სიახლეები

კალაძემ ყოფილ პარტნიორებს ზემოდან უყურა

გაუზიარე

5 მარტი. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“. 800 მაყურებელი

სამტრედია - სიონი 3:1

1:0 ხიზანიშვილი (40), 2:0 გეწაძე (47), 1:2 ქებურია (68), 3:1 კაპანაძე (90)

სამტრედია: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, ბეჭვაია, კვირკველია, შარიქაძე (იაშვილი 78), ბოლქვაძე, დათუნაიშვილი, დოლიძე (თორნიკე გრიგალაშვილი  55), გეწაძე, ი.კერძევაძე (კაპანაძე 18)

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, გორგიაშვილი, გურული, რამოსი

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე 

სიონი: ბათიაშვილი, ფოფხაძე, სვანიძე, გოგობერიშვილი ( და სილვა 46), დ. საჯაია, გაფრინდაშვილი, ცხადაია, ჭანკოტაძე (ლობჟანიძე 69), დ. სიჭინავა, უგულავა (ქებურია 46), ვიეირა

სათადარიგოები: მერლანი, ჭიკაიძე, გიორბელიძე, ჯინჭარაშვილი

მწვრთნელი: ლადო ბურდული

გაფრთხილება: ცხადაია (20), საჯაია (39)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

მატჩს წვიმისა   და საკმაოდ ძლიერი ქარის გარდა, სიცივეც დაერთო და  ამინდის ჭირვეულობამ  ასეთ პრინციპულ დაპირისპირებას მაყურებელიც მოაკლო და, რაც უფრო მთავარია, თამაშის ხარისხსაც დაასვა დაღი.  

სიტყვა პრინციპული შემთხვევით არ გვიხსენებია. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეებს  სატურნირო ცხრილში 10 საფეხური აშორებდათ, შეხვედრა მაინც ძნელად პროგნოზირებადი გახლდათ. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სიონმა წინა ტურში იმ დინამოს მოუგო  და დააკარგვინა ჩემპიონატის ლიდერობა, რომელმაც მანამდე  „ეროსი მანჯგალაძეზე“ აჯობა სამტრედიას. ერთი სიტყვით, თამაშს გვარიანი ინტრიგა ახლდა.

სტუმრები საკადრო პრობლემებით შეხვდნენ თამაშს. დისკვალიფიკაციის გამო დაცვაში  ცნობილაძე- გურეშიძის ტანდემი მოისაკლისეს. ამ მხრივ სადარდებელი არ ჰქონიათ მასპინძლებს, ყველა მწყობრში იყო და მეტიც, სამტრედიას განაცხადში სათადარიგოთა შორის ორი ალექსანდრეს - იაშვილისა და გურულის გვარები ამოვიკითხეთ. დიახ, ექსდინამოელი, არაერთი გერმანული კლუბისთვის გარჯილი, ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ალექსანდრე იაშვილი, რომელსაც ოქტომბერში 38 წელი შეუსრულდება, 18- წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ეროვნულ ჩემპიონატს და კარიერის დასრულებას სამტრედიაში აპირებს. რაც შეეხება ალექსანდრე გურულს, ის, მოგეხსენებათ, შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილია, საქართველოშიც უთამაშია და უცხოეთშიც, ბოლოს ბელარუსში, სოლიგორსკის „შახტიორში“ გამოდიოდა. იმერული კლუბის ხელმძღვანელობას ორივე ახალწვეულის იმედი აქვს და ვნახოთ. ბოლნისელთა წინააღმდეგ კი მხოლოდ იაშვილმა ითამაშა, იგი 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ამჯერად თავი რამდენიმე ზუსტი პასით დაგვამახსოვრა.

სამტრედია თავიდანვე დიდ წინააღმდეგობას წააწყდა მეტოქისგან. ბოლნისელები საკმაოდ ორგანიზებულად მოქმედებდნენ და მასპინძლებს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ. თანაბარ თამაშში პირველი დარტყმა კარის მიმართულებით სტუმრებმა განახორციელეს. მე-8 წუთზე ფოფხაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში, ვიეირა თავით შესწვდა ბურთს, მაგრამ დარტყმას ძალა ვერ დაატანა და თევდორაძეს დაჭერა არ გასჭირვებია. სიონის კარს კი საფრთხე მე-14 წუთზე შეექმნა. ბოლნისელები საკუთარ ნახევარზე ილია კერძევაძის წაქცევისთვის დაჯარიმდნენ. კვირკველიას მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი სტუმრებმა ახლოს მოიგერიეს,  გადმოვარდნილს ხიზანიშვილმა დაამატა, მაგრამ კარისკენ წასული ბურთი ბოლნისელი მცველის ფეხს მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, ამ ეპიზოდში სამტრედიელთა შემტევი სერიოზულად დაშავდა, კერძევაძე შესაცვლელი შეიქნა. მისი ადგილი კაპანაძემ დაიკავა.

მე-20 წუთზე სტუმრებს დაწინაურების შესაძლებლობა მიეცათ. ჭანკოტაძემ მარჯვენა ფრთიდან ზუსტად გადააწოდა საჯარიმოში მყოფ უგულავას, რომელმაც უმალ დაარტყა კარისკენ, მაგრამ ხარიხას გვარიანად გადააცილა. ამის შემდეგ სამტრედიელებმა შეუტიეს. გეწაძე მარჯვნიდან ოსტატურად დაუსხლტა ორ ბოლნისელს, ოღონდ მის მიერ კარისკენ სახიფათოდ გადაწოდებულ ბურთს კაპანაძე ვერ მისწვდა. ცოტაც და, გეწაძემ უკვე მარცხენა ფლანგზე იყოჩაღა და, ფაქტობრივად, საგოლე გადაცემა გაუკეთა უმეთვალყურეოდ დარჩენილ დოლიძეს, თუმცა ამ უკანასკნელის ძლიერი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. გეწაძე მართლაც რომ გამორჩეული გახლდათ ამ შეხვედრაში. შესვენებამდე 5 წუთით ადრე სწორედ მის მორიგ ფლანგურ გარღვევას და ჩაწოდებას მოჰყვა არეულობა სიონის საჯარიმოში, რითაც კარგად ისარგებლა ხიზანიშვილმა და ახლოდან თავურით შეაგდო. სამტრედიელები დაწინაურდნენ და პირველი ტაიმიც ამ გოლით მორჩა, თუმცა გაშვებული გოლიდან 2 წუთში ბოლნისელებს გაყაიმება შეეძლოთ, მაგრამ კაკუბავას შეცდომა ვერ გამოიყენეს. სამტრედიელმა  საკუთარ საჯარიმოსთან უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთი და დათა სიჭინავას შეეძლო მცველის დასჯა, ბოლნისელმა დაახლოებით 20 მეტრიდან დაურტყა თევდორაძეს დაბალ კუთხეში, მაგრამ მიზანს ვერ უწია.  

მეორე ტაიმისთვის სიონმა ორმაგ შეცვლას მიმართა, შემტევი პოტენციალი გააძლიერა, ოღონდ, ვიდრე შემცვლელები თამაშში ჩაერთვებოდნენ, ბოლნისელებმა მეორე ბურთი გაუშვეს. მოვლენათა ეპიცენტრში ისევ გეწაძე აღმოჩნდა. ამჯერად ის გოლის ავტორად მოგვევლინა. რეზო დოლიძის მიერ მარჯვნიდან ჩაწოდებულს მარჯვედ დაუხვდა და 2:0.
რაც მართალია, სტუმრები ამ ანგარიშმაც არ დააბნია. სიონი ყველა ღონეს ხმარობდა მატჩის გადასარჩენად და მყარად დაეუფლა სათამაშო უპირატესობას. სამტრედიას კარგა ხანს მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მოუხდა. 59-ე წუთზე მასპინძლები იღბლად გადაურჩნენ გოლს. პარტნიორებმა და სილვა გაიყვანეს თევდორაძესთან პირისპირ, თუმცა მეკარემ თავგანწირვით ითამაშა და ბოლნისელს ახლოდან არ გაატანინა. მალევე ჭანკოტაძის გადაცემის შემდეგ ვიეირა  შეეცადა ახლოდან გატანას, მაგრამ თავური მცირედით აუცდა. ბოლნისელთა ზეწოლამ მაინც გამოიღო ნაყოფი. 68- ე წუთზე ქებურიამ ისარგებლა სტანდარტულის შემდეგ მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით და ახლოდან გაუტანა თევდორაძეს.

სამტრედიელებმა მხოლოდ ამის შემდეგ ამოიწიეს დაცვიდან და თანდათან მოახერხეს თამაშის გათანაბრება. მატჩი ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე მეტოქეებს საქმე ვერ მიჰყავდათ. არადა, თამაშში მეოთხე გოლი მაინც გავიდა. ეს დამატებულ დროში მოხდა. სხვა ვინ? ისევ გეწაძემ გამოიდო თავი, მარცხნიდან დაბალი პასით მოძებნა სტუმართა საჯარიმოში მყოფი კაპანაძე, რომელმაც დასწრებაზე აჯობა მცველებს და სამტრედიას გამარჯვება უფრო დამაჯერებელი გახადა.
ბოლოს ვიტყვით, რომ მატჩს ქვეყნის ვიცე პრემიერი კახა კალაძე ესწრებოდა.            

იუზა კაციტაძე სამტრედიიდან

ავტორის ფოტო