სიახლეები

დინამო კვლავ ლიდერია

გაუზიარე

5 მარტი. თბილისი. `დინამო არენა~. 1200 მაყურებელი.

დინამო-ზესტაფონი 3:2

0:1 სიხარულია (4), 1:1 მანუელი (45), 2:1 მანუელი (57 პენ.), 2:2 სამუშია (69), 3:2 თოთაძე (72)

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, რენე, თოთაძე, ბუკორაცი (პარუნაშვილი 56), ცინცაძე, შერგელაშვილი, ჭანტურიშვილი (ჩირგაძე 60), კიტეიშვილი (ჯანელიძე 80), მანუელი.

სათადარიგოები: დაუშვილი, ტაბატაძე, გველესიანი, ჯიღაური.

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი.

ზესტაფონი: კუპატაძე, რობაქიძე, ლომაია, მარაქველიძე, მთივლიშვილი, ვასაძე, სიხარულია (ბერიძე 80), რაჟამაშვილი (სამუშია 68),
ჯარემია (კვირკვია 56), ილურიძე, სიხარულიძე.

სათადარიგოები: ჯალაღონია, მჭედლიშვილი, ნემსაძე, გაჩეჩილაძე.

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.

გაფრთხილება: სიხარულია (25), ბუკორაცი (48), მარაქველიძე (58), კაკაბაძე (63), კუპატაძე (71), მანუელი (74), კვირკვია (76).
მსაჯი: ლაშა სილაგავა

გუშინ თბილისის დინამომ ზესტაფონს მეორედ მოუგო ამ სეზონში და ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ სეზონის განახლებისთვის თბილისელები მართლაც მშვენიერ პირობებში ემზადებოდნენ, რამდენიმე ფეხბურთელითაც გაძლიერდნენ და მოთამაშეებს ყველა პირობა აქვთ საიმისოდ, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრონ, მაგრამ, ამის მიუხედავად, დინამოს თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს. გუშინაც, ზესტაფონმა, რომელსაც ახლა კარგი დროება არ უდგას, მოქმედ ჩემპიონს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე ზვიად სიხარულიამ გახსნა, რომელმაც დინამოელთა სერბი ნახევარმცველის, სტეფან ბუკორაცის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა გაიტანა.

ამის შემდეგ უპირატესობას დინამო დაეუფლა. გატანის შანსი ჰქონდა მანუელს, რომელიც ჭანტურიშვილმა გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ესპანელს მეკარემ აჯობა. კუპატაძე კიტეიშვილის შორიდან გასროლილსაც მარჯვედ დაუხვდა. ტაიმის მიწურულს კი დინამომ მაინც გაათანაბრა: მარჯვენა ფლანგზე ეფექტურად ითამაშა ჭანტურიშვილმა, შეტევა კიტეიშვილმა გააგრძელა, მანუელმა კი ბურთს მიმართულება შეუცვალა და 1:1.

მეორე ტაიმის დასაწყისში კვლავ დინამო აქტიურობდა და ეს სტუმართა კარში დანიშნული და გატანილი პენალტით გამოიხატა: კიტეიშვილს მარაქველიძე ეუხეშა და მანუელმა ზუსტად შესრულებული თერტმეტმეტრიანით საქართველოს ჩემპიონატში პირველი დუბლი მიითვალა.

იმერლებმა ანგარიში შეცვლაზე შესული ფეხბურთელების მეშვეობით გაათანაბრეს. მათე კვირკვიას ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მასპინძელთა კარში გურამ სამუშიამ გადაგზავნა. ამ მომენტში აშკარად უკეთ მართებდათ თამაში დინამოელთა მცველებსა და მეკარეს. დინამო სამ წუთში კვლავ დაწინაურდა - კაკაბაძემ ჩინებული პასით ზესტაფონის მთელი დაცვა უსაქმოდ დატოვა და მეკარესთან პირისპირ გაიყვანა მანუელი, რომელიც იმერელთა მეკარემ საჯარიმო მოედნის გარეთ ბოლო იმედის ჯარიმით შეაჩერა. მსაჯმა ლაშა სილაგავამ კუპატაძე აშკარად დაინდო და მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა, საჯარიმო დარტყმა კი იდეალურად შეასრულა ლაშა თოთაძემ, რომლის ყუმბარისებური დარტყმის შემდეგ მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. 

დარჩენილ დროში ზესტაფონმა ბოლო ძალები მოიკრიბა და თამაშიც ძირითადად დინამოელთა ნახევარზე გაგრძელდა, ეს კი მართლაც გასაკვირია - როგორ ახერხებს დაახლოებით ერთი თვის შეკრებილი გუნდი დინამოსთან მატჩის ბოლო წუთებზე შტურმის მაგვარის მოწყობას? ისიც სათქმელია, რომ დინამომ შეხვედრა ათი კაცით დაასრულა - ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო ნიკა ჭანტურიამ, ამ დროისთვის კი კახა გოგიჩაიშვილს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა. 

კახა გოგიჩაიშვილი: ძალიან კარგია, რომ სიონთან მარცხის შემდეგ დღევანდელი თამაში მოვიგეთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ზოგიერთი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილო ვარ - არ შეიძლება ამდენი უხეში შეცდომის დაშვება, მათთან სერიოზული ლაპარაკი მომიწევს.

გიორგი მიქაძე: ჩემს ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი ბოლომდე ბრძოლისთვის. როგორც იცით, ზესტაფონს გარკვეული პრობლემები აქვს და ამის მიუხედავად, ჩემპიონატის ლიდერთან საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დავტოვეთ. დინამოს ყოველთვის ვგულშემატკივრობ და წარმატებას ვუსურვებ.

პაატა ძნელაძე