სიახლეები

ტორპედოს უიღბლობა ისევ გაგრძელდა

გაუზიარე

5 მარტი. ქუთაისი. ცენტრალური. 1500 მაყურებელი

ტორპედო – მერანი 1:1

0:1 ლომია (32), 1:1 საბანაძე (45).

ტორპედო: შეყრილაძე, კირკიტაძე, მირცხულავა (ზივზივაძე 59), ქიმაძე, ადამაძე, ზ. ჭელიძე, ჩიკვილაძე (ბაბუნაშვილი 46), საბანაძე, ვ. კვარაცხელია, კლიმიაშვილი, კვერნაძე (კვასხვაძე 72). 

სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, ქებაძე, მახვილაძე, გოგიჩაიშვილი.

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

მერანი: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, ციცხვაია, წყაროზია (ფიფია 79), ქიქავა, გეგეჭკორი, შულაია (კიკნაველიძე 46), ჯღამაია, ლომია (ცხადაია 62).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, კუშნირი, წურწუმია, პეტავა.

მწვრთნელი: შალვა ღონღაძე     

გაფრთხილება: ლომაშვილი (24), კვარაცხელია (27), საბანაძე (37), ჯღამაია (50), წყაროზია (67).
მსაჯი: დავით სანოძე


შეხვედრას თითქმის 24-საათიანმა წვიმამ, ბუნებრივია, კვალი დაატყო. მატჩი ორივე გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო: ქუთათურებს ამ მატჩამდე 11 ტური ვერ მოეგოთ, მარტვილელებისთვის კი ნებისმიერ ქულას მნიშვნელობა აქვს - ჩემპიონატის ცხრილის თავშიც და ბოლოშიც ისეთი დაძაბულობაა, პატარა მოდუნებას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს, თანაც, მარტვილელებმა წინა შეხვედრა შინ დათმეს ცხინვალთან. 

პირველი ტაიმი ორივე გუნდმა მხნედ დაიწყო, პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს. მელიავას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ჯღამაია ცდილობდა თავურით გატანას, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. შემდეგ ქუთაისელი კირკიტაძის დარტყმული ერთ-ერთ მცველს შეეხო და ბურთი კუთხურზე გადავიდა. მე-12 წუთზე მარტვილელები გოლს გადაურჩნენ. მარცხენა ფლანგზე ჩიკვილაძემ მეურვე ჩამოიშორა და მეკარის ბაქანთან მდგომ კვერნაძეს ზუსტად ჩააწოდა, მაგრამ ტანმაღალმა ფორვარდმა ახლო მანძილიდან ხეირიანად ვერ დაარტყა და ბურთი პირდაპირ მამალაძის მიმართულებით გაგზავნა. ორიოდ წუთში კლიმიაშვილმა კარგად გაატარა ბურთი და ჭელიძის დაახლოებით 30 მეტრიდან `გასროლილი~ ბურთი მერანის მეკარემ გაჭირვებით გადააგდო კუთხურზე. 

ცოტა ხანში მეტოქის კარისკენ სტუმრებმაც `გაიხედეს~ - წყაროზიას სტანდარტულის შემდეგ ბურთს მიმართულება ჯღამაიამ შეუცვალა, შემდეგ დარტყმას ლომია ცდილობდა, ბურთს ვერ შეწვდა. 32-ე წუთზე კი პირველი გოლი გავიდა: მერანელმა საბა ლომიამ ბურთი ქუთაისელთა ნახევარზე მიიღო, მცველებსაც გაექცა და ტორპედოელთა მეკარესაც აჯობა -0:1. 

გაშვებულმა გოლმა მასპინძლები დააბნია, რასაც მარტვილელთა ორი შეტევა მოჰყვა. ტაიმის მიწურულს ქუთათურებმა ისევ შეუტიეს მეტოქეს და დამატებულ დროში კვარაცხელია-კირკიტაძე-საბანაძის კომბინაციით წონასწორობა აღადგინეს -1:1. 

მეორე ნახევარი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და შემდგომაც ასე გაგრძელდა - მათ არაერთი ხელსაყრელი მომენტი შექმნეს, თუმცა საწადელს ვერ მიაღწიეს. გაცუდებული შანსების შემდეგ ქუთაისელთა აქტიურობამ აშკარად იკლო - თამაშის ბოლომდე ერთადრთი დარტყმა განახორციელეს და ისიც სტანდარტულიდან. მატჩის ბოლოსკენ ტორპედოელებმა მოსალოდნელო შტურმის მოწყობა ვერ შეძლეს, სტუმრებს კი, პირიქით, თამაშის მოგებაზეც შეეძლოთ ეფიქრათ, ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ კონტრშეტევებისას. 89-ე წუთზე კიკნაველიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთს ნახტომში თავით ცხადაია ურტყამდა. ქუთაისელთა ბედად, ბურთი მცირედით ასცდა მიზანს. დამატებულ დროშიც იყო მომენტები, თუმცა საბოლოოდ არბიტრის საფინალო სასტვენმა მეტოქენი თითო ქულით დააშორა ერთმანეთს, ქუთაისელთა მოუგებელი სერია კი ისევ გაგრძელდა.    

ცოტნე ბაკურია ქუთაისიდან