სიახლეები

დაქანცული მეტალურგის მოსალოდნელი ნული

გაუზიარე

გურია-მეტალურგი 1:0

5 მარტი. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’. 500 მაყურებელი.

1:0 მოსიაშვილი (18)

გურია: გოგუაძე, ჭეიშვილი, ცინცაძე, ე. კილაძე, მჭედლიშვილი, მოსიაშვილი, ღაღანიძე (გაბრიჩიძე 89), შალამბერიძე (ბენაშვილი 90), ინგოროყვა, ზაზულია, შეველი (მათიაშვილი 76)

სათადარიგოები: იმერლიშვილი, გოგიაშვილი, კუკულაძე, კონოვალოვი

მწვრთნელი: თემურ ლორია

მეტალურგი: ქარდავა, ბარაბაძე (გოცაძე 61), ბარამიძე, გ. კილასონია (ექვთიმიშვილი 57), ნარიმანიძე, კ. ხიზანეიშვილი (გელაშვილი 46), მიქაუტაძე, სარიშვილი, ლუკა ნოზაძე, ციცქიშვილი, ბერუაშვილი;

სათადარიგოები: ბეგიაშვილი, ოქროპირიძე, ბიწკინაშვილი, გუჯაბიძე

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გაფრთხილება: ციცქიშვილი (70), ღაღანიძე (79), მათიაშვილი (89) ინგოროყვა (90)

მსაჯი: ბაკურ ნინუა


რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობით შეხვდნენ ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას სატურნირო ცხრილის მეზობლები. პირველ წრეში მათი დაპირისპირებისას არც ერთ გუნდს ფინანსურად არ ულხინდა, თუმცა მერე გურულებმა ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოაგვარეს და ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ურეკში შეკრებაც გაიარეს, თან გუნდი რამდენიმე ახალწვეულით გააძლიერეს. ამის შედეგი ის გახლავთ, რომ დღეს გურია შედარებით უხიფათო ზონაში იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველები ცხრილში ერთი საფეხურით წინ იყვნენ, მათ პრობლემებს ბოლო არ უჩანს. დიდი შანსი იყო, რომ ეს შეხვედრა საერთოდ ჩაშლილიყო. როგორც გავიგეთ, ფეხბურთის ფედერაციის კეთილი ნებით რაღაც მოგვარდა და ქვემოქართლელები ლანჩხუთს დანიშნულ დროს ესტუმრნენ.

მოლოდინის საწინააღმდეგოდ, შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მე-2 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. სწრაფი კომბინაციის შემდეგ თანაგუნდელებმა ბარამიძე მეკარის პირისპირ გაიყვანეს, რომელმაც გოგუაძისთვის ბურთის თავზე გადაგდებაც მოახერხა, მაგრამ შორეულ ძელს მცირედით ააცილა. მასპინძელთა კართან მომდევნო ხიფათი მე-10 წუთზე შეიქმნა. ლანჩხუთლები ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის გაკეთებისას შეცდნენ, თუმცა გოგუაძემ იმარჯვა და თავისიანები აშკარა გოლს გადაარჩინა. 

გურულთა პირველივე სერიოზული შეტევა კი შედეგიანი გამოდგა. მოსიაშვილმა ბოლომდე იბრძოლა, რამდენიმე მცველს გასცდა და საჯარიმოში შესულმა ქარდავას შორეულ კუთხეში გაუტანა - 1:0.

გოლმა სტუმრები არ დააბნია და 24-ე წუთზე მათ გათანაბრებაც მართებდათ. თანაგუნდელთა მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ბარამიძე გურულთა გოლკიპერთან ისევ ერთი-ერთზე აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერად ახლო კუთხეში ააცილა.
ამის შემდეგ, ტაიმის ბოლომდე აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და გურულები შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ.
შეხვედრის განახლების შემდეგ მატჩი სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა. უვარჯიშებელ და ნამგზავრ ქვემოქართლელებს დაღლა დაეტყოთ და მეორე ტაიმში მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს. 

ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა შალამბერიძეს 53-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხას ზევიდან გადაევლო. ორ წუთში შეველსაც მიეცა თავის გამოჩენის შანსი, თუმცა უკრაინელ ლეგიონერს სულ ბოლო მომენტში მცველებმა დაასწრეს. 
შეხვედრა ამის შემდეგაც გურულთა უპირატესობით გაგრძელდა. დუბლის შესრულება მართებდა მოსიაშვილს.  გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ ისევ შალამბერიძესა და შეველს, მაგრამ უკანასკნელ მომენტში ხან შემტევები სცოდავდნენ, ხან ქარდავა იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

ანგარიშის გაზრდის ყველაზე კარგი შანსი მასპინძლებს მატჩის მიწურულს მიეცათ. ჭეიშვილის ძლიერად დარტყმული საჯარიმო მეკარემ ხელებში ვერ შეიმაგრა, მაგრამ გურულებმა დამატებაზე ვეღარ ივარგეს. 
მალე არბიტრის საფინალო სასტვენიც გაისმა, რომელმაც გურულთა გამარჯვება დააფიქსირა.

ირაკლი ქავთარაძე ლანჩხუთიდან