სიახლეები

ბოიკოტი კუნძულზე, გიორგი მერებაშვილი ფიფაში მიდის

გაუზიარე

საბერძნეთის ოფის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მერებაშვილი დღეს, საბერძნეთის თასის მეოთხედფინალში პროტესტის ნიშნად არ ითამაშებს. ოფი თასის საპასუხო შეხვედრისთვის შკოდას უნდა ესტუმროს, თუმცა გუნდთან ერთად ჩვენიანი არ იქნება. მერებაშვილმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ოფის მწვრთნელს უკვე აცნობა. ეგ კი არა, გიორგიმ თავის კლუბს ერთკვირიანი ულტიმატუმი წაუყენა _ თუ ოფი ფეხბურთელის ფინანსურ საკითხებს 10 მარტამდე მოაგვარებს, ხომ კარგი, სხვა შემთხვევაში კი ქართველი ფორვარდი ფიფაში იჩივლებს...

საქმე აქამდე არ მივიდოდა, ოფის ხელმძღვანელთა მხრიდან ოდნავი ყურადღება მაინც რომ მეგრძნო. ერთი კვირაა, მათ საქმეში გარკვევას ვთხოვ, ვურეკავ, მაგრამ უშედეგეოდ, ჩემს ზარებს არ პასუხობენ _ გვითხრა გიორგი მერებაშვილმა, რომელსაც გუშინ საბერძნეთში დავუკავშირდით და მისი პროტესტის ამბები გამოვკითხეთ, _ ყველაზე საწყენი სწორედ ამგვარი უგულებელყოფა და უპატივცემულობაა, პასუხის ღირსადაც არ გვთლიან. 

კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოს მახლასზე ამბობ?

დიახ, სწორედ მასთან ვცდილობ დაკავშირებას, მაგრამ ზარს არ პასუხობს. არადა, მას თვენახევრის წინ შევხვდი და კმაყოფილი დავრჩი. მეგობრულად ვისაუბრეთ და პირობა მომცა, რომ უახლოეს დღეებში დავალიანების ნაწილს გამისტუმრებდა, დარჩენილს კი სეზონის ბოლომდე პერიოდულად გადაიხდიდა. ის დაპირება ხომ დაპირებად დარჩა და აგერ, ახლა სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობს. 

რამდენადაც ვიცი, ოფის შენი ექვსი თვის ხელფასი მართებს...

დიახ, დაახლოებით ექვსი თვის ხელფასი აქვთ გადასახდელი თავისი პრემიებით. 

თასის მატჩის ბოიკოტის შესახებ კლუბს უკვე აცნობე?

ცხადია, გადაწყვეტილების შესახებ მწვრთნელს სამშაბათს ვუთხარი. არაფერი განსაკუთრებული, ჩემს სიტყვებს მშვიდად შეხვდა, ან კი რა უნდა ეთქვა, როცა ჩემზე უკეთ იცის საქმის ვითარება. 

შკოდასთან მატჩის ბოიკოტის შემდეგ რას ელი?

ულტიმატუმის შინაარსის წერილი უკვე გამზადებული მაქვს, რომელსაც კლუბს დღეს ჩავაბარებ. ვითხოვ, რომ დავალიანება ერთი კვირის ვადაში გამისტუმრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქმე ფიფაში გაგრძელდება.

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის არ გიცნობებია დავალიანების შესახებ?

კლუბის პარალელურად, წერილი ფედერაციაშიც უნდა მივიტანო. კლუბს მათ უნდა დაავალდებულონ დავალიანების გადახდა, თუ ასე არ მოხდა, ლიცენზია უნდა ჩამოართვან და ჩემპიონატში თამაში აუკრძალონ. 

ვარჯიშით მაინც ვარჯიშობ? 

დიახ, ვარჯიშით ჩვეულებრივ ვვარჯიშობ, სპორტული ფორმა ხომ უნდა შევინარჩუნო. ჩემპიონატის მატჩებში კი მხოლოდ ერთი მიზნით ვითამაშებ, მსურს, ჩემი კარგი თამაშით საქართველოს ნაკრების მწვრთნელების ყურადღება დავიმსახურო და თუ ეროვნულ გუნდში გამომიძახებენ, ახალ ხელმძღვანელებს თავი კიდევ უფრო მოვაწონო. სიმართლე გითხრათ, დღესდღეობით ოფიში მხოლოდ ამ მიზნით თუ ვითამაშებ.

კი მაგრამ, საბერძნეთში ჩემპიონატი შეწყვეტილია და სად ითამაშებ?

ითქვა, რომ ჩემპიონატი მომავალ უქმეებზე განახლდება. რამდენადაც ვიცი, კლუბებმა უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრეს და ისეთი ექსცესების განმეორება, რაც პანათინაიკოს-ოლიმპიაკოსის მატჩისას მოხდა, მოსალოდნელი აღარ არის. 

სხვა გუნდებიდან შენს მიმართ ინტერესზე რას იტყვი?

როგორც ვიცი, რამდენიმე გუნდია ჩემი ტრანსფერით დაინტერესებული. რადგანაც თავისუფალი აგენტის სტატუსი მაქვს, შესაძლოა, ახალ კლუბთან კონტრაქტი ახლავე გავაფორმო, მაგრამ თამაშით ახალ სეზონამდე ვერ ვითამაშებ. ახალი კლუბი ჩემთვის სეზონში მესამე იქნება და პრობლემა ეს არის. ვნახოთ, რა იქნება, შემოთავაზებებს სიამოვნებით განვიხილავ და თუ კონკრეტული და მისაღები წინადადება იქნება, არ გამოვრიცხავ, ახალ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი ახლავე გავაფორმო. 

ოფიში ლეგიონერები კიდევ დარჩნენ?

ჩემსა და გიორგი ლორიას გარდა, კლუბში ერთი 20 წლის უცხოელი ბიჭი დარჩა, სხვები ყველანი წავიდნენ. ეს ფაქტი ნათელს ხდის საერთო სურათს. ამიტომ, ვფიქრობ, სამივე დარჩენილი დასაფასებლები ვართ. ყველა წავიდა, გუნდს გაჭირვებაში გვერდში დავუდექით და საპასუხოდ მხოლოდ უპატივცემულობა მივიღეთ. პირველი წრის გუნდიდან ახლა ოფიში მხოლოდ ჩვენ სამნი და კაპიტანი ვართ დარჩენილი, ის  ადგილობრივი ფეხბურთელია და ასეთი საქციელი მისგან გასაკვირი არ არის. 

ლუკა თალაკვაძე