სიახლეები

ლეგიონის უქმეები

გაუზიარე

აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ინტერმა ბაქოურ დერბიში 2:0 სძლია ნეფთჩის, მეორე ადგილზეა და ისევ ექვსი ქულით ჩამორჩება ყარაბაღს. ინტერის ოთხი ქართველიდან მხოლოდ ერთმა ითამაშა – ლაშა სალუქვაძემ შეუცვლელად. ბაჩანა ცხადაძე და გიორგი ლომაია სათადარიგოებში იყვნენ, ხოლო ალეკო ამისულაშვილი ისევ ტრავმირებულია. 

ცნობისთვის, ეს კახა ცხადაძის გუნდის ზედიზედ 23-ე წაუგებელი მატჩია. ინტერი 2014 წლის 29 აგვისტოს შემდეგ არ დამარცხებულა. 

ლაშა კასრაძის აზალმა აუტსაიდერ ბაკის 2:0 მოუგო და მეექვსეზეა. კასრაძემ შეუცვლელად ითამაშა. 

იტალიის სერია ა-ში ამაოდ ველოდით ლევან მჭედლიძის თამაშს. ქართველმა ფორვარდმა ემპოლი-ჯენოას (1:1) სათადარიგოთა სკამიდან უყურა. ემპოლიმ 26-ე ტურში მე-14 ფრე ითამაშა და მე-13 პოზიციაზეა.

კვიპროსის ზედა ექვსეულში ომონიამ სტუმრად 1:2 წააგო აეკ ლარნაკასთან და მეოთხე ადგილზეა. ომონიაში შეუცვლელად გაისარჯა უჩა ლობჟანიძე.  

კვიპროსის ქვედა ექვსული ცალკე აგრძელებს პაექრობას. ოთელოსმა სტუმრად 1:3 წააგო აშნასთან. ოთელოსიდან ერთადრთი გოლი ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა, კერძოდ, 86-ე წუთზე მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით. ელგუჯას ამ მომენტშიგაუმართლა, მცველმა და მეკარემ ძალიან ცუდად ითამაშეს. უნდა ითქვას, რომ გრიგალაშვილი ოთელოსში აშკარად ყველაზე კრეატიული ფეხბურთელია. მან და როინ კვასხვაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ლევან ხმალაძე კი ბოლოს გაიყვანეს მინდვრიდან. ოთელოსი ბოლოსწინა ადგილზეა, ლიგიდან კი ორი გუნდი ვარდება. თუმცაცხრილში წინა გუნდთან ჩამორჩენა დიდი არაა, ოთელოსი მხოლოდ ერთ ქულას აგებს ერთი საფეხურით მაღლა მდგომ გუნდთან.

ნეა სალამისი აია ნაპას გასვლაზე 0:0-ზე გაეყარა და ბოლოდან მეოთხეზეა. ნეა სალამისში გიორგი პაპავამ სრულად ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო, ხოლო შოთა გრიგალაშვილი ტრავმის გამო არ ყოფილა განაცხადში. 

საბერძნეთში ოფიმ შინ 0:1 წააგო ქსანთისთან და ბოლოსწინა საფეხურზეა. ოფის გავარდნისგან ვერაფერი უშველის. გიორგი ლორიამ და გიორგი მერებაშვილმა სრულად ითამაშეს. "მერებამ" გაფრთხილებაც მიიღო. 

საბერძნეთშივე, კერკირამ გასვლაზე 1:0 აჯობა პანეტოლიკოსს და მერვეზეა. კერკირაში აკაკი ხუბუტია არ გამოჩენილა, რადგან საზარდული ჰქონდა დაჭიმული. ხუბუტია მხოლოდ ორიოდე დღე დაისვენებს. 

რუსული პრემიერლიგა განახლდა და მოსკოვის სპარტაკმა შინ 1:3 წააგო კრასნოდართან. ჯანო ანანიძე მე-80 წუთზე შეიყვანეს მინდორზე, როცა ანგარიში 0:3 იყო. სპარტაკი მეექვსე ადგილზეა. სოლომონ კვირკველიასა და მამუკა კობახიძის რუბინი დღეს ითამაშებს ტულის არსენალთან. 

უკრაინაში ვოლინი შინ 1:1-ზე გაეყარა ჩერნომორეცს. ვოლინში 90 წუთი გაისარჯა სანდრო კობახიძე. სანდრო აქტიური იყო, არაერთხელ დაარტყა კარში და მეტწილად სტუმართა მეკარე ყოჩაღობდა. ვოლინი მერვე ადგილზეა. 

ჩეხეთში ლევან ყენიას სლავიას ლიდერ პლზენთან უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩი გადაიდო. მიზეზი? პლზენმა ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციას სთხოვა – გუნდში ვირუსის ეპიდემია მძვინვარებს და მხოლოდ შვიდი ჯანმრთელი ფეხბურთელი დაგვრჩაო. სლავიასაც არ გამოუდია თავი და მატჩი გადაიდო. 

დნიპრომ გასვლაზე 1:0 მოუგო ლვოვის კარპატის. ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა, გაფრთხილებაც მიიღო. კარპატის განაცხადში ბუბა დაუშვილი არ ყოფილა, რადგან ტრავმა აწუხებს. 

პორტუგალიაში ავთო ებრალიძემ ითამაშა, 4 იანვრის შემდეგ პირველად. ავთოს ტრავმა აწუხებდა. ჟილ ვისენტემ გასვლაზე 1:1 ითამაშა ეშტორილთან და ბოლოსწინა ადგილზეა. ებრალიძე 62-ე წუთზე შეცვლაზე შეიყვანეს.  

და ბოლოს გიორგი ჭანტურიაზე, რომელმაც სტიაუა-კლუჟის შეხვედრაში 79 წუთი ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. რუმინულმა პრესამაც აღნიშნა, მინდორზე ყველაზე აქტიური ჭანტურია იყოო. ეს უფრო პირველ ტაიმს შეეხება. კლუჟმა შეხვედრა 0:1 წააგო და ბოლო ადგილზეა, თუმცა ბოლოზე იმიტომ, რომ 24 ქულა აქვს დაკლებული.    

ილია ნანობაშვილი