემუქრება;
- ვიტ ჯორჯია სატურნირო ცხრილის ფსკერზე უკვე მყარადაა ჩარჩენილი. ამას თასიდან გავარდნა დაემატა და გუნდს მწვრთნელიც შეეცვალა.


ახლა კი გავიხსენოთ, ვინ რატომ მოხვდა "ჩვენი თამაშის" თებერვლის სიმბოლურ ნაკრებში

მიხეილ ალავიძე (დინამო ბთ): წლეულს ოფიციალურ მატჩებში ჯერ გოლი არ გაუშვია. ცხადია, ეს არა მხოლოდ მისი, მთელი გუნდის დამსახურებაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბათუმელთა კარს საიმედო დარაჯი ჰყავს.

ლუკა თათხაშვილი (ვიტ ჯორჯია): ცხინვალთან სათასო შეხვედრაში დუბლი შეასრულა, რასაც მერანთან დაპირისპირებაში ორი საგოლე გადაცემა მოჰყვა. ეს მხოლოდ მცველისთვის კი არა, შემტევისთვისაც ჩინებული შედეგია.

ალექსანდრე გურეშიძე (სიონი): ახალგაზრდა მცველმა საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა დინამოსთან მოგებულ მატჩში. სწორედ ეს არის მისი სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის უმთავრესი მიზეზი.

ალან ბაგაევი (დილა): გორელთა ახალწვეული კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. დილას ორივე მოგებულ მატჩში ბაგაევი დაცვის ცენტრში, ფაქტობრივად, უშეცდომოდ გაისარჯა.

ლაშა ჩიკვაიძე (ჩიხურა): ჩიხურას მცველმა თავის გუნდს ზესტაფონთან გასვლითი შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლით ქულა გადაურჩინა, ამის წინა ტურში კი, სიონთან მოგებულ მატჩში, საგოლე პასის ავტორად მოგვევლინა.

ლუკა გუგუჩია (ზუგდიდი): ზუგდიდელთა მარჯვენა ნახევარმცველმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა რუსთავში, სადაც გამარჯვების გოლი გაიტანა. გუგუჩია შუქურასთან მოგებულ თამაშშიც გამოირჩეოდა.

თეიმურაზ შონია (დინამო ბთ): ბათუმელთა ნახევარდაცვის საკვანძო ფიგურაა. რიგიანად შეუძლია მეტოქის თამაშის ჩაშლაც და თავისიანთა შეტევის გამწვავებაც. თებერვლის მატჩებში ეს თვისებები ჩვეულ დონეზე გამოავლინა.

ნიკა კვეკვესკირი (დილა): არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აკისრია კვეკვესკირს დილაში. ცხინვალთანაც ჩვეულად ითამაშა და ტორპედოსთანაც, ამას გარდა, ქუთაისელებთან შეხვედრაში ანგარიში სწორედ მან გახსნა.

ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი): ცხინვალის ახალგაზრდა შემტევი თამაშს ორივე ფლანგიდან ამწვავებს. კახა კაჭარავას გუნდში სწორედ იგია ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული მოთამაშე. მარტვილში მოგებულ მატჩში გატანილი ორი ცხინვალური გოლიდან ერთ-ერთი მისია.

თორნიკე კაპანაძე (სამტრედია): სამტრედია-ტორპედოს სათასო შეხვედაში მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის სტუმრები 1:0-ს იგებდნენ, თუმცა კაპანაძის მიერ 65-ე და 67-ე წუთებზე გატანილი ბურთებით სამტრედიამ 2:1 გაიმარჯვა, მერე ქუთაისში უგოლო ფრეს მიაღწია და ნახევარფინალში გავიდა.

თვის ფეხბურთელი

მანუელ ონვუ (დინამო თბ)
თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე პრეტენზია სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილ ნებისმიერ მოთამაშეს შეიძლება ჰქონდეს, რადგან სხვებზე ერთი თავით მაღლა აშკარად არავინ იდგა. მანუელ ონვუ კი იმიტომ ვარჩიეთ, რომ სამტრედია-დინამოს დაპირისპირების ბედი სწორედ მისმა გოლმა გადაწყვიტა. ესპანელ ფორვარდს აშკარად ეტყობა საიმისო კლასი, რომ ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეული იყოს. ამაზე ზესტაფონთან მატჩში შესრულებული დუბლიც მეტყველებს, თუმცა ეს უკვე მარტის თვეში მოხდა.

თვის მწვრთნელი

შოთა ჭეიშვილი (დინამო ბთ)
თებერვლის წარმოსახვით ცხრილს ბათუმი ლიდერობს და სრულიად ლოგიკური იქნება, თუ სიმბოლურ ნაკრებს სწორედ ამ გუნდის მწვრთნელს `ჩავაბარებთ~. ზღვისპირულ კლუბს, რეალურად, ტრიო წვრთნის, ასე რომ, შოთა ჭეიშვილთან ერთად ასლან ბალაძე და ლევან ხომერიკიც უნდა ვახსენოთ.

XVI ტური

გურია-ზესტაფონი 1:0
ზუგდიდი-შუქურა 1:0
ჩიხურა-სიონი 2:0
სამტრედია-დინამო თბ 0:1
ვიტ ჯორჯია-მერანი 2:2
ცხინვალი-დილა 0:1
დინამო ბთ-მეტალურგი 2:0
ტორპედო-კოლხეთი 0:0

XVII ტური

შუქურა-გურია 2:0
კოლხეთი-დინამო ბთ 0:2
სიონი-დინამო თბ 2:1
ზესტაფონი-ჩიხურა 2:2
მეტალურგი-ზუგდიდი 0:1
დილა-ტორპედო 2:1
მერანი-ცხინვალი 0:2
ვიტ ჯორჯია-სამტრედია 0:1

თებერვლის ვირტუალური ცხრილი

1. დინამო ბთ 2 2 0 0 4-0 6
2. დილა         2 2 0 0 3-1 6
3. ზუგდიდი 2 2 0 0 2-0 6
4. ჩიხურა        2 1 1 0 4-2 4
5. შუქურა        2 1 0 1 2-1 3
6. ცხინვალი 2 1 0 1 2-1 3
7. დინამო თბ     2 1 0 1 2-2 3
8. სამტრედია 2 1 0 1 1-1 3
9. სიონი         2 1 0 1 2-3 3
10. გურია        2 1 0 1 1-2 3
11. ზესტაფონი 2 0 1 1 2-3 1
12. ვიტ ჯორჯია2 0 1 1 2-3 1
13. ტორპედო 2 0 1 1 1-2 1
14. მერანი        2 0 1 1 2-4 1
15. კოლხეთი 2 0 1 1 0-2 1
16. მეტალურგი 2 0 0 2 0-3 0


სატურნირო მდგომარეობა 18 ტურის შემდეგ

1. დინამო თბ    18 11 2 5 31-17 35
2. დილა             18 10 4 4 25-15 34
3. დინამო ბთ    18 10 3 5 22-14 33
4. სამტრედია    18 9 4 5 21-13 31
5. ცხინვალი     18 9 3 6 18-22 30
6. ჩიხურა            18 7 5 6 21-21 26
7. გურია             18 6 7 5 18-25 25
8. შუქურა            18 6 6 6 18-18 24
9. მეტალურგი    18 6 5 7 19-19 23
10. მერანი            18 5 7 6 14-15 22
11. კოლხეთი    18 5 6 7 15-19 21
12. ზესტაფონი    18 4 8 6 33-28 20
13. ტორპედო    18 3 9 6 19-21 18
14. ზუგდიდი    18 4 6 8 10-19 18
15. სიონი            18 4 5 9 15-25 17
16. ვიტ ჯორჯია    18 3 4 11 16-24 13 

ბომბარდირები

დვალი (ზესტაფონი) 10
მოდებაძე (დილა) 8
კვერნაძე (ტორპედო) 7
პაპუნაშვილი (დინამო) 7
საბანაძე (ტორპედო) 7


ლევან ჯანეზაშვილი