სიახლეები

ზურაბ ხიზანიშვილი: ყველამ თამაშით უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრების ღირსია

გაუზიარე

2013 წელს საქართველოს ნაკრებმა დანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:2 წააგო. ამ თამაშის შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილს ეროვნული გუნდის ფორმა აღარ ჩაუცვამს და აი, ახლა, საკმაო დროს გასვლის შემდეგ, გამოცდილი მცველი კვლავ სანაკრებო სიაშია.

მოულოდნელი იყო შენთვის ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვედრა?

არ ველოდი, კახა ცხადაძე პირველივე შეკრებაზე თუ გამომიძახებდა, თუმცა ნაკრებში დაბრუნება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. დინამოში ყოფნისასაც და სამტრედიაში გადმოსვლის შემდეგაც ყველაფერს ვაკეთებ ოპტიმალური ფორმის აღსადგენად და ამიტომ მქონდა იმედი, რომ ნაკრებს დავუბრუნდებოდი.

ცხადაძე პირადად გელაპარაკა თუ ნაკრებში გამოძახება სიის გამოქვეყნების შემდეგ გაიგე?

ქუთაისის ტორპედოსთან სათასო მატჩის შემდეგ გავიგე, რომ სანაკრებო სიაში ვარ, კახასთან კი ჯერ ამ მისაუბრია.

მალტასთან და, განსაკუთრებით გერმანიასთან შეხვედრებს გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელის.

დარწმუნებული ვარ, მალტასთან, მეტად თუ ნაკლებად, ის შემადგენლობა იქნება, რომელიც გერმანიასთან ითამაშებს. მალტასთან შეხვედრა კარგ სპარინგად უნდა გამოვიყენოთ მსოფლიო ჩემპიონებთან მატჩისთვის. ნაკრებში ბევრი ისეთი ფეხბურთელი დაბრუნდა, რომლებიც ეროვნულ გუნდში აღარ თამაშობდნენ, ამიტომ ყველას, ჩემი ჩათვლით, თავიდან გვაქვს დასამტკიცებელი, ნაკრების ღირსები რომ ვართ.

გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ ახალი მწვრთნელის თავკაცობით ნაკრები შემტევ თამაშს არ მოერიდება.

კახა ცხადაძესთან არ მიმუშავია, მაგრამ, როგორც ვიცი, ის შეტევის მოყვარული მწვრთნელია და ეს ძალიან კარგია. მაგრამ სათამაშო ტაქტიკას იმის გათვალისწინებითაც ირჩევ, თუ ვინ არის მეტოქე. გერმანიასთან აშკარად შემტევი სტილის არჩევა ძალიან რთული იქნება. საერთოდ კი, საუკეთესო დაცვა თავდასხმაა. ვინც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ როგორმე გოლი არ გაუშვას, აუცილებლად წააგებს.

ოთხი თამაშის შემდეგ ნაკრების აქტივში მხოლოდ სამი ქულაა. როგორ ფიქრობ, რა მიზანი უნდა ჰქონდეს გუნდს მიმდინარე შესარჩევში?

იმის გათვალისწინებით, რომ ცხადაძე ნაკრებს შუა გზაში იბარებს, კონკრეტულად რომელიმე ადგილის დაგეგმვა არასერიოზული იქნება. ვფიქრობ, ეს შესარჩევი მომდევნო ციკლისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ამ დროის განმავლობაში ცხადაძეც უკეთ შეეჩვევა ნაკრებს. მართალია, საკლუბო დონეზე წარმატებით მუშაობდა, მაგრამ კლუბსა და ნაკრებში მუშაობას შორის დიდი სხვაობაა. კახა უფრო კარგად ჩამოყალიბდება მისთვის სასურველ შემადგენლობაზე და მომდევნო შესარჩევ ეტაპზე უკვე კონკრეტული მიზანი დაისახება.

მართალია, ჩვენი საუბრის თემა ნაკრებია, მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხო სამტრედიაში ალექსანდრე იაშვილის თამაშზე.

იაშვილი სულით ხორცამდე პროფესიონალია და ვიცოდი კიდეც, რომ ძალიან გაუჭირდებოდა კარიერის ახლა დასრულება. ის მაგალითი უნდა იყოს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. როდესაც ხედავენ კაცს, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი ბუნდესლიგაში აქვს გატარებული და იგი კვლავაც ძველებური ჟინით და მონდომებით თამაშობს საქართველოს ჩემპიონატში, ბუნებრივია, თავად მოდუნების არანაირი უფლება არ აქვთ. საკუთარ თავზე ლაპარაკი მეუხერხულება, მაგრამ სწორედ ჩვენნაირი ლეგიონერების დაბრუნება მისცემს ბიძგს სხვა ქართველ ლეგიონრებს იმისთვის, რომ კარიერის ბოლოს ერთი ან სულაც რამდენიმე სეზონი საქართველოში ითამაშონ.

ბოლოს თასზეც: ქუთაისში ნათამაშები ფრის შემდეგ ნახევარფინალში გახვედით.

მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გასულა, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაში იყო. კარგია, შემდეგ ეტაპზე რომ გავედით და თასზეც და ჩემპიონატშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ.

პაატა ძნელაძე