სიახლეები

სწავლა მასწავლებელთა

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის ორივე ასაკობრივი გუნდი 2-7 მარტს კვიპროსზე, აია ნაპაში იმყოფებოდა საერთაშორისო ტურნირზე. ჩვენი ჭაბუკების გარდა, ტურნირში მონაწილეობდნენ სომხეთისა და მაკედონიის აკადემიების აღსაზრდელები, ასევე, კვიპროსის 14 და 15-წლამდელთა ნაკრებები. ამ ტურნირში შედეგი არ იყო მთავარი, სამი აკადემიის წარმომადგენლებმა ერთგვარად შეაჯამეს გაწეული სამუშაო და უკეთ დაინახეს, თუ რა არის უკეთ საკეთებელი და სად უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. ყოველივე ამის შესახებ ჩვენი აკადემიის მენეჯერს, გიორგი ხაჩიძეს დავეკითხეთ: 

"ეს ტურნირი არა მხოლოდ სპორტული, შემეცნებითი ხასიათისაც იყო, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის. აკადემიის წარმომადგენლებს გვქონდა საუბრები სპეციფიურ თემებზე, შედგა სამი შეხვედრა-სემინარი, სადაც ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები, განვიხილეთ აკადემიის მუსაობის დეტალები, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეგვძინა კვიპროსის ტურნირმა. გამოჩნდა, რომ ტექნიკურად და ფიზიკურად მეტოქეებთან შედარებით კარგად ვიყავით მომზადებულნი და ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოზარდ ფეხბურთელებთან გეგმის მიხედვით მუშაობის შემთხვევაში შედეგი აუცილებლად მოვა. ტურნირზე მრავლად იყო სიახლეები, მაგალითად, თითოეულ თამაშში შეგვეძლო რვა ცვლილების განხორციელება, ამან იმის საშუალება მოგვცა, რომ პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში 19 ფეხბურთელს ეძლეოდა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა და თითოეულმა მათგანმა საკმარისი სათამაშო პრაქტიკა მიიღო. სიახლე იყო ისიც, რომ სამართლიანი თამაშის წესების დარღვევისთვის კი ფეხბურთელს რვა წუთით ატოვებინებდნენ მოედანს. მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში თერთმეტმეტრიანების სერია ინიშნებოდა, არა იმიტომ, რომ აუცილებელი იყო გამარჯვებულის გამოვლენა, არამედ იმიტომ, რომ თერთმეტმეტრიანიც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და ამაშიც დამატებითი ვარჯიშის საშუალება ეძლეოდათ. საერთო ჯამში, კვიპროსიდან კმაყოფილები დავბრუნდით, თუმცა ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ ევროპულ ფეხბურთს ბევრ კომპონენტში ჩამოვრჩებით. მაგრამ ჩვენი გეგმის მიხედვით მივდივართ, გვჯერა ამ ბიჭების და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დიდი ფეხბურთი ითამაშონ."

თბილისში დაბრუნების შემდეგ ბავშვებს რამდენიმე დღე მიეცათ დასასვენებლად, 10 მარტიდან კი აკადემიის ორივე ასაკობრივმა გუნდმა "ბასაზე" ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა ვარჯიში ელიტლიგის შეხვედრებისთვის. შეგახსენებთ იმასაც, რომ ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემიის კომპლექსის მშენებლობა რუსთავში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და გეგმის მიხედვით, ძირითადი სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს.

პაატა ძნელაძე