სიახლეები

ვიტ ჯორჯიას ახალი თავი - თენგიზ კობიაშვილი

გაუზიარე

როგორი იქნება გუნდი ბერიძე-კოჭლაშვილის შემდეგ?

უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ ვიტ ჯორჯიას ახალი მწვრთნელი ჰყავს _ 39 წლის თენგიზ კობიაშვილი. ის აქამდე ამავე კლუბის დუბლებს ხელმძღვანელობდა. 
ვიტ ჯორჯიამ სეზონი საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად ცხინვალის 5:4 დამარცხებით კი განაახლა, მაგრამ შემდეგ მერანთან 2:2, იმავე ცხინვალთან ჩემპიონატის მატჩში 0:1, სამტრედიასთან 0:1 და თასის საპასუხო მატჩში 1:4 ითამაშა. ამ ანგარიშებს გუნდის სატურნირო ცხრილის ფსკერზე დაქვეითება და თასის გათამაშებიდან გავარდნა მოჰყვა, უხეირო შედეგს კი აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ზურაბ ბერიძე შეეწირა _ მან გადადგომის თაობაზე განცხადება სწორედ ცხინვალთან საპასუხო შეხვედრაში მარცხის შემდეგ დაწერა, კლუბის ხელმძღვანელობამ კი განცხადება უმლვევე დააკმაყოფილა. ზურაბ ბერიძეს ვიტ ჯორჯიას მწვრთნელის პოსტზე ადრეც უმუშავია, ბოლოს კი გუნდს 2013 წლიდან თავკაცობდა. 

რაც შეეხება თენგიზ კობიაშვილს. ქართულ საფეხბურთო სამყაროში ის უცხო არ არის. მან თამაში 1996 წელს თსუ-ში, ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიწყო, კარიერის დიდი ნაწილი კი სწორედ ვიტ ჯორჯიაში გაატარა _ გურამ რუხაძის გუნდში ის 1999 წელს მივიდა და 2007 წლამდე დარჩა. 2004 წელს თენგიზ კობიაშვილი ვიტ ჯორჯიას შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2011 წლიდან მუშაობა კლუბის სამწვრთნელო შტაბში დაიწყო და თავიდან უფროსი ასაკობრივი გუნდის თავკაცის თანაშემწედ, შემდეგ კი მწვრთნელად დაინიშნა. 2013 წელს თენგიზ კობიაშვილს ვიტ ჯორჯიას დუბლები ჩააბარეს. მისი გუნდი იმ სეზონში მესამე ადგილზე გავიდა, წლეულს კი კობიაშვილის აწ უკვე ყოფილი შეგირდები დუბლშემადგენლობების გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობენ. მას ა კატეგორიის სამწვრთნელო ლოცენზია აქვს.

სამწვრთნელო ცვლილების შემდეგ ვიტ ჯორჯიას პრეზიდენტს, გურამ რუხაძეს დავუკავშირდით...

დიახ, ვიტ ჯორჯიას მწვრთნელად თენგიზ კობიაშვილი იმუშავებს. ამ არჩევანზე დიდხანს არ გვიფიქრია. გადაწყვეტილება მისი პიროვნული და პროფესიული თვისებების გათვალისწინებით მივიღეთ. თენგიზ კობიაშვილმა სამწვრთნელო საქმიანობა ჩვენს კლუბში წარმატებით დაიწყო და ვიმედოვნებ, ასევე წარმატებით გააგრძელებს. ბოლო დროს ამბობდნენ, ვიტ ჯორჯიაში ბერიძეს კოჭლაშვილი ცვლის და პირიქითო, მაგრამ, აგერ, ჩვენი მთავარი გუნდის მწვრთნელის პოსტზე ახალი კაციც გამოჩნდა. ცნობილი ამბავია, რომ ვიტ ჯორჯია ფეხბურთელებს საკუთარ სკოლაში ზრდის და აწინაურებს, ახლა კი  ვიტ ჯორჯიაშივე აღზრდილ მწვრთნელზეც გადავედით _ თენგიზ კობიაშვილმა ხომ მწვრთნელობა სწორედ ვიტ ჯორჯიაში დაიწყო. კლუბის მთავარ გუნდში თავის გამოსაჩენად მას საკმაო დრო ექნება- გვითხრა გურამ რუხაძემ. 

პრეზიდენტის შემდეგ, ცხადია, ვიტ ჯორჯიას ახალ დამრიგებელს დავუკავშირდით და თავიდანვე ეს ვკითხეთ, რამდენად მოსალოდნელი იყო მისთვის კლუბის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება:

აქამდე ორი წელი ვიტ ჯორჯიას დუბლებს ვხელმძღვანელობდი და ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან მთავარი გუნდის გაძღოლაც მომიხდებოდა, მაგრამ არ ველოდი, ჩემი ჯერი ახლავე თუ დადგებოდა. კლუბის პრეზიდენტთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ფრიად საპასუხისმგებლო საქმის კეთებას დავთანხმდი და იმედია, არ შევმცდარვარ. ვიტ ჯორჯიას ახლა რთული პერიოდი აქვს, გუნდის გაწვრთნაზე გადაწყვეტილების მიღებაც, შესაბამისად, რთული იყო, თუმცა სირთულეები არ მაშინებს. ახლა გუნდში რადიკალური ცვლილებების დრო არ არის. უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად ბევრი ქულის აღება გვმართებს. ფეხბურთელთა შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ, არც გარემოა ჩემთვის უცხო. მოკლედ, საქმეს უკვე შევუდექი. კლუბის პრეზიდენტთან ერთად სამწლიანი გეგმა დავსახეთ და ვიმედოვნებ, სწორედ სამი წლის შემდეგ ვიტ ჯორჯიას მოწინავეთა შორის ვიხილავთ. კარგია, რომ ახალი გუნდის შექმნას უმაღლესი ლიგიდან ვიწყებ... 

შეგახსენებთ, ვიტ ჯორჯიას უახლოესი მატჩი შინ, მცხეთაში, ტორპედოსთან შაბათს ელის. 

ლუკა თალაკვაძე