სიახლეები

საიდან ლეგენდები სამტრედიაზე?

გაუზიარე

დღეს ქუთაისში სათასო მეოთხედფინალის იმერული დერბია: ტორპედო-სამტრედია. სამტრედიელთა თავკაცი ზაზა ზამთარაძე შინაური 2:1-ის მიუხედავად, შანსებს თანაბრად აფასებს

პირველი თამაშის მოგება არაფერს ნიშნავს, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომელი გუნდი რომელ ადგილზეა ჩემპიონატში. ნახევარფინალის ბედს კონკრეტულად ქუთაისური მატჩი წყვეტს. ჩვენც და ტორპედოსაც გვაქვს იმის რესურსი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, ასე რომ, შანსები 50/50-ზეა.

სამტრედიული 2:1-ის გათვალისწინებით, ქუთაისში აქცენტს კონტრშეტევებზე ხომ არ გააკეთებთ?

ყრუ დაცვაში ჩაჯდომა გამორიცხულია, ასე შეიძლება წავაგოთ.ანგარიშიდან გამომდინარე,მზად ვართ,თამაშისას ტაქტიკურ ცვლილებებს მივმართოთ.

წინა ტურში სამტრედიაში ალექსანდრე იაშვილმა ითამაშა. "იაშკა" ჩვენს ჩემპიონატს 18 წლის შემდეგ დაუბრუნდა. როგორ ფიქრობთ, რა დრო დასჭირდება ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად?

იაშვილს მადლობა ეკუთვნის არა მარტო ჩემგან და სამტრედიასგან, არამედ საერთოდ ქართული ფეხბურთისგან. მისი და ხიზანიშვილის დონის ფეხბურთელების დაბრუნებით, ჩვენი ჩემპიონატი მოიგებს. მათგან ახალგაზრდები არამარტო მოედანზე, მის გარეთაც ბევრს ისწავლიან. მართალია,იაშვილსბაქოს ინტერიდან წამოსვლის შემდეგ პრაქტიკა არ ჰქონია, მაგრამ თურქულ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იყო. ვიდრე ფიზიკურ კონდიციებს სრულად აღიდგენს, მანამდე ამის კომპენსაციას კლასის ხარჯზე შეძლებს.

სამტრედიაში საკმაოდ სოლიდურმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ეს იმას ნიშნავს, რომ დაფინანსების მხრივ ყველაფერი რიგზეა?

დავალიანება ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე საოცრად გადაჭარბებული შეფასებები მესმის. დამიჯერეთ, უმაღლესი ლიგის ბევრ კლუბს ჩვენზე უკეთესი პირობები აქვს და ამას მხოლოდ ლიდერებზე არ ვამბობ. უბრალოდ, სამტრედიაში თანამოაზრეთა გუნდი ვართ და ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზიც ესაა. არ შეიძლება, არ ვთქვა სამტრედიელ გულშემატკივარზე, რომელიც ცხოვრობს ამ გუნდით.

ჩემპიონატში მე-4 ადგილზე ხართ, თასზეც ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი გაქვთ. აქვს სამტრედიას შანსი, პირველად მოიგოს ტიტული? სულ მცირე, ალბათ, ევროპის ლიგის საგზურს უმიზნებთ.

არავის დაუსახავს ჩვენთვის კონკრეტულად  პირველი თუ მეორე ადგილის დაკავება ან თასის მოპოვება. თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძვით, ასე გაგრძელდება ჩემპიონატის ბოლომდე და ვნახავთ, რა შედეგს მოგვიტანს ჩვენი მცდელობა.

29 მარტს "დინამო არენაზე" გერმანიას ვმასპინძლობთ და ეს იქნება კახა ცხადაძის პირველი ოფიციალური მატჩი ეროვნული გუნდის თავკაცის რანგში.

გერმანიასთან შეხვედრაში რაიმე შედეგის მოთხოვნა ძნელია. ისე კი, ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ ნაკრებში საერთო ატმოსფეროც გაუმჯობესდება და ძველი წევრებიც დაუბრუნდებიან.კახა ცხადაძეს და საქართველოს ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ.

პაატა ძნელაძე