სიახლეები

შუქურამ ივანწმინდაში გამოანათა

გაუზიარე

5 მარტი. ივანწმინდა. “ცენტრალური“  300 მაყურებელი

ჩიხურა-შუქურა 0:2

0:1 მეტრეველი (85),  02 კუხიანიძე (90 პენ.)        

ჩიხურა: ზარქუა, ლუბჩაკი, ლ. ჭელიძე, შ. კაშია, ჩიკვაიძე, განუგრავა, კაკაშვილი, მანჯგალაძე (კუჭუხიძე 52), კორიფაძე, სარდალიშვილი, დეკანოიძე
სათადარიგოები: ქვილითაია, ბაჯელიძე, ტრაიანოვსკი, ივანიშვილი, იაკობაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

შუქურა: ჯიოევი, ჩალაძე, გ. გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, პუკანიჩი, კუხიანიძე, ლუისი (თუხარელი 68), ჩაფიძე (ხუჭუა 87), ჩელებაძე, ნუნიესი (მეტრეველი 82)
სათადარიგოები: თ. კაკალაძე, კ. მჟავანაძე, ტაკიძე, ზ. ტუღუში
მწვრთნელი: გელა სანაია 

გაფრთხილება: კაკაშვილი (17), ხოჭოლავა (65), ჩაფიძე(69), ჩიკვაიძე(84), 
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი 



ჩიხურას სხვადასხვა მიზეზთა გამო, ძირითადი შემადგენლობის  ოთხი ფეხბურთელი აკლდა. სოსო ფრუიძემ ზესტაფონთან შეხვედრის შემდეგ სხვა კორექტივებიც შეიტანა შემადგენლობაში - საჩხერელთა ძირითადმა მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, ასევე თადარიგში დარჩა უკრაინელი შემტევი ევგენი ტრაიანოვსკი.
პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, სუსხიანმა ამინდმა თავისი დაღი დაასვა თამაშს.
ჩიხურას შეტევების განვითარება ძალიან უჭირდა და 90 წუთის განმავლობაში საგოლე შანსი, ფაქტობრივად, არ ჰქონია. შუქურას ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნუნიესმა არაერთი თავსატეხი გაუჩინა ზემოიმერლებს. სწორედ ნუნიესმა დაარტყა პირველად მე-15 წუთზე ჩიხურას კარში - ბრაზილიელი კოხტად გათავისუფლდა მცველებისგან და კარშიც დაარტყა, თუმცა ზარქუას აღება არ გაჭირვებია. მალევე კაკაშვილმა დაარტყა შუქურას კარისკენ, თუმცა კარს გადააცილა.
27-ე წუთზე ჩაფიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი ცოცხალ კედელს შეეხო და კინაღამ ბადეში აღმოჩნდა. 
ჩიხურამ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, ჩიკვაიძემ განუგრავას გადააწოდა, მან კი კორიფაძე მოძებნა მარჯვენა ფრთაზე, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა. შუქურა ხიფათს ტვილდიანმა გადაარჩინა და ბურთი თავით კუთხურზე მოიგერია. ტაიმის მიწურულს ჩიკვაიძის არცთუ ძლიერი დარტყმული ბურთი ჯიოევმა აიღო.
მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოედანზე გამოვიდა ლაშა კუჭუხიძე, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდა. კუჭუხიძე საკმაოდ აქტიური იყო, მაგრამ მას თანაგუნდელები მხარს ვერ უბამდნენ. შუქურა მეორე ნახევარში თანდათან დაეუფლა სათამაშო უპირატესობას და საგოლე მომენტებიც შექმნა. პირველი რეალური საგოლე შანსი გიორგი ჩელებაძის შესანიშნავი პასის შემდეგ ნუნიესს მიეცა. იგი ერთი ერთზე დარჩა ზარქუასთან, თითქოს გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ზარქუამ ბრაზილიელს არ გაატანინა. მალევე კვლავ ვიხილეთ ნუნიესისა და ზარქუას დუელი - ლუისის პასის შემდეგ კვლავ პირისპირ აღმოჩნდა ნუნიესი და ამჯერადაც ზარქუა გამოვიდა გამარჯვებული, მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. 
ამის შემდეგ საჩხერლებმა ნახევრად მომენტი შექმნეს - კორიფაძის მარჯვნიდან ჩაწოდებულს თავი შეაგება კუჭუხიძემ, თუმცა ჯიოევს გუნდის გადარჩენა არ გასჭირვებია. სტუმართა თავკაცმა გელა სანაიამ ჯერ თუხარელი ჩართო თამაშში, შემდეგ კი ზვიად მეტრეველი. მწვრთნელის ამ სვლამ შედეგი სამ წუთში გამოიღო. მეტრეველმა მანამდე კარგად მოთამაშე ზარქუას შანსი არ დაუტოვა შორეულ კუთხეში გოლი-შედევრი გაუტანა - 0:1. 
მატჩის ბოლო წუთზე კი ისევ მეტრეველი შეიჭრა საჩხერელთა საჯარიმოში, სადაც შოთა კაშიამ შეაჩერა აკრძალული ილეთით და პენალტი კუხიანიძემ აუღელვებლად გაიტანა. 
შუქურამ სრულიად დამსახურებულად მოიპოვა სამი ქულა, ჩიხურამ კი ამ სეზონში შინ პირველად წააგო. 

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე: იცით, რომ ტრავმირებული გვყავს ორი ფეხბურთელი, ორი მოთამაშე კი დისკვალიფიკაციის გამო გამოგვაკლდა. მეტრეველმა ულამაზესი გოლი გაგვიტანა. ასეთი გოლი უძლიერეს ჩემპიონატებსაც დაამშვენებდა. შუქურამ დამსახურებულად მოგვიგო და მას წარმატებებს ვუსურვებ. 

გელა სანაია: პირველ რიგში, ვულოცავ ჩემს გუნდსა და გელშემატკივარს ამ გამარჯვებას. მადლობა ფეხბურთელებს, რომ თავი არ დაზოგეს და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. თამაშში თავისი კორექტივები ცუდმა ამინდმაც შეიტანა, თუმცა ვფიქრობ, რომ კარგი თამაში ჩავატარეთ და დამსახურებულად მოვიგეთ.
 
ნუკრი ლოლაძე ივანწმინდიდან