სიახლეები

პატარა კაპიტანი

გაუზიარე

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სკოლის ასაკშივე ეტყობათ დიდი პოტენციალი. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ბურთთან ურთიერთობა ან შურდულივით სისწრაფე, ან თუნდაც განსაკუთრებული კუნთმაგრობა. არა, უბრალოდ, ეტყობა, რომ ჭკვიანურად მოქმედებს, თამაშს კითხულობს, მოედანს ხედავს, თანაგუნდელებს შენიშვნებს აძლევს და თუ საჭიროა, ყვირის. 

სწორედ ასეთია ნიკა ჭანტურია. დღეს აღარც 1981 წლის დინამოა და აღარც 90-იანი წლებისა, მაგრამ ისტორია ისტორიაა და დინამო თბილისი ყველა პარამეტრებით მაინც ითვლება ნომერ პირველ ქართულ კლუბად. ჰოდა, ასეთ კლუბში კაპიტნად ნიშნავენ ფეხბურთელს, რომელსაც ეს ესაა, 20 წელი შეუსრულდა – მგონი, ეს ცოტას არ ნიშნავს. 

სამწუხაროდ, ნიკა ჭანტურია მინიმუმ ექვსი თვე ვერ მოირგებს სამკლავურს და ვერც ითამაშებს. მიზეზი ზესტაფონთან მიღებული ტრავმაა, ნიკამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, ამას მენისკიც დაემატა და აუცილებლად საჭიროებს ოპერაციას. ასეთი ტრავმა მინიმუმ ექვს თვეს აკარგვინებს ფეხბურთელს. 

მაგალითად შეიძლება გიორგი რეხვიაშვილის მოყვანა. ბოლუსფორში ოთხი თვის წინ მიიღო მსგავსი ტრავმა და გუნდთან ვარჯიში ჯერაც არ დაუწყია.  

გუშინწინ, როცა დინამომ დილას 1:0 მოუგო, ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული ტრავმის სიმძიმე. გუშინ კი გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ოპერაცია გარდაუვალია. ოპერაცია გერმანიაში გაკეთდება, შემდეგ კი დადგება რეაბილიტაციის დამღლელი პროცედურები. 

ასეთ დროს ფეხბურთელს თანადგომა და დამშვიდება სჭირდება. ჭანტურიაზე უკვე ვთქვით, რომ ლიდერია, პიროვნული თვისებებით გამოირჩევა და დარწმუნებულნი ვართ, ეს ტრავმა არ გატეხს. ნიკას შარშანდელ მარტშიც აწუხებდა ტრავმა და ზედ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წინ გამოჯანმრთელდა. 

ზრდილობიანი, კარგი მოსაუბრე, რომელიც საქმეში პირველად საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ვნახეთ. ვასილ მაისურაძის გუნდშიც გამორჩეული, ნამდვილი კაპიტანი იყო და იქაც არ გაუმართლა... ოღონდ, მაშინ ტრავმა არაფერ შუაში იყო: ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ჰოლანდიასთან საწყის წუთებში რუმინელმა მსაჯმა მარიუშ ავრაამმა საიდანღაც მოიგონა წითელი ბარათი და გააძევა. 

ნიკა დინამოსაც დააკლდება და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებსაც. ვინ იცის, ამ პერიოდში კახა ცხადაძესაც დაეწინაურებინა ეროვნულ გუნდში. 

ილია ნანობაშვილი