სიახლეები

კახა ცხადაძის 22-ე წაუგებელი

გაუზიარე

კახა ცხადაძის გაწვრთნილ ბაქოს ინტერს 29 აგვისტოს შემდეგ ერთხელაც არ წაუგია. გუშინ ინტერმა აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩი მოიგო, კერძოდ, 2:0 სძლია ლენქორანის ხაზარს. შეუცვლელად ითამაშეს ბაჩანა ცხადაძემ და ლაშა სალუქვაძემ, გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ხოლო  ალეკო ამისულაშვილს ტრავმა აქვს. ინტერის ორი გოლიდან ერთი მიკელ ალვაროს ანგარიშზეა. გეხსომებათ, ალვარო ორი წლის განმავლობაში თბილისის დინამოში თამაშობდა.   

ასეა თუ ისე, ინტერმა დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ და დავუბრუნდეთ სტატისტიკას. ცხადაძის გუნდმა ბოლოს სწორედ ხაზართან წააგო (0:1), მას შემდეგ კი არც აზერბაიჯანში წაუგია და არც ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე დამარცხებულა... 22 მატჩი წაუგებლად: მერე რა, რომ აზერბაიჯანია, ურიგო სტატისტიკა ნამდვილად არაა. 

აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალის საგზური თითქმის გაინაღდა გიორგი ჩიხრაძის სიმურგმა, რომელმაც გასვლაზე 3:0 სძლია გაბალას. ყოჩაღ, ჩიხრაძის გუნდს! რაც უნდა იყოს, გაბალა სიმურგზე მდიდარი კლუბია და თანაც, ეს ის გაბალაა, ჩემპიონატის გასულ ტურში ლიდერ ყარაბაღს რომ სძლია. 

თასის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა კარგად ჩაატარა ლაშა კასრაძის აზალმაც, რომელმაც ბაქოს ნეფთჩის გასვლაზე 0:0-ზე გაეყარა. კასრაძემ შეუცვლელად ითამაშა. 

კვიპროსის თასზე ერთი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა. რაუნდის პირველ შეხვედრაში ანორთოსისმა შინ 0:0 ითამაშა აპოელთან. ანორთოსისში ირაკლი მაისურაძე შეუცვლელად გაისარჯა, გიორგი აბურჯანიაც მსაჯის დამატებულ წუთებზე შეცვალეს. მომენტების მიხედვით, აბურჯანია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო მინდორზე და პირველ ტაიმში თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. 

კვიპროსის თასის სამი ნახევარფინალისტი ცნობილია: აელი, აეკ ლარნაკა და უჩა ლობჟანიძის ომონია. მეოთხე კი 11 მარტს გაირკვევა, როცა აპოელ-ანორთოსისის საპასუხო შეხვედრა გაიმართება ნიქოზიაში.

ილია ნანობაშვილი