სიახლეები

გოლი, ავტოგოლი, წითლებიც

გაუზიარე

შოთა არველაძის გაწვრთნილმა ქასიმფაშამ შინ 2:2 ითამაშა ახისართან და მეცხრე ადგილზეა. ქასიმფაშა 2:0-ს იგებდა და პირველი გოლი... ლაშა დვალისგან გაუშვა. 19 წლის ქართველმა მცველმა ავტოგოლი მიითვალა, კერძოდ, მარცხნიდან ჩაწოდებული ბურთი თავით ჩაჭრა საკუთარ კარში. დვალმა ზედიზედ მეოთხე მატჩი ჩაატარა შეუცვლელად. 

იმედია, ახალგაზრდა ქართველ მცველზე ეს ავტოგოლი უარყოფითად არ იმოქმედებს. შეცდომა ყველას მოსდის. 

პოლონეთში იაგელონიამ ზედიზედ მეორედ წააგო, ამჯერად პოზნანში ლეხთან 0:2. იაგელონია მესამე ადგილზეა. ნიკა ძალამიძე სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს, როცა ტაბლოზე ჯერ ნულები ენთო. რაც შეეხება გიორგი ფოფხაძეს, ის იაგელონიას ორი დღის წინ შეუერთდა და, ბუნებრივია, ასე მალე არ ათამაშებდნენ. 

პოლონეთშივე გიორგი ალავერდაშვილის ზავიშამ სტუმრად 1:0 აჯობა ვისლას. ქართველი შემტევი 86-ე წუთზე შეუშვეს მოედანზე. აღსანიშნავია, რომ ზავიშა აუტსაიდერია, მაგრამ წლეულს გამართულ სამ მატჩში შვიდი ქულა აიღო და ჯერ გოლიც არ გაუშვია.  

ჰოლანდიაში არნემის ვიტესმა მოგებათა სერია შეწყვიტა, 1:1 ითამაშა გასვლაზე ჰერაკლესთან. გურამ კაშია ერთი მატჩით დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა 71 წუთი ითამაშა. ვაკო ბევრს მოძრაობდა, აქტიური იყო, საგოლე მომენტიც ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ვიტესმა მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე გაუშვა გოლი. არნემელები მეექვსე ადგილზე არიან და ევროპის ლიგაზე გასვლას უმიზნებენ. 

ბელგიაში გენკმა 3:2 აჯობა ვარეგემს და მეექვსე საფეხურზეა. ლუკა ზარანდია ისევ განაცხადის მიღმა დარჩა, თორნიკე ოქრიაშვილი კი 65-ე წუთზე შევიდა მინდორზე, როცა გენკელები 2:1-ს იგებდნენ. მატჩის შემდეგ გენკის მწვრთნელი ალექს მაკლიში ოქრიაშვილის თამაშსაც შეეხო: 

"მისი გამოსვლის შემდეგ ისევ მოვიპოვეთ უპირატესობა და მალე მესამე გოლი გავიტანეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო".   

საფრანგეთში ბასტიამ 2:1 სძლია ნიცას, მაგრამ ლუკა კიკაბიძე არც ამჯერად იყო განაცხადში. 

კვიპროსზე რეგულარული სეზონი დასრულდა, გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყვნენ. ლიდერმა აპოელმა შინ 1:0 სძლია მეხუთეზე მყოფ ანორთოსისს, რომლის რიგებშიც შეუცვლელად ითამაშა გიორგი აბურჯანიამ, ხოლო ირაკლი მაისურაძე, რომელიც ასევე სასტარტოში იყო, 83-ე წუთზე გააძევეს მეორე ყვითელი ბარათის გამო. მეორე გაფრთხილება ირაკლიმ მეტოქისთვის მაისურაზე დაქაჩვისთვის მიიღო. ისე, ბოლო წუთზე მსაჯს პენალტის დანიშვნა მართებდა აპოელის კარში... 

უნგრეთშიც გააძევეს ქართველი ფეხბურთელი: ზურაბ არზიანისა და დავით დარციმელიას ნირედიჰაზამ სტუმრად 0:3 წააგო ლიდერ ვიდეოტონთან. ნირედიჰაზა მე-11 ადგილზეა. დარციმელია განაცხადში არ იყო, აი, არზიანმა კი სასტარტოში დაიწყო და მე-60 წუთზე მეორე ყვითელი ბარათით გააძევეს. 

დიორმა ფერენცვაროშთან 0:3 წააგო სტუმრად. დიორელთა შორის გიორგი ქვილითაიას არ უთამაშია, რადგან ტრავმა აქვს. 

პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში ფეირენსემ 2:0 მოუგო ტროფენსეს. ფეირენსეს კარში გიორგი მაკარიძე იდგა და, როგორც ხედავთ, გოლგაუშვებლადაც. ფეირენსე მეათე ადგილზეა.  

და შაბათს გასულ ქართულ გოლზეც: უკრაინაში ზორიას ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ მარიუპოლის ილიჩივეცსგაუტანა, თუმცა ზორიამ 1:2 წააგო. 26-ე წუთი იყო, როცა ქართველმა ნახევარმცველმა ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა მეკარეს და ანგარიში 1:1 გახადა. ლიპარტია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო მინდორზე, ორ მეტოქეს მიაღებინა ყვითელი ბარათი და შეუცვლელადაცითამაშა. ზორია მეოთხე ადგილზეა.

ილია ნანობაშვილი