სიახლეები

დინამო : როცა ერთი გოლიც კმარა

გაუზიარე
9 მარტი. თბილისი. "დინამო არენა". 4000 მაყურებელი

დინამო - დილა 1:0

1:0 კაკაბაძე (22)

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, რენე, თოთაძე, ბუკორაცი (ჯანელიძე 54), ცინცაძე, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, ს.ლობჟანიძე (ჯიღაური 83), მანუელი (ჩირგაძე 63)

სათადარიგოები: დაუშვილი, ტაბატაძე, მიქელთაძე, ჯაფიაშვილი

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

დილა: მიგინეიშვილი, ხურცილავა, ბაგაევი, კვახაძე, მარიჩი (წიქარიძე 88), გვალია, ფალავანდიშვილი, სეთურიძე, თექთურმანიძე (ერისთავი 56), კვეკვესკირი (ახალკაცი 83), გორელიშვილი

სათადარიგოები: სომხიშვილი, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, რაზმაძე

გაფრთხილება: თოთაძე (28), ბუკორაცი (40), გვალია (40), მანუელი (58), ბაგაევი (76), ხურცილავა (89)

გაძევება: კვახაძე (მატჩის შემდეგ)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

გორული 0:0-დან გამომდინარე, საპასუხო მატჩში დაძაბულ თამაშს ველოდით და ასეც მოხდა. თანაც, სათასო მეოთხედფინალში ხომ ჩემპიონატის ლიდერი და მეორეადგილოსანი ხვდებოდნენ. დინამო მაინც დინამოა, დილა კი, როგორც იცით, საკმაოდ გაძლიერდა და ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ქართულ დაპირისპირებებში მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. 

საბოლოოდ, თბილისელებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ. 

საწყის წუთებში ორივე გუნდმა თითო მწვავე ეპიზოდი შექმნა, პირველი რეალური ხიფათი კი მე-15 წუთზე ვიხილეთ: დილას ფორვარდმა მიხეილ გორელიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, ბურთი ერთ-ერთ დინამოელს მოხვდა, ასხლტა და გიორგი თექთურმანიძემ თავით დაამატა, თუმცა ოდნავ არაზუსტად. თანაბარი თამაში იყო და ისიც ჩანდა, რომ ორივე გუნდი ერთობ ფრთხილობდა. 

22-ე წუთი იყო, როცა დინამომ გაიტანა. ესპანელმა ფორვარდმა მანუელმა მარცხენა ფლანგიდან კარგი პასი გაუკეთა ვახტანგ ჭანტურიშვილს, რომელიც საჯარიმოს ხაზამდე მივიდა და ბურთი მარჯვნივ გააყოლა ოთარ კაკაბაძეს. დინამოელთა ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა კი ერთი შეხებით შორეულ კუთხეში დაურტყა ომარ მიგინეიშვილს - 1:0. 

კარგი გოლი იყო და განსაკუთრებით კაკაბაძე უნდა შევაქოთ. ამ ფეხბურთელის პროგრესი აშკარაა და ასე თუ გააგრძრელებს, ალბათ, ეროვნულ ნაკრების დაცვის მარჯვენა ფლანგზე უჩა ლობჟანიძეს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება. 

პირველ ტაიმში და შესვენების შემდეგაც ხშირი იყო ხისტი თამაში, რაც ზოგჯერ უხეშობაშიც გადაიზრდებოდა ხოლმე. ამიტომაც იყო პაუზები, ექიმების ჩარევა. რამდენჯერმე ფეხბურთელებს შორის კინკლაობაც ვნახეთ, ხოლო საფინალო სასტვენისთანავე დილას კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე მსაჯ ჯენერი ხორავას მისდგა. არ ვიცით, რა უთხრა, მაგრამ მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა...

იყო საფუძველი იმისა, რომ დილა მსაჯს გამოდავებოდა? ვფიქრობ, არა. მხოლოდ ერთხელ იყო ეპიზოდი, როცა აქტიური დავით ხურცილავა შერბოდა საჯარიმოში და ლაშა თოთაძეს ხელზე მოხვდა ბურთი. თუმცა ისეთი მომენტი ნამდვილად არ ყოფილა, რომ არიქა, უეჭველი პენალტი უნდა დანიშნულიყოო. 

დილას პირველი ტაიმის ბოლოს ჰქონდა ერთი შანსი, კერძოდ, გიორგი სეთურიძემ დაარტყა შორიდან და ჰრდლიჩკამ აიღო. მეორე ტაიმი სტუმრების შეტევებით დაიწყო, მაგრამ დინამოელთა დაცვა კარგად თამაშობდა და დილას ასპროცენტიან საგოლე მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდა. თითქოს გაააქტიურა თამაში გორელი გიორგი ერისთავის შეცვლაზე შესვლამ. ერისთავი ტექნიკურია, ინდივიდუალური გარღვევებით გამოირჩევა, დინამოსთანაც რამდენჯერმე გაიელვა, თუმცა უნდა ითქვას, რაც აშკარად ჩანდა - გორელებს ძალიან აკლდათ ირაკლი მოდებაძე. 

თავის მხრივ, დანაკლისი დინამოსაც ჰქონდა. გიორგი პაპუნაშვილს ტრავმა აქვს, ლაშა პარუნაშვილი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა შეხვედრას და, რა თქმა უნდა, ნიკა ჭანტურიას მძიმე ტრავმაზე უნდა ვთქვათ. გუნდის კაპიტანმა, მართლაც პერსპექტიულმა ახალგაზრდა მცველმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ასეთი ტრავმა, როგორც წესი, მინიმუმ ნახევარ წელიწადს აკარგვინებს ფეხბურთელს... თუმცა ექიმებს საბოლოო დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ - ასე თქვა ნამატჩევს დინამოელთა თავკაცმა კახა გოგიჩაიშვილმა. 

მივყვეთ მატჩს და აღვნიშნოთ, რომ 66-ე წუთზე დილა გადარჩა, კერძოდ, ძელმა გადაარჩინა. საჯარიმო დაინიშნა, საბა ლობჟანიძემ ჩააწოდა და გიორგი გველესიანმა ერთი შეხებით დაარტყა, თუმცა ახლოდანძელსმოარტყა.

რაც დრო გადიოდა, დილა მით უფრო ჩქარობდა. აქტიური იყო გორელიშვილი, მაგრამ ამ ფეხბურთელს ეტყობა, რომ საჯარიმოსთან უფრო პროდუქტიულია, ვიდრე საჯარიმოში. იყო ორი ეპიზოდი, როცა გორელიშვილს შეეძლო უფრო ცივსისხლიანად ემოქმედა. დინამოს კიდევ შეექმნა ერთი შანსი, ოთარ კიტეიშვილი ურტყამდა და ააცილა.  

85-ე წუთზე ვნახეთ ამ მატჩში გათამაშებული ყველაზე ლამაზი კომბინაცია. არა მხოლოდ ამ მატჩში, ზოგადადაც, ასეთი გათამაშებები საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე ძალიან იშვიათია: დილამ ექვსვლიანი კომბინაცია დახლართა, თანაც, ძალიან სწრაფად, ელვისებურად და საჯარიმოში ბოლოს გორელიშვილი დარჩა, რომელმაც კარს ააცილა ბურთი. 

მთლიანობაში, დინამო დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში. შეგახსენებთ, დილა შარშანაც დინამომ გამოთიშა თასიდან, თუმცა მაშინ უფრო დამაჯერებლად. დღეს დინამოელებს ჩისკოსა და ოთარ მარცვალაძის დონის ფორვარდები არ ჰყავთ, თუმცა ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდია.            

პრესკონფერენცია

უჩა სოსიაშვილი: საინტერესო და დაძაბული მატჩი ვნახეთ. ბოლო წლებში დინამო-დილას შეხვედრები სულ ასეთია, ვნებათღელვა ახლავს. პირველ ტაიმში საგოლე მომენტების ნაკლებობა იყო. დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, რადგან მეტოქეს ჩვენთვის არ უჯობნია. არც საგოლე შანსები ჰქონია ჩვენზე მეტი. დინამოს იმ კონკრეტულ ეპიზოდში გაუმართლა, როცა გაიტანა. 

... ძლიერ უცხოელ თავდამსხმელზე უარს არავინ იტყვის. ჩვენც გვსურდა ასეთის დამატება, რადგან გუნდში მხოლოდ ერთი გამოცდილი გამოკვეთილი ფორვარდი გვყავს, რომელიც ტრავმირებულია და მართლაც დაგვაკლდა დღეს. ირაკლი მოდებაძეზეა საუბარი. გვსურდა დამატება, მაგრამ ფინანსურად ვერ გავწვდით.

... რა იქნება ამ სეზონში დილასთვის დამაკმაყოფილებელი? ცხრილს თუ გადავხედავთ, რეალურია, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ასე რომ, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.  

... ირაკლი ძარიას რაც შეეხება, ის ორ კვირაში დაიწყებს ვარჯიშს, სამ კვირაში კი უკვე თამაშსაცშეძლებს. 

კახა გოგიჩაიშვილი: დაძაბული თამაში იყო. ჩვენი ამოცანა შევასრულეთ, გოლი არ გავუშვით. რომ გაგვეშვა, გაგვიჭირდებოდა, მაგრამ შევძელით და კარი მშრალად შევინახეთ.

... ნიკა ჭანტურიას ტრავმა მძიმე გამოდგა. ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და შესაძლოა, მენისკიც იყოს. ძალიან ცუდია, რომ საკმაო დროით დაგვაკლდება. ჯერ კიდევ დასადგენია, რა დრო გაუცდება. 

... ოთარ კიტეიშვილს რაც შეეხება, ნიჭიერი ფეხბურთელია და დიდი პოტენციალი აქვს. იქნება მატჩები, რომლებსაც ის ძირითადში დაიწყებს და იქნება თამაშები, როცა ცოტას დავასვენებთ, რათა არ გადაიღალოს. 

ილია ნანობაშვილი