სიახლეები

ლორია შოთას მიჰყავს

გაუზიარე

საქართველოს ნაკრებისა და ბერძნული ოფის მეკარემ, გიორგი ლორიამ ახალი სეზონიდან კარიერა, შესაძლოა, თურქეთში, შოთა არველაძის ქასიმფაშაში გააგრძელოს. ჯერჯერობით საქმე მოლაპარაკების სტადიაშია, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ტრანსფერი, ფაქტობრივად, უკვე შეთანხმებულია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კონტრაქტს ხელი მალე მოეწერება. 
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას და მის თანაგუნდელს, გიორგი მერებაშვილს ბერძნულ კლუბში ხელფასი თითქმის ექვსი თვეა არ მიუღიათ. ამიტომაც საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციაში ისინი დღე-დღეზე საჩივარს შეიტანენ, კლუბიდან გათავისუფლების ფურცლები კი უკვე აიღეს და ახალი სეზონიდან ახალ კლუბში ყოველგვარი კომპენსაციისა და სატრანსფერო თანხის გარეშე შეეძლებათ გადასვლა. ახალი სეზონიდან კი არა, მათ ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება დღესვე შეუძლიათ, მაგრამ ფიფა-უეფას წეს-კანონებით სეზონში მესამე კლუბში თამაში არ შეეძლებათ. გიორგი ლორიამ და გიორგი მერებაშვილიმა კი ეს სეზონი დინამო თბილისში დაიწყეს და აგერ, ოფიში აგრძელებენ, თუმცა როგორ პირობებში, ეს ცალკე სალაპარაკოა...

ლუკა თალაკვაძე