სიახლეები

აუცილებელი ენერგობალანსი : 100 პროცენტი და მეტი

გაუზიარე

საქართველოს ორგზის ჩემპიონ ვიტ ჯორჯიას ახლა უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უწევს ბრძოლა, თუმცა, საკმაოდ რთული ვითარების მიუხედავად, გუნდის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ბერიძე არცთუ უიმედოდაა. დღეს  ვიტჯორჯია თასის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში ცხინვალს უმასპინძლებს და ჩვენი საუბარიც გუნდის გამოცდილ დამრიგებელთან სწორედ ამ მატჩით დავიწყეთ.

ცხინვალთან პირველი, საგარეო გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი გაქვთ.

ბიჭებს სულ იმას ვუმეორებ,რომ ჯერ გარანტირებული არაფერი გვაქვს და შემდეგ ეტაპზე გასვლა თუ გვინდა, კიდევ ერთი 90-წუთიანი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. ცხინვალი კარგი გუნდია და პირველ შეხვედრაში წაგების მიუხედავად, მცხეთაში ყველაფერს გააკეთებს სასურველი ანგარიშით გასამარჯვებლად. მე კი მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ვიცი, ისინი მოედანზე იმ განცდით არ გავლენ, თითქოს ნახევარფინალის საგზური უკვე გარანტირებული ჰქონდეთ.

პირველი შეხვედრა 5:4 მოიგეთ. ამ ანგარიშიდან გამომდინარე, ამჯერად დაცვით ტაქტიკას ხომ არ აირჩევთ?

არის ხოლმე თამაშები, როცა უფრო ფრთხილ, დაცვაზე ორიენტირებულ ტაქტიკას და შემადგენლობას ანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ცხინვალთან ეს თამაში ამ კატეგორიისა არ არის და ჩვეული განლაგებით ვითამაშებთ.

თასისგან განსხვავებით, ჩემპიონატში კარგად ნამდვილად არ გაქვთ საქმე - 13 ქულით ბოლო ადგილზე ხართ.

მართლაც რთული ვითარებაა, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, მჯერა ჩემი ფეხბურთელების. თუ აქამდე საჭირო იყო თითოეულ შეხვედრაში ასი პროცენტით დახარჯვა, ახლა გაცილებით მეტია საჭირო. მართალია, ბოლო ადგილზე ვართ, მაგრამ, როდესაც ვუყურებ ჩემპიონატის კალენდარსა და ცხრილს, ნამდვილად მეძლევა იმის იმედი, რომ ჩემპიონატის ბოლოს იმ პოზიციაზე ვიქნებით, რომელიც ადგილს შეგვინარჩუნებს უმაღლეს ლიგაში.

ვიტ ჯორჯიაზე გაცილებით ტიტულოვანი გუნდებიც გავარდნილან და შემდეგ კვლავ დაბრუნებულან უძლიერესთა ლიგაში. პირველ ლიგაში დაქვეითების შემთხვევაში გუნდის არსებობას საფრთხე ხომ არ დაემუქრება?

სანამ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი ერთი პროცენტი მაინც იქნება, პირველ ლიგაზე ფიქრს საერთოდ არ ვაპირებთ. კლუბის ხელმძღვანელობაც და ფეხბურთელებიც ახლა მხოლოდ მომდევნო შეხვედრასა და უმაღლეს ლიგაში დარჩენაზე ვფიქრობთ. თითოეულ ჩვენგანს კარგად ესმის, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია.

ასეთი რთული პერიოდის მიუხედავად, ვიტ ჯორჯიაში კვლავ გამოჩნდნენ საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელები, მაგალითად, მარჯვენა მცველი თათხაშვილი და ცენტრალური ნახევარმცველი კურდღელაშვილი.

ორივე მართლაც კარგი ფეხბურთელია და მათი იმედი გვაქვს, ასევე უნდა გამოვარჩიო ცენტრალური მცველი ჩიტიშვილი და მარცხენაფლანგელი დანელია. ეს ბიჭები ახლა შემოვიდნენ უმაღლეს ლიგაში და საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინეს თავი. საერთოდ, ვიტ ჯორჯია ყოველთვის ზრდიდა და თავის გამოჩენის საშუალებას აძლევდა ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს და ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდება.

პაატა ძნელაძე