სიახლეები

კვირკვიას არჩევანი რუბინია

გაუზიარე

ვიტ ჯორჯიას შემტევი მათე კვირკვია ჩემპიონატის პირველ წრეში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ და არ იყო ძნელი სავარაუდო, რომ მალე მათე უფრო ძლიერ ჩემპიონატს მიაშურებდა.

ზამთრის შესვენებისას კვირკვიამ ყაზახურ აქტობეს მიაშურა და კონტრაქტის გაფორმებას ბევრი აღარაფერი აკლდა, მისით რუსული პრემიერლიგის ყაზანის რუბინი რომ დაინტერესდა: "აქტობესთან პრაქტიკულად ყველაფერზე ვიყავი შეთანხმებული, გარკვეული დეტალებიღა იყო დასაზუსტებელი, რუბინის ვარიანტი რომ გამოჩნდა. ყაზანში გადასვლა ყოველმხრივ უფრო მისაღებია ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც. ამიტომ ყაზახებისთვის უარის თქმამ მომიწია და რუბინთან ერთად თურქეთში გავიარე მოსამზადებელი ეტაპი. ვესაუბრე მთავარ მწვრთნელ რინატ ბილიალეტდინოვს, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამ მომენტისთვის ტრანსფერი ვერ განხორციელდებოდა, მაისში კი რუბინს გერმანიაში ჩავაკითხავ, სადაც შეკრებაზე იქნებიან და გუნდს იქ შევუერთდები."

ახლა კვირკვია ზესტაფონის ღირსებას იცავს და ჩემპიონატის ბოლომდე იმერელთა რიგებში იქნება. მათე ბოლო ტურში, დინამოს წინააღდეგ საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და საგოლე გადაცემაც მიითვალა: "მაისამდე ზესტაფონში ვითამაშებ და რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემპიონატში მაღალი ადგილი დავიკავოთ. დინამოსთან ცუდად არ გვითამაშია და ცოტა რომ გაგვმართლებოდა, ქულას მაინც ავიღებდით."

ამ დროისთვის რუბინი 27 ქულით მე-7 ადგილზეა და ყაზანელთა მიზანი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში არაერთ ქართველს უთამაშია - გიორგი ქინქლაძეს, დავით კვირკველიას, ლაშა სალუქვაძეს, ნუკრი რევიშვილს, ზურაბ არზიანს - ახლა კი საბა კვირკველია და მამუკა კობახიძე არიან რუბინის წევრები.

პაატა ძნელაძე