სიახლეები

ლოკომოტივი საბურთალოზე, პირველი ლიგა უმაღლესის ფასად

გაუზიარე

თბილისი. 5 მარტი. "ბენდელა". 1500 მაყურებელი

საბურთალო - ლოკომოტივი 3:2

1:0 ხარაიშვილი (10), 2:0 გოშთელიანი (14), 2:1 გავაშელიშვილი (43), 2:2 გავაშელიშვილი (68), 3:2 გოშთელიანი (80)

საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, მამუჩიშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი (წივილაშვილი 84), გვარაძე (ბიძინაშვილი 77), ხარაიშვილი, ხორხელი (ჯიქია 50), სოფრომაძე (ნადარაია 46), გოშთელიანი (რუხაძე 89)

სათადარიგოები: სანიკიძე, შიხაშვილი

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ლოკომოტივი: მიქავა, კუსიანი, სანდოხაძე (ჩიტეიშვილი 44), პატარკაციშვილი (კუხალაშვილი 59), დუმბაძე, ღვინიაშვილი, კიკნაძე (ვაშაკიძე 62), გავაშელიშვილი, ართმელაძე, უბილავა, ჩიხლაძე (წივწივაძე 46) 

სათადარიგოები: რომეო ფენგერი, ყანჩაველი, ქებაძე

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გაფრთხილება: წივწივაძე (70), ჩიტეიშვილი (77)

მსაჯი: გიორგი  ვარდიძე

ქვეყნის ნაკრები გუნდების მწვრთნელთა თხოვნით, პირველი ლიგის ა ჯგუფის ცენტრალური მატჩი მასპინძლებმა საღამოს დანიშნეს. ჯერ ერთი, საბურთალოშიც და ლოკომოტივშიც მრავლად არიან სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატები და მეორეც, შუადღით უმაღლესი ლიგის მატჩები იყო და ამათგან გამორჩეული - დინამო-ზესტაფონის შეხვედრა 17 საათზე დაინიშნა. საბურთალოელებმაც კეთილი ნება გამოიჩინეს და ლოკომოტივი `ბენდელას~ სტადიონზე 19 საათზე დაიბარეს. ისედაც საინტერესო და პრინციპულ შეხვედრას დამატებითი ელფერი პროჟექტორების შუქმა და ქომაგებით სავსე ტრიბუნის წინ  თამაშმა შემატა. მატჩიც ისეთი გამოვიდა, უმაღლესლიგელების დაპირისპირებას თუ არ აღემატებოდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა. არადა, მასპინძელთაგან მოედანზე ყველაზე უფროსი ფეხბურთელი 20 წლის იყო, ლოკომოტიველთაგან - 21-ის.  

მართალია, ლოკომოტივი გათამაშების ცხრილში ლიდერთა შორის არ იყო, მაგრამ საბურთალომდე ზედიზედ სამი შეხვედრა მოეგო და პოტენციითაც ვასილ მაისურაძის შეგირდება ჩემპიონატში გამორჩეულნი არიან. საბურთალო კი პირველი ლიგის ა ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია და რაიმე სასწაული თუ არ მოხდა, გიორგი ჭიაბრიშვილი გაისად გუნდს უმაღლეს ლიგაში გაუძღვება. საბურთალოს სადღეისოდ 54 ქულა აქვს, მის უახლოეს მდევარ ლაზიკას - 39. ჰოდა, რამდენად დიდია ჯგუფის სხვა გუნდებზე საბურთალოელთა უპირატესობა, თავად განსაჯეთ...

საბურთალოს დიდი უპირატესობით დაიწყო გუშინდელი მატჩიც. მასპინძლები უკვე მე-15 წუთისთვის 2:0 იგებდნენ და თამაშიც ისე მიჰყავდათ, გამარჯვება ეჭვქვეშ არ უნდა დაეყენებინათ, მაგრამ... 

საბურთალო გიორგი ხარაიშვილმა დააწინაურა, ვინც ლოკომოტივის მცველებს შეცდომა არ აპატია; მალევე კი ხარაიშვილს გურამ გოშთელიანმა მიბაძა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა. სხვათა შორის, ორივე 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. მერე მეტოქეებმა რამდენიმე სახიფათო დარტყმა გაცვალეს, ტაიმის ბოლოს კი ასეთი ამბავი მოხდა: სტუმართა ფორვარდი, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის გიორგი კიკნაძის ვაჟი გიორგი მეკარე ბაჩო მიქავასთან პირისპირ დარჩა და თითქოს არც გატანა უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ უკნიდან მეტოქე ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე დაეჯახა. მომენტი კი გაცუდდა, მაგრამ დროებით _ არბიტრმა გიორგი ვარდიძემ ტაბიძეს გასახდელისკენ მიუთითა, ხოლო სტუმრებს პენალტის დარტყმისკენ. ლოკომოტივის ვერცხლისწყალივით მოძრავმა და მოქნილმა ფორვარდმა მამია გავაშელიშვილმა ანგარიშში სხვაობის შემცირების შანსი ხელიდან არ გაუშვა. იქვე პირველი ტაიმიც დასრულდა.

შესვენების შემდეგ ლოკომოტივი აგრესიულად ათამაშდა და უფრო თამამად შეუტია. კაცნაკლული საბურთალო მეტოქეს კონტრშეტევებზე ჩაუსაფრდა და ცოტა რომ გამართლებოდა, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ერთხელაც იხეირებდა. მომენტები, ცხადია, ლოკომოტივსაც ჰქონდა, მაგრამ სტუმრების ფორვარდები საბურთალოელთა ცენტრალურ მცველ ვლადიმერ მამუჩიშვილს ვერაფრით გასცდნენ. ლოკომოტივის გამათანაბრებელი გოლიც მთლიანად გავაშელიშვილის ოსტატობის შედეგი იყო. მან საჯარიმო მოედნის წინა ხაზთან ერთი მოძრაობით ჩამოიშორა მცველები, ბურთი გაისწორა და ბექა ქურდაძეს აუღებლად დაურტყა. ამ 20 წლის ფეხბურთელის ჩაუქობის ამბავი ცალკე სათქმელია: მან გუშინ ხომ საბურთალოს გაუტანა ორი გოლი, წინა ტურში კი სამგურალი მართლაც რომ არ დაინდო და წყალტუბოელებს მარტომ მოუმთავრა საქმე _ ლოკომოტივმა მეტოქე 5:2 დაამარცხა და ხუთივე გოლი მამიამ გაიტანა. ამ სეზონში ის უკვე 22 გოლის ავტორია. 

საბურთალოსთან გავაშელიშვილის გატანილმა ორმა გოლმა სტუმრებს ვერაფერი არგო. ლოკომოტივი კაცნაკლულ გუნდთან შეტევაში თამაშით ისე გაერთო, მეტოქის კონტრშეტევა და გოლი იქით გაეპარა: თავისი საჯარიმოდან მეტოქის კარისკენ ბურთი ხარაიშვილმა წაიღო, მერე მარცხნიდან სიჩქარეაკრეფილ სანდრო ალთუნაშვილს უპასა, მან კი ბურთი კარის გასწვრივ მარტოდ დარჩენილ გოშთელიანს დაბალზე გადააწოდა; საბურთალოელის დარტყმულიც ზუსტი აღმოჩნდა. ლოკომოტივმა თამაშის გადასარჩენად ბოლოსკენ ერთხელაც გაიწია, მაგრამ მასპინძლებმა მეტი აღარც გავაშელიშვილს გაატანინეს, აღარც მისიანებს...   

ლუკა თალაკვაძე