სიახლეები

სახლის, ქირა მაინც გადაიხადეთ!

გაუზიარე

ოფის ქართველები ვიცე-პრეზიდენტს უშედეგოდ შეხვდნენ 

ბერძნული ოფის მეკარეს, გიორგი ლორიას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე მალტასთან ამხანაგური, შემდეგ კი გერმანიასთან შესარჩევი მატჩებისთვის ორი დღით ადრე კი ელის, მაგრამ ლორიას და მის თანაგუნდელ გიორგი მერებაშვილს თბილისში ჩამოსვლამ, შესაძლოა, დროზე ადრე მოუხდეთ, თანაც ერთობ უცნაური მიზეზით _ ოფიში გაუცემელ ხელფას-პრემიებზე ლაპარაკიც აღარ არის, ქართველი ფეხბურთელები ბინის ქირას ვეღარ იხდიან, კლუბის ხელმძღვანელობისგან კი...

რამდენიმე დღის წინ ოფის სტუმრად ქსანტის შკოდასთან თასის საპასუხო შეხვედრა ჰქონდა, მე და გიორგი პროტესტის ნიშნად შინ დავრჩით და გუნდს სათამაშოდ არ გავყევით. მატჩის წინა დღეს კლუბის ვიცე-პრეზიდენტს, ნიკოს მახლასს შევხვდით, რომელიც იქამდე ერთი თვე ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. შევხვდით და, რომ გვეგონა, რაიმე საიმედოს გვეტყოდა, თავის პრობლემებზე დაიწყო ლაპარაკი და დავალიანების გასტუმრების იმედი ბოლომდე გადაგვიწურა _ გვითხრა საქართველოს ნაკრებისა და ჯერაც ოფის მეკარე გიორგი ლორიამ, რომელსაც საბერძნეთში ვარჯიშის შემდეგ დავუკავშირდით, _ გაუცემელ ხელფას-პრემიას ვინ ჩივის, ბინის ქირა გვაქვს გადასახდელი და როგორ იქნება ამ მხრივ ჩვენი საქმე, ვერ გეტყვით. მახლასი კი შეგვპირდა, ბინის ფულს გადავიხდიო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არ არის გამორიცხული, ქუჩაში დავრჩეთ.

უფრო კონკრეტულად, პირადად შეხვედრისას რა გითხრათ?

თავის პრობლემებზე ისაუბრა და ისე გამოვიდა, რომ ახლო მომავალში ხელფასის აღების იმედი არ უნდა გვქონდეს. გასაგებია მისი გასაჭირი, მაგრამ ჩვენი პრობლემები საერთოდ არ უხსენებია, არადა, უცხო ქვეყანაში თითქმის ექვსი თვეა, კაპიკიც არ აგვიღია. 

თასის თამაშზე პროტესტის ნიშნად რომ არ წახვედით, არაფერი უთქვამს?

სათქმელი რაც ჰქონდა, ხელფასის ამბავი, იმაზე არაფერი უთქვამს და თასის თამაშის ჩაგდებისთვის რა უნდა ეთქვა?! ჩვენი გადაწყვეტილების თაობაზე მწვრთნელმა ადრევე იცოდა და ყველა შეგუებული იყო, რომ შკოდასთან საპასუხო შეხვედრაში არ ვითამაშებდით.

არადა, კვირას, ჩემპიონატის მატჩში იმავე შკოდასთან ითამაშეთ...

მეც და გიორგიც ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მიზნით ვითამაშებთ _ გვსურს, რომ საქართველოს ნაკრებს გამოვადგეთ და სანაკრებო მატჩებამდე სათამაშო ფორმა შევინარჩუნოთ. ახლა სწორედ ეროვნულ გუნდზე ვფიქრობ და მსურს, რომ გერმანიასთან და მალტასთან მატჩებამდე ტონუსში ვიყო. ოფიში ახლა მხოლოდ ამის გამო თუ ვთამაშობ.

რამდენიმე დღის წინ გიორგი მერებაშვილმა მითხრა, ოფის ხელფასების გადაუხდელობის გამო ფიფაში ვუჩივლებო. შენც იგივეს ფიქრობ?

ერთ-ერთი გამოსავალი ესეც არის, მაგრამ ფეხბურთელთა უფლებადამცველებმა და იურისტებმა გვირჩიეს, რომ საჩივარი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციაში შეგვეტანა. ფიფა ყველა ვარიანტში გაგვამართლებს, მაგრამ საქმის განხილვას, უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს. ამიტომ საქმის დასაჩქარებლად და საჩვენო შედეგის დროულად მისაღებად გვირჩიეს, რომ ადგილობრივ ფედერაციას მივმართოთ. ფედერაცია ოფის დავალიანების გადასახდელად კონკრეტულ ვადას დაუთქვამს, რომლის დარღვევის შემთხვევაში კლუბს ლიცენზიას ჩამოართმევს და ჩემპიონატსა და თასზე თამაშს აუკრძალავს, პარალელურად, სხვადასხვა სანქციასაც დაადებს. მოკლედ, ამ საქმის ფიფაში გადატანას, სჯობს, ჩვენი ამბავი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ განიხილოს და გადაწყვეტილების მიღებაც დაჩქარდეს.  

ამ ეტაპზე გამოსავალი რა არის?

არაფერი, ოფიში ვვარჯიშობთ და ჩემპიონატის მატჩებს ვითამაშებთ. ფეხბურთის ფედერაციაში სარჩელს უკვე ვამზადებთ და უახლოეს დღეებში დავარეგისტრირებთ, შემდეგ კი გადაწყვეტილებას დაველოდებით.

ბინის ქირა?

კლუბის ნაქირავებ ბინაში იქამდე ვიცხოვრებ, ვიდრე პატრონი კიდევ არ შემაწუხებს და, თუ ქირას არ გადაიხდიან, იძულებული ვიქნები, თბილისში წამოვიდე. 

ისე, გაუგონარი ამბავია, 21-ე საუკუნეში ფეხბურთელს კლუბი ბინის ქირას არ უხდიდეს...

სამწუხაროდ, ასეა. არ იხდიან თუ ვერ იხდიან, ამ შემთხვევაში სულ ერთია, ფაქტია, რომ ბინის პატრონთან უკვე პრობლემა მაქვს. 

ამასობაში კი, საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა მალტასთან და გერმანიასთან მატჩებისთვის გამოგიძახა...

აკი ვთქვი, რომ სანაკრებოდ მომზადების გარდა, ოფიში ახლა არაფერი დამრჩენია. სწორედ ეროვნული გუნდისთვის ვთამაშობ ოფიში და ვიმედოვნებ, მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებსაც ოპტიმალურ ფორმაში შევხვდები. 

გასაგებია, რომ ოფის სეზონის ბოლოს დატოვებ. ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება ხომ ახლავე შეგიძლია? ვიცით, რომ შენი ტრანსფერით სოლიდური კლუბები არიან დაინტერესებულნი...

დიახ, ინტერესი არის და ეს ჩემთვისაც უთქვამთ, მაგრამ ჯერ კიდევ შუა სეზონია და ახალი ფეხბურთელების ახლავე დამატებას ყველა გუნდი ერიდება. ისე, მეც მიჯობს, რომ სეზონის დამთავრებას დაველოდო და ჩემით დაინტერესებული კლუბების პერსპექტივა მერე უკეთ შევაფასო. სეზონის ბოლომდეც რაღა დარჩა, რამდენიმე თვეც მოვითმენ და იმედია, კარიერას აწყობილ-დალაგებულ გუნდში გავაგრძელებ.    

ლუკა თალაკვაძე